Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 13 აპრილი


„პატრიოტიზმის ექვსი პუნქტი“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „როსბიზნესკონსალტინგმა“ სტატია, რომელშიც საუბარია რუსი ჩინოვნიკებისათვის დაწესებული ქონებრივი შეზღუდვების შესახებ.

სტატიიდან ირკვევა, რომ სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონი სახელმწიფო მოხელეებისათვის უცხოური აქტივების ფლობის აკრძალვის შესახებ, თუმცა რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ აქტივების ჩამონათვალი მხოლოდ ახლა დააზუსტა. კანონპროექტის მიხედვით, შეზღუდვა გავრცელდება მოხელეთა ფართო წრეზე: პრეზიდენტიდან, პრემიერ-მინისტრიდან, მინისტრებიდან და მათი მოადგილეებიდან დაწყებული, დამთავრებული საქალაქო ოლქების ხელმძღვანელებითა და სახელმწიფო კომპანიების მენეჯერებით. კანონი გავრცელდება ასევე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებზე, ფედერაციის საბჭოს წევრებსა და მუნიციპალურ დეპუტატებზე. რაც შეეხება საკუთრივ აკრძალურ „უცხოურ ფინანსურ ინსტრუმენტებს“, ესენია: ნებისმიერი ფასიანი ქაღალდები, წილები უცხოურ კომპანიებში, სასესხო და საკრედიტო კონტრაქტები უცხოურ კომპანიებთან. კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო მოხელე დაკარგავს თანამდებობას, ხოლო დეპუტატი - მანდატს.

გაზეთი „ვესტი“ კი Brent-ის მარკის ნავთობის გაძვირების შესახებ წერს. სტატიის მიხედვით, ერთი ბარელის ფასმა 44 ამერიკულ დოლარს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც რუსეთმა და საუდის არაბეთმა ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ნავთობის მოპოვების გაყინვაზე მოილაპარაკეს. ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ინტერ-ფაქსს“ შეატყობინა ინკოგნიტო არაბმა დიპლომატმა, რომლის თქმით, ერ-რიადი საბოლოო გადაწვეტილებას თეირანის პოზიციისგან დამოუკიდებლად მიიღებს. სტატიის ავტორი სწორედ ამ ცნობის გავრცელებას უკავშირებს ნავთობის ფასის გაზრდას, რომლის მსგავსი არ ყოფილა 2015 წლის ნოემბრის შემდეგ. საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 17 აპრილისათვის დანიშნული მინისტრების შეხვედრა დასრულდება შეთანხმებით, თუმცა ჯერჯერობით ცნობა რუსეთისა და საუდის არაბეთის შეთანხმების შესახებ გავლენას ახდენს მხოლოდ ტრეიდერთა ფსიქოლოგიაზე და ვერ ცვლის ფუნდამენტურ მაჩვენებლებს.

ამასთან, როგორც „როსბიზნესკონსალტინგი“ წერს, ნავთობის ფასის გაზრდამ მოახდინა რუბლის გამყარების პროვოცირებაც. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნავთობის მოპოვების გაყინვას ერთ მაჩვენებელზე მხარს უჭერს ნავთობის მომპოვებელი თხუთმეტი ქვეყანა, თუმცა მათ შორის არაა ირანი და ლიბია.

„წერეთელმა მოსკოვში ბრინჯაოს ჟირინოვსკი დადგა“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“, რომლის მიხედვითაც, მოსკოვში, ბასმანის პირველ შესახვევში, სადაც მდებარეობს რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური აპარატი და მსოფლიო ცივილიზაციის ინსტიტუტი, რომლის რექტორი ვლადიმირ ჟირინოვსკია, ბევრი თანაპარტიელისა და სეირის მაყურებლის თანდასწრებით გაიხსნა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ბელადის ბრინჯაოს სამმეტრიანი სკულპტურა, თუმცა სტატიის ავტორი იქვე შენიშნავს, რომ სკულპტურის ავტორის, ზურაბ წერეთლის, მასშტაბების გათვალისწინებით, ეს მინიატურაა.

სტატიიდან მკითხველი ასევე შეიტყობს, რომ ვლადიმირ ჟირინოვსკის 25 აპრილს 70 წელი უსრულდება და რომ ძეგლი დაიდგა კერძო საკუთრების ტერიტორიაზე და მოსკოვის მერიის ნებართვა საჭირო არ ყოფილა.

სტატია მთავრდება სკულპტურის ავტორის, ზურაბ წერეთლის, კომენტარით: „ყველა მხატვარი თავისებურად ხედავს, თუმცა ხასიათის დაჭერა ნამდვილად შევძელი. ეს სკულპტურა, ჟირინოვსკის თხოვნით, ჩემი გალერეიდან გადმოვიტანე აქ, ახლა კი დამთვალიერებლები მოდიან და მეკითხებიან, კი მაგრამ სად არის ჟირინოვსკი? ასე რომ, ალბათ, მომიწევს მეორე, მაგრამ განსხვავებული, სკულპტურის გაკეთება“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG