Accessibility links

logo-print

ნატოს ვარშავის სამიტის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის მედია სულ უფრო მეტს წერს რუსეთის ფედერაციისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაძაბული ურთიერთობის შესახებ. „რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკა განწირულია მარცხისთვის და ალიანსს ის არანაირ დივიდენდებს რ მოუტანს“, - ვკითხულობთ გაზეთ „იზვესტიაში“, რომელიც ნატოში რუსეთის ფედერაციის მუდმივ წარმომადგენელ ალექსანდრ გრუშკოზე დაყრდნობით წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ძალების გაზრდის პასუხად რუსეთი განათავსებს დამატებით სამ დივიზიას ალიანსის საზღვართან და ეს არ იქნება მოსკოვის ერთადერთი საპასუხო ნაბიჯი: „რუსეთის ეროვნული ინტერესები საიმედოდ იქნება დაცული. თავდაცვის მინისტრის განცხადება სამი დამატებითი დივიზიის ფორმირების შესახებ ამ მიმართულებით გადადგმული ერთი ნაბიჯია“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დასავლეთის მიმართულებით სამი დივიზიის შექმნის ბრძანება მიმდინარე წლის 12 იანვარს გამოსცა.

„იზვესტია“ იმასაც წერს, რომ რუსეთის ფედერაცია შეშფოთებულია საქართველოს ნატოში შესაძლო მიღების გამო, თუმცა ალიანსში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ვარშავის სამიტზე ნატო იხელმძღვანელებს საღი აზრით, რადგან, მისი სიტყვებით, საქართველო ნატოში - ესაა სერიოზული დარტყმა ევროუსაფრთხოებისათვის.

გაზეთი „კომერსანტი“ კი რუსი სამხედროების სირიაში ყოფნის შესახებ აქვეყნებს სტატიას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია მი-24 ტიპის ოთხი შვეულმფრენის განადგურების შესახებ და მას ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დეზინფორმაცია და პროპაგანდა უწოდა, თუმცა ამერიკულმა კერძო სამხედრო-ანალიტიკურმა კომპანია Stratfor-მაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ პალმირის მახლობლად, ბაზა Т4-ზე, ოთხი შვეულმფრენი მი-24 და ოცი სატვირთო ავტომობილი დაიწვა.

„კომერსანტი“ ციტირებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებას: „ყველა რუსული საბრძოლო შვეულმფრენი, რომელიც სირიაში იმყოფება, ასრულებს გეგმიურ დავალებას, გაანადგუროს ტერორისტები. არანაირ დანაკარგს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ავიაბაზის ფოტოსურათებს, ბაზაზე დამწვარი საავიაციო და საავტომობილო ტექნიკა, ისევე როგორც რაკეტების მიერ დატოვებული მრავალრიცხოვანი ორმოები, ჯერ კიდევ იმდროინდელია, როცა სირიის სამთავრობო არმიამ გააფთრებული ბრძოლების შედეგად გამოსტაცა ტერორისტებს აეროპორტი“.

თუმცა, სტატიის მიხედვით, შვეულმფრენების დაზიანების ფაქტი დაადასტურა ადგილობრივმა წყარომ, რომლის თქმითაც, ვერტმფრენები არ აუფეთქებიათ. ისინი ხანძარმა გაანადგურა: „ხანძრის მიზეზი უცნობია. ის გაჩნდა შვეულმფრენების მახლობლად მდებარე მოედანზე, რომელსაც ვერ მიუახლოვდნენ მეხანძრეები იმის გამო, რომ დაიწყო მასირებული დაბომბვა ნაღმმტყორცნებიდან“.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი მკითხველს შეახსენებს, რომ 1,5 წელი გავიდა რუსეთის მიერ სასურსათო ემბარგოს შემოღებიდან. სტატიაში, რომლის სათაურია „ცხოვრება უთევზობაში“, საუბარია იმაზე, რომ ემბარგოს პირობებში სასურსათო ბაზარი გადაეწყო სანქციების რეჟიმზე, თუმცა მყიდველს ყოველივე ეს სასურსათო ინფლაციისა და მოხმარების ხარისხის გაუარესების ფასად დაუჯდა. ამ დასკვნამდე მისულან რუსეთის მთავრობის ანალიტიკური ცენტრის ექსპერტები. მათი მონაცემებით, 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 66 პროცენტით შემცირდა თევზის იმპორტი, 44 პროცენტით -ფრინველის ხორცისა, 44 პროცენტით - ზეთისა და 37 პროცენტით - ყველის. ამასთან, შეიცვალა იმპორტის გეოგრაფიაც. მაგალითად, ახალი ნორვეგიული თევზი ნაწილობრივ ჩაანაცვლა ფარერის კუნძულების ნაწარმმა, პოლონური ვაშლი კი -მოლდავეთისა და ბელორუსიისამ. მინსკმა ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა ხორცის, ფრინველისა და რძის ნაწარმის ექსპორტი.

წაადგა თუ არა სანქციების დაწესება ადგილობრივ წარმოებას? - ამ კითხვის პასუხად „ვედომოსტი“ წერს, რომ იმპორტის სრული ჩანაცვლება რუსული სასურსათო ნაწარმით ვერ მოხერხდა, თუმცა ვითარება შედარებით შეარბილა იმან, რომ კრიზისის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის მსყიდველობითუანარიანობა. ნიშანდობლივია, რომ თევზის ბაზარი დააბალანსა იმ გარემოებამ, რომ მომხმარებელმა უარი თქვა თევზზე და ის შედარებით იაფმა ხორცმა ჩაანაცვლა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG