Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 20 ივლისი


„ყველა, ვისაც შეუძლია, ისედაც მიდის“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა „კომერსანტმა“ სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ყოველ მეხუთე მოქალაქეს სურს დატოვოს სამშობლო და იცხოვროს ემიგრაციაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებს მიღმა - ასეთი აღმოჩნდა „ლევადას ცენტრის“ გამოკითხვის შედეგები, რაც, კვლევის ავტორთა ვარაუდით, გამოწვეულია რუსეთის ეკონომიკის არასტაბილურობითა და საზღვარგარეთ ცხოვრების მაღალი დონით. ამასთან, იმ მოქალაქეების წილი, რომლებიც კატეგორიულად არ აპირებენ ემიგრაციაში წასვლას, 47 პროცენტია.

კომპლექსური და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტის, ელენე კისილიოვას, თქმით, ერთია ემიგრაციაში წასვლის სურვილი და სულ სხვაა წასულთა რეალური რაოდენობა. ოფიციალური მონაცემებით, 2014-2015 წლებში ყოველწლიურად რუსეთს ტოვებდა 50-55 ათასი მოქალაქე, რაც 146- მილიონიანი რუსეთის მოსახლეობის 0,03-0,04 პროცენტია. ამასთან, რაც უფრო უარესდება რუსეთის მდგომარეობა, მით უფრო ძნელი ხდება ქვეყნის დატოვება, რადგანაც რუბლის მასშტაბური დევალვაციის გამო, რთულია წასვლისთვის აუცილებელი სავალუტო მარაგის შექმნა. მძიმე მდგომარეობაშია უძრავი ქონების ბაზარიც, რაც ასევე ცუდია იმათთვის, ვინც აპირებს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლას. ელენე კისილიოვა გამოთქვამს ვარაუდს, რომ რეალურად ემიგრირებული მოსახლეობის წილი დიდად არ შეიცვლება, რადგანაც საზღვარგარეთ საცხოვრებლად წამსვლელი მოსახლეობის რაოდენობა შეზღუდულია: „ ეს ის ხალხია, ვისაც მიღებული აქვს მაღალი ხარისხის განათლება და უნიკალურები არიან თავიანთი პროფესიული უნარების თვალსაზრისით. ისინი ასევე არიან მატერიალურად კარგად უზრუნველყოფილნი და ბუნებრივია, რომ მათ სურთ იცხოვრონ უკეთეს გარემოში, რაც ამ შემთხვევაში შესაძლებელია საზღვარგარეთ. მიუხედავად ტერაქტებისა და მიგრანტების კრიზისისა ევროკავშირში, ყველას, ვისაც შეუძლია წასვლა, მაინც მიდის, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ეს არის რუსეთის მოსახლეობის მცირე ნაწილი“.

რუსული გამოცემა ასევე პირველ გვერდზე აქვეყნებს სტატიას რუსი სპორტსმენების დოპინგის სკანდალში გახვევის შესახებ. „ოლიმპიადის გახსნამდე სამი კვირით ადრე რუსეთი მოკვეთის ზღვარზეა“, წერს „კომერსანტი“ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) დასკვნის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი დადანაშაულებულია აკრძალული პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებული მასშტაბური დარღვევების დამალვასა და მფარველობაში. WADA-ს გარდა, რუსეთის მკაცრად დასჯას მოითხოვენ მსოფლიო სპორტის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი მოუწოდებს მათ, უარი თქვან სპორტის გეოპოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენებაზე.

„კომერსანტი“ მკითხველს სთავაზობს საერთაშორისო ოლიმპიური „კომიტეტის“ პრეზიდენტის, ტომას ბახის, კომენტარს, რომლის მიხედვითაც, „ვადას“ ანგარიშმა აჩვენა შოკისმომგვრელი და უპრეცედენტო შეტევა სპორტსა და ოლიმპიური თამაშების ერთიანობაზე. ბახისვე სიტყვებით, „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უყოყმანოდ მიიღებს ყველაზე მკაცრ ზომებს უკანონობაში ჩართული ნებისმიერი პირის მიმართ“. ტომას ბახის მკაცრი ტონის გათვალისწინებით, რუსული გამოცემა ვარაუდობს, რომ რიოს ოლიმპიადა რუსეთის გარეშე ჩაივლის, თუმცა „კომერსანტი“ იქვე შენიშნავს, რომ ამით ოლიმპიური თამაშების კომერციული მიმზიდველობა მნიშვნელოვნად გაუარესდება. არადა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შემოსავლებმა წინა ოლიმპიურ ციკლში, ანუ 2009-2012 წლებში, 3 მილიარდ 450 მილიონი დოლარი შეადგინა.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გრანდიოზულ შემოსავლებსა და სპორტის ფედერაციების გრანდიოზულ წარმატებას უზრუნველყოფს კონკურენციის მაღალი დონე და ოლიმპიურ თამაშებში ჩართული ვარსკვლავების რაოდენობა. ლონდონის ოლიმპიადაზე მედლების საერთო ჩამონათვალში რუსეთი პირველად არ მოხვდა სამეულში, თუმცა მოახლოებულ ოლიმპიადაზე სამეულში დაბრუნების კარგი შანსი აქვს. რუსეთის ნაკრები ფავორიტთა შორის სახელდება სპორტის რამდენიმე სახეობაში, მაგალითად, ჭიდაობაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, სინქრონულ ცურვაში, ფარიკაობასა და ფრენბურთში. რუსეთის არყოფნა სპორტის ამ სახეობებში მკვეთრად შეამცირებს მათ მიმზიდველობას“, წერს გაზეთი „კომერსანტი“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG