Accessibility links

„რა დაჯდა სირია“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „როსბიზნესკონსალტინგმა“ სტატია, რომელშიც შეჯამებულია რუსეთის მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ სირიაში სამხედრო კონტინგენტის შეყვანისა და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამო გაწეული ხარჯები. საქმე ისაა, რომ 14 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დაიწყონ გასვლა სირიიდან, რადგანაც, პუტინის თქმით, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალებისათვის დასახული ამოცანა, მთლიანობაში, შესრულებულია.

„როსბიზნესკონსალტინგის“ გათვლებით, სამხედრო კამპანია, რომელიც, ჯამში, 167 დღე გაგრძელდა, რუსეთის ხაზინას 38 მილიარდი რუსული რუბლი, ანუ, დაახლოებით, 550 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა. 2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ერთი დღის საშუალო ხარჯმა 2,5 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მკვეთრად გაზარდა სირიაში მყოფი კონტინგენტის შეიარაღება, ეს ხარჯი 3,3 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. გამოცემის მიხედვით, სირიაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის განკარგულებაში იყო 70 თვითმფრინავი, მათ შორის, უახლესი СУ-35-ისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების - C-400-ის - ჩათვლით.

სტატიიდან ასევე ირკვევა, რომ ხარჯის ძირითადი ნაწილი მოდის საბრძოლო ფრენებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში რუსულმა მრავალფუნქციურმა ბომბდამშენებმა და მოიერიშეებმა, ჯამში, განახორციელეს, დაახლოებით, 8 ათას 600 საბრძოლო გაფრენა.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი იმის გარკვევას ცდილობს, თუ რატომ გადაწყვიტა ვლადიმირ პუტინმა სირიიდან ჯარების გაყვანა მაინცდამაინც ახლა. სტატიაში, რომლის სათაურია „იზოლაციიდან შეზღუდული გამოსვლა“, გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯარების მოულოდნელი შეყვანითა და ასევე მოულოდნელი გაყვანით სცადა მთავარი მიზნის მიღწევა, რომელიც ქვეყნის იზოლაციიდან გამოყვანაა და არა ომის მოგება. თუმცა სტატიის ავტორი ფიქრობს, რომ იზოლაციიდან გამოსვლის ამგვარი მცდელობა ვერ იქნება მასშტაბური, რადგანაც რუსეთს დაწესებული აქვს სანქციები ყირიმის ანექსიისათვის.

რუსული გამოცემა მიიჩნევს, რომ სირიაში სამხედრო ავიაციის გაგზავნით რუსეთი დაბრუნდა საერთაშორისო პოლიტიკის ასპარეზზე: დასავლეთს რუსეთის ამგვარი აქტიურობა არ მოეწონა, თუმცა მალე დათანხმდა მოლაპარაკებებს ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. სტატიის ფინალში გამოთქმულია მოსაზრება, რომ რუსეთის მთავრობამ ჯარების გაყვანით მიიღო სწორი გადაწყვეტილება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა, როგორც ჩანს, ვლადიმირ პუტინს არ გამოუვიდა მთავარი - სირიის გაცვლა დონბასში.

გაზეთი „იზვესტია“ რუსეთში საგამომცემლო საქმისა და წიგნის ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ წერს. აღნიშნულ საკითხზე რედაქცია ესაუბრა გამომცემლობა „ეკსმოს“ ხელმძღვანელს სერგეი რუბისს, რომლის თქმითაც, ეკონომიკურმა კრიზისმა ღრმა კვალი დაამჩნია დარგის განვითარებას. ნეგატიური გავლენა, პირველ რიგში, აისახა წიგნის თვითღირებულებაზე: ქაღალდი გაძვირდა 30 პროცენტით, ტიპოგრაფიის მომსახურება კი - 25 პროცენტით, თუმცა გამომცემლობამ შეძლო ის, რომ წიგნის ფასი 17 პროცენტზე მეტად არ გაზრდილიყო. გარდა ამისა, როგორც რუსი გამომცემელი შენიშნავს, გაყიდვების შემცირებაზე გავლენა იქონია იმან, რომ შემცირდა წიგნის კითხვის სიხშირე: თუ ადრე საშუალო სტატისტიკური მკითხველი ექვს თვეში 4-6 წიგნს კითხულობდა, დღეს ეს მაჩვენებელი თითქმის განახევრდა, თუმცა, როგორც „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატიიდან ირკვევა, კრიზისმა გარდა იმისა, რომ ვერაფერი დააკლო საბავშვო ლიტერატურის გაყიდვის მაღალ მაჩვენებელს, პოზიტიური კვალი დაამჩნია ე. წ. სასულიერო ლიტერატურაზე მოთხოვნის ზრდას. როგორც ჩანს, კრიზისის პირობებში ადამიანები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან წიგნებით სულიერი, ფიზიკური და ზნეობრივი განვითარების შესახებ. ამასთან, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რელიგიური ხასიათის ლიტერატურა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG