Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 4 მაისი


„ამერიკის სამხედრო ტექნიკამ მოლდავეთის საზღვარი გადაკვეთა“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „როსბიზნესკონსალტინგმა“ სტატია, რომელშიც საუბარია აშშ-მოლდავეთის ერთობლივ სამხედრო წვრთნებში (Dragon Pioneer) ამერიკელი სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის მონაწილეობის შესახებ.

სტატიის თანახმად, რუმინეთისა და მოლდავეთის სახელმწიფო საზღვარზე ამერიკელ სამხედროებს დახვდნენ როგორც მოწინააღმდეგენი, ასევე ნატოსთან თანამშრომლობის მომხრენი. ამასთან, როგორც სტატიიდანვე ირკვევა, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ჯავშანტექნიკის ასზე მეტი ერთეული, თუმცა, წვრთნების დაწყების წინ გავრცელებული განაცხადის მიხედვით, მათი რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო 58-ზე მეტი: „ამერიკული სამხედრო ტექნიკის შესვლას მოლდავეთში მეთვალყურეობას უწევდა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი. საზღვარზე ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის დეპუტატები ოპოზიციური სოციალისტური პარტიიდან, რომლებსაც გულზე ებნიათ გიორგის ლენტები და გაშლილი ჰქონდათ შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტი: „ნატო ჩვენ არ გვჭირდება!“”- თუმცა რეპორტაჟის ავტორი იქვე შენიშნავს, რომ ამერიკელ სამხედროებს დახვდნენ ასევე ნატოსთან თანამშრომლობის მომხრეები თაიგულებით, მოლდავეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს დროშებით და ტრანსპარანტებით, რომლებზეც შემდეგი შინაარსის წარწერები იყო გაკეთებული: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“, „ნატო საჭიროა!“, „მოლდავეთი ნატოში!“

გაზეთი „კომერსანტი“ კი იმაზე წერს, თუ რა გავლენა იქონია რუსეთსა და თურქეთს შორის გაუარესებულმა ურთიერთობამ ამ ორი ქვეყნის ეკონომიკებზე. სტატიიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მარტში რუსეთიდან თურქეთში მიმავალი ტურისტების ნაკადი 56 პროცენტამდე შემცირდა და რომ რუსი ტურისტები ჩაანაცვლეს ქართველმა და უკრაინელმა ტურისტებმა. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან ტურისტების ნაკადის მოცულობა გაიზარდა 28 პროცენტით, ხოლო უკრაინიდან 18 პროცენტით, თუმცა, მთლიანობაში, 2016 წლის პირველი სამი თვის მონაცემების მიხედვით, ტურისტების საერთო რაოდენობა შემცირებულია ნახევარი მილიონით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რუსეთის გარდა, თურქეთში ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა: ესპანეთიდან - 40 პროცენტით, ფინეთიდან - 38 პროცენტით და იტალიიდან - 32 პროცენტით.

ამასთან, სტატიიდან ირკვევა, რომ, 2016 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, თურქეთს საქართველოდან ეწვია 432 ათასი ადამიანი. ეს მონაცემი ჩამორჩება მხოლოდ გერმანიისას და ირანისას, რომლებიც, შესაბამისად, 483 ათასი და 467 ათასია.

„კომერსანტი“ აქვეყნებს ასევე სტატიას რუსეთში მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის დაცემის შესახებ. სტატიიდან, რომლის სათაურია „უმცირესი მოხმარების საზოგადოება“, ირკვევა, რომ რუსეთში მყიდველთა აქტიურობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება და რომ მომხმარებლის ნდობის ინდექსმა უკვე მიაღწია უკანასკნელი 11 წლის მინიმუმს. 2016 წლის პირველ კვარტალში იმ ხალხის წილმა, რომელიც ცდილობს ეკონომიის გაკეთებას, 76 პროცენტი შეადგინა. 18 პროცენტს საერთოდ არ დარჩა თავისუფალი ფული, რის გამოც ისინი თავს იკავებენ ახალი ტანისამოსისა და ელექტროტექნიკის შეძენისაგან, უარს ამბობენ შვებულებებზე.

„გამოფიტვა - ერთი სიტყვით ასე შეიძლება აღიწეროს რუსი მომხმარებლის მდგომარეობა“, ვკითხულობთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 88 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკა ღრმა კრიზისშია, თუმცა 55 პროცენტს სჯერა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი თავს დააღწევს რეცესიას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG