Accessibility links

logo-print

გაზეთი „კომერსანტი“ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების გეგმებზე წერს. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ინიციატივით, 2016 წლის ივლისში უნდა გაიმართოს რეფერენდუმი, რომელიც, ლეონიდ თიბილოვის აზრით, გამოასწორებს იურიდიულ ხარვეზებს და მოახლოებული არჩევნების წინ საფუძველს გამოაცლის ოპოზიციის ბრალდებებს.

„კომერსანტი“ ციტირებს თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სიტყვებს: „მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის რეფერენდუმის აზრი და მიზანი იყო დაგვედასტურებინა არჩეული კურსის უცვლელობა საქართველოსგან დამოუკიდებლობის მიმართულებით, იურიდიული თვალსაზრისით, 2006 წლის რეფერენდუმის შედეგები, ფაქტობრივად, უარყოფს და ეჭვის ქვეშ აყენებს 1992 წელს გამართული რეფერენდუმის შედეგებს რუსეთთან შეერთების საკითხზე. აღნიშნული გარემოებების გამო, გამართვა ახალი რეფერენდუმისა, რომელიც დაადასტურებდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სურვილს შეუერთდეს რუსეთს, გარდაუვალ აუცილებლობად მიმაჩნია“.

„კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რეფერენდუმის ჩატარებით სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მოქმედი ხელისუფლება ცდილობს გაფანტოს ოპოზიციის ეჭვები და ოპონენტებს გამოაცალოს კრიტიკის საფუძველი. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, თანამდებობის შენარჩუნების მოტივით, ფარულად ეწინააღმდეგებიან რუსეთთან შეერთებას, რასაც კატეგორიულად უარყოფს თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი.

გაზეთი „იზვესტია“ კი მკითხველს სთავაზობს ვრცელ ინტერვიუს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ სერგეი ნარიშკინთან. საქმე ისაა, რომ 27 აპრილს რუსეთის ფედერაციაში ოფიციალურად აღინიშნა პარლამენტარიზმის დღე, რომელიც უკავშირდება 110 წლის წინ, 1906 წლის 27 აპრილს, გამართულ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პირველ სხდომას. ინტერვიუში რუსეთის პარლამენტის სპიკერმა ვრცლად ილაპარაკა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, პასესთან, დაძაბული ურთიერთობის შესახებ. ცნობისთვის: რუსეთის საპარლამენტო დელეგაციას, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში, ჩამორთმეული აქვს ხმის უფლება, რაც უსამართლობად და კონტრპროდუქტიულად მიაჩნია სახელმწიფო სათათბიროს სპიკერს: „გვინდა, გონიერებამ იზეიმოს საპარლამენტო ასამბლეაში და, ახალი შეზღუდვების გამოგონების ნაცვლად, სასწრაფოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პარლამენტთაშორის დიალოგებში წინაღობების მოსახსნელად. თუ ამგვარი მიდგომა იქნება, მაშინ ჩვენ დავბრუნდებით ამ მოედანზე. იმედი მაქვს, რომ დიალოგის ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენი საერთო მონაპოვარია, გაუძლებენ გამოწვევებს და არ დაიშლებიან“.

ინტერვიუს მსვლელობის დროს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა შენიშნა, რომ მაისში აპირებს შეხვდეს პასეს თავმჯდომარე პედრო აგრამუნტს და პირადად შეატყობინოს, რომ რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის უფლებების შეზღუდვა შეუძლებელს ხდის ევროსაბჭოს მეთვალყურეთა დასწრებას რუსეთის საპარლამენტო არჩევნებზე.

„კოსმოდრომ „ვოსტოჩნიდან“ პირველი სტარტი გადაიდო“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „ვედომოსტიმ“ სტატია, რომლის მიხედვითაც, ახალი კოსმოდრომიდან კოსმოსური ხომალდის გაშვებას უნდა დასწრებოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუმცა სტარტის გადადების გადაწყვეტილება მიღებული იქნა დათქმულ დრომდე ერთ-ნახევარი წუთით ადრე. „როსკოსმოსის“ განმარტებით, ამის მიზეზი გახდა ავტომატიკაში აღმოჩენილი ხარვეზები. სტატიის მიხედვით, „როსკოსმოსი“ რამდენიმე დღის შემდეგ შეეცდება გაუშვას კოსმოსური ხომალდი „სოიუზ-2.1ა”, რომელმაც ორბიტაზე უნდა გაიტანოს აპარატები „ლომონოსოვი“, „აისტ-2დ“, და „SamStar-218“. თავდაპირველად იგეგმებოდა ხომალდის გაშვება 2015 წლის ოქტომბერში, თუმცა გადაწყვეტილება შეცვლილი იქნა ვლადიმირ პუტინის მოულოდნელად განხორციელებული ინსპექტირების შემდეგ. სტატიის ფინალში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი დარჩება კოსმოდრომზე და დაესწრება 28 აპრილისათვის გადატანილ სტარტს, დარჩენილ დროს კი მოახმარს ქალაქ ციოლკოვსკის მშენებლობისა და კოსმოდრომის განვითარების გეგმების მეორე და მესამე ეტაპების გაცნობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG