Accessibility links

logo-print

გაზეთი „ვედომოსტი“ აქვეყნებს სტატიას უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ასამართლებს კრასნოდარის მხარის დონეცკის საქალაქო სასამართლოში.

9 მარტს განსასჯელი, რომელსაც მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული, სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს ბოლო სიტყვით. „ვედომოსტის“ ცნობით, დასავლეთმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს გაათავისუფლოს უკრაინელი მფრინავი, რაც იურიდიულად შესაძლებელია, თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა. „ვედომოსტი“ ციტირებს სავჩენკოს ადვოკატის, მარკ ფეიგინის, განცხადებას:

„განაჩენის გამოტანის შემდეგ, საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, შესაძლებელი გახდება მისი გადაყვანა უკრაინაში, რათა იქ მოიხადოს სასჯელი. ეს შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალია, რადგანაც გამამართლებელი განაჩენის გამოტანის იმედი არა გვაქვს“.

რუსული გამოცემა აქვე აქვეყნებს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პროფესორის ალექსანდრ ვოლევოდზის კომენტარს: „გადაცემის შემდეგ მოხდება სასჯელის კონვერტაცია. პატიმარი უნდა ჩაჯდეს ციხეში, თუმცა შემდეგ შესაძლებელია ამნისტიის აქტის გამოცემა და მისი გათავისუფლება“.

„ევროკავშირი განხილვის გარეშე გაუგრძელებს სანქციებს რუსეთის მოქალაქეებს“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც ლაპარაკია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისათვის დაწესებული სანქციების მორიგ გაგრძელებაზე. ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებს შეზღუდვების მოქმედების ვადა ავტომატურ რეჟიმში გაუგრძელდებათ მიმდინარე წლის 10 მარტიდან 15 სექტემბრამდე. როგორც სტატიიდან ირკვევა, ე.წ. „სანქცირებულთა სიაში“ დარჩება 146 პირი და 37 იურიდიული ორგანიზაცია. გარდაცვალების გამო სიიდან ამოიღეს სამი პირის მონაცემები.

„კომერსანტი“ ასევე წერს დოპინგ-სკანდალის შესახებ, რომელშიც გაეხვა ცნობილი რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა. 7 მარტს სპორტსმენმა განაცხადა, რომ მის დოპინგ-სინჯში აღმოჩენილი იქნა მელდონიუმი, რომელსაც, მკურნალი ექიმის მითითებით, 10 წლის განმავლობაში იღებდა. „კომერსანტის“ სტატიაში რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო გამოთქვამს მოსაზრებას, რომ რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციის შემთხვევები, სავარაუდოდ, სამომავლოდ გაგრძელდება, რადგანაც პრეპარატ მელდონიუმს ბევრი სპორტსმენი იღებდა. მინისტრის თქმით, რუსეთში დოპინგის პრობლემის სრული აღმოფხვრისათვის საჭირო იქნება სამი-ოთხი წელი. საქმე ისაა, რომ შარაპოვას შემდეგ დისკვალიფიცირებული იქნენ ოლიმპიური ჩემპიონი ციგურაობაში სემიონ ელისტრატოვი და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი პაველ კულიჟნიკოვი.

ვიტალი მუტკოს თქმით, პრეპარატი მელდონიუმი 2016 წლის 1 იანვრიდან აიკრძალა, რის შესახებაც სათანადო ინფორმაცია მიეწოდათ ფედერაციებსა და სპორტსმენებს. შესაბამისად, ფედერაციები, მწვრთნელები და სპორტსმენები სიახლეს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოჰკიდებოდნენ.

„რუსეთმა დაიკავა პირველი ადგილი ევროპაში პატიმრების რაოდენობით“ - ამის შესახებ წერს „ნოვაია გაზეტა“, რომელიც ეყრდნობა ევროპის საბჭოს 2014 წლის ანგარიშს. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 671 ათასი პატიმარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ათას მცხოვრებზე 467 პატიმარი მოდის. ანგარიშში ისიცაა აღნიშნული, რომ, 2006 წლიდან მოყოლებული, რუსეთში პატიმრების რაოდენობა 20 პროცენტით შემცირდა, მაგრამ რუსეთის მაჩვენებელი მაინც მაღალია საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე. ამასთან, პატიმართა დიდი ნაწილი - 27 პროცენტი -გასამართლებულია მკვლელობის მუხლით, 22 პროცენტი კი სასჯელს იხდის ნარკოდანაშაულისთვის. პატიმართა საშუალო ასაკი 34 წელია. რუსეთი ლიდერთა შორისაა პატიმარი ქალების რაოდენობის მიხედვითაც: 8,2 პროცენტია ქალი პატიმრების წილი, მაშინ როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 5 პროცენტია. რუსეთი ასევე პირველ ადგილზეა პატიმრების სიკვდილიანობის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში ყოველი 10 ათასი პატიმრიდან 61 იღუპება.

ევროსაბჭოში შემავალი ქვეყნებიდან, პატიმრების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზეა ლიტვა - 100 ათას მოსახლეზე 305 პატიმარი, მესამეზე ლატვია - 240 პატიმარი. შემდეგ აზერბაიჯანი - 238, საქართველო - 228, ესტონეთი - 225, უკრაინა და პოლონეთი - 204 პატიმარი ყოველ 100 ათას მოსახლეზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG