Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 1 ივნისი


„სანქციების გაგრძელება გარდაუვალია?“ - კითხულობს გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, რომლის ინფორმაციითაც, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი მონაწილეობას მიიღებს 16 ივნისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, თუმცა საეჭვოა, რომ ამ ვიზიტმა, მისი მნიშვნელობის მიუხედავად, გარღვევა მოახდინოს მოსკოვისა და ბრიუსელის დაძაბულ ურთიერთობაში და ეს მაშინ, როცა ივნისის ბოლოს ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაგრძელების თაობაზე.

„კომერსანტი“ იმის შესახებაც წერს, რომ ევროკომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებამ ჩავიდეს პეტერბურგში და შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. რუსეთში მოქმედი ორგანიზაციის, ევროატლანტიკური თანამშრომლობის ასოციაციის, წარმომადგენელმა ტატიანა პარხალინამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სანქციების გაუქმება მოსალოდნელი არაა, თუმცა, მისივე თქმით, ევროკავშირის პოლიტიკა რუსეთის მიმართ თანდათანობით აუცილებლად შერბილდება:

„ამჟამად გარკვეული წრეები გერმანიაში გამოდიან სანქციების რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნით, - ასევე იტალიაში, საბერძნეთში და სხვა ისეთ ნეოფიტ ქვეყნებში, როგორებიც არიან უნგრეთი და სლოვაკეთი, ნაწილობრივ - ჩეხეთიც, - ანუ ვითარება აშკარად იხრება სანქციების შემსუბუქებისკენ. თუ იუნკერისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართება, ეს იქნება აშკარა სიგნალი იმისა, რომ ევროკავშირი მზადაა, ახლა თუ არა, ნახევარი წლის შემდეგ მაინც გადახედოს თავის პოლიტიკას რუსეთისადმი დამოკიდებულებაში“.

თუმცა „კომერსანტის“ ავტორი სტატიის დასკვნით ნაწილში შენიშნავს, რომ ევროკომისიის თავმჯდომარის სანკტ-პეტერბურგში ჩასვლის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. იუნკერის სახელი ჯერ არც ფორუმის მონაწილეთა სიაში ირიცხება.

რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნის პერსპექტივის შესახებ წერს გაზეთი „ვედომოსტიც“, რომლის ანალიტიკურ სტატიაში, სათაურით „შეკავების ინერცია დაპირისპირების ინერციის წინააღმდეგ“, ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთი კვლავინდებურად კრიტიკულად უყურებს ყველა სამშვიდობო შეთავაზებას და მზად არის ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც მტრულად მიიჩნევს, ასიმეტრიული პასუხი გასცეს. სტატიის ავტორი ფიქრობს, რომ ამგვარი საბრძოლო რიტორიკა მნიშვნელოვანია შიდა მოხმარებისთვის, დასავლეთი კი ჯიუტად განაგრძობს ლოდინს.

„რუსეთს პირველს არ დაუწყია“ – „ვედომოსტის“ წყაროს ინფორმაციით, ასე უპასუხა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელის ალეკსანდრ კუდრინის წინადადებას, შეამციროს გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რათა შესაძლებელი გახდეს რუსეთის ინტეგრაცია მსოფლიოს ტექნოლოგიურ ჯაჭვში.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმაც განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ისედაც საკმაოდ თანმიმდევრულად ატარებს პოლიტიკას, რომლის მიზანია კონფლიქტების მოგვარება, თანამშრომლობის განვითარება და ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების განმტკიცება.

„ვედომოსტი“ აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას იმის გამო, რომ ათი წლის მოჩხუბარი ბიჭივით იქცევა. „პირველს ჩვენ არ დაგვიწყია“ - გამოცემა დარწმუნებულია, რომ რუსეთის საგარეო უწყების ასეთი პოზიცია სანქციების გაგრძელების საკითხის განხილვის წინ მოსკოვს კარგს არაფერს მოუტანს. არადა, მთავრობის ასეთი პოზიცია რუსეთის მოქალაქეებს მიეწოდება, როგორც ძლიერის პოზიცია.

„რუსეთში მიიჩნევა, რომ მხოლოდ ძლიერს შეუძლია მისცეს თავს უფლება, მოითხოვოს ბოდიშის მოხდა, მაგრამ ეს არაა არსებული ვითარების ერთადერთი შესაძლო შეფასება: მხოლოდ სუსტმა შეიძლება წარმოაჩინოს თავი მუდმივად დაჩაგრულის როლში“, - წერს „ვედომოსტი“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG