Accessibility links

რუსეთის პრესა აქტიურად გამოეხმაურა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროპოლიტენში მომხდარ ტერაქტებს. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა ბელგიის მეფესა და ბელგიელ ხალხს. გამოცემა ციტირებს ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის შემდეგ სიტყვებს: „პრეზიდენტმა გადაჭრით დაგმო ეს ბარბაროსული დანაშაული და რუსეთის მოქალაქეების სახელით აბსოლუტური სოლიდარობა გამოუცხადა ბელგიელ ხალხს. ამ ბარბაროსულ დანაშაულს არანაირი გამართლება არ აქვს და ის კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ტერორიზმი არ ცნობს საზღვრებს და ემუქრება მსოფლიოს ყველა ქვეყანას“.

„კომერსანტი“ ასევე აცნობს მკითხველებს სხვა რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შესახებ. რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზუგანოვი მოუწოდებს ევროკავშირს აქტიურად ითანამშრომლოს რუსეთის ფედერაციასთან. მისი აზრით, ტერაქტები იმის გამო მოხდა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა ყურად არ იღეს პუტინის შეთავაზება, შეიქმნას ფართო კოალიცია ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

სტატიაში ასევე მოყვანილია რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ალეკსეი პუშკოვის კომენტარი: „ვიდრე ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თავდავიწყებით ებრძვის რუსეთის მოჩვენებით საფრთხეს და ჯარებს განათავსებს ლატვიაში, მის ცხვირწინ, ბრიუსელში, ხალხს აფეთქებენ“.

ყოველკვირეულმა „ვლასტმა“ კი გამოაქვეყნა ვრცელი ინტერვიუ სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ლეონიდ თიბილოვთან, რომელსაც ეკუთვნის სათაურად გამოტანილი ფრაზა: „პატარა ქვეყანა გადარჩება მხოლოდ ძლევამოსილ მოკავშირესთან ერთად“.

ინტერვიუში თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი, რუსეთთან ინტეგრაციის აუცილებლობის გარდა, ლაპარაკობს ასევე ეკონომიკის, ჯანდაცვის, დემოგრაფიისა და სოციალური საკითხების შესახებ. ლეონიდ თიბილოვი იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა უყურადღებოდ არ დატოვებს თვითაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობის თხოვნას ინტეგრაციის შესახებ. ლეონიდ თიბილოვი ასევე იმედოვნებს, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას თავისი ომოფორის ქვეშ მოაქცევს რუსეთის საპატრიარქო, რომელიც უახლოეს მომავალში ცხინვალის ცენტრში აპირებს ეკლესიის აშენებას.

„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მხარს გვიჭერდა მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელი იყო ურთიერთობა გაფუჭებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, ამბობს ინტერვიუში ლეონიდ თიბილოვი, რომლის თქმითაც, მშენებლობას სრულად დააფინანსებს რუსეთის მხარე, ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლობის აღორძინების ფონდის სახით.

თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ჟურნალ „ვლასტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში წუხს იმის გამო, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მძიმე ავადმყოფები საერთაშორისო წითელი ჯვრის დახმარებით თბილისის საავადმყოფოებში გადაჰყავთ. თიბილოვი იმედოვნებს, რომ რუსეთის დახმარებით ცხინვალში აშენდება და სათანადო ტექნიკითა და პერსონალით აღიჭურვება ახალი საავადმყოფო, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თვითაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობის საჭიროებას.

ინტერვიუდან ასევე ირკვევა, რომ სამხრეთ ოსეთში ჩაუტარებიათ საყოველთაო აღწერა, რომლის მიხედვითაც თვითაღიარებულ რესპუბლიკაში თურმე 54 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ლეონიდ თიბილოვის თქმით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში რესპუბლიკის მოსახლეობა 2,5 პროცენტით გაიზარდა.

გაზეთი „იზვესტია“ კი მკითხველს აუწყებს, რომ უკრაინელ მფრინავ ქალს ნადეჟდა სავჩენკოს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა როსტოვის ოლქის დონეცკის საქალაქო სასამართლომ, რომელმაც განსასჯელი დამნაშავედ ცნო რუსი ჟურნალისტების მკვლელობასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით, სავჩენკოს მხოლოდ თორმეტი წლის შემდეგ შეუძლია მოითხოვოს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება, თუმცა, როგორც მსჯავრდებულის ადვოკატმა მარკ ფეიგინმა განუცხადა რუსულ გამოცემას, უკრაინელი მფრინავი განაჩენის გასაჩივრებასაც კი არ აპირებს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიიჩნევს, რომ გასაჩივრება ხელს შეუშლის მოლაპარაკების პროცესს რუსეთსა და უკრაინას შორის და, შესაბამისად, შეაფერხებს უკრაინაში მის ექსტრადიციას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG