Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 10 აგვისტო


რუსეთის ბეჭდურმა მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო რუსეთ-საქართველოს ომის მორიგი წლისთავის გაშუქებას.

„იძულებითი მშვიდობის რვა წელი“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომლის მიხედვითაც რვა წლის წინ რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომი დაიწყო 7 აგვისტოს 23 საათსა და 30 წუთზე ცხინვალის დაბომბვით, რომლის პასუხად 8 აგვისტოს დილით რუსეთის სამმა Су-24-მა შეუტია საქართველოს სამხედრო ობიექტებს, ხოლო დღისით რუსეთის სამხედრო შენაერთებმა დაიკავეს ცხინვალი. 9 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა,სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ოპერაცია ხუთ დღეში დასრულდა. 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად ცნო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რის პასუხადაც საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. ასეთია რუსული გამოცემის თვალით დანახული ომის ქრონიკების ვერსია, თუმცა „კომერსანტი“ მკითხველს ასევე სთავაზობს „ლევადას ცენტრის“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, 2009 წელს რუსეთის მოქალაქეების 62 პროცენტი მიიჩნევდა საქართველოს მტრულად განწყობილ ქვეყნად, თუმცა ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე სტაბილურად მცირდებოდა. 2016 წლის მდგომარეობით, საქართველოს მტრად აღიქვამს გამოკითხულთა მხოლოდ 10 პროცენტი. „კომერსანტის“ სტატიაში ასევე მოტანილია „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე, როგორი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა რუსეთს საქართველოსთან, 2015 წელს 35-მა პროცენტმა უპასუხა - არამეგობრული, ხოლო 31-მა - მეგობრული, მაშინ როცა 2011 წელს ეს მაჩვენებლები 67 და 13 პროცენტი იყო.

„კომერსანტი“ აქვე აქვეყნებს ინფორმაციას რუსეთის აგრესიისადმი საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულების შესახებ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვამ აჩვენა, რომ, 2015 წლის მდგომარეობით, გამოკითხულთა 67 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია არ დასრულებულა.

რუსეთის ბეჭდურმა მედიამ ასევე დეტალურად გააშუქა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც 9 აგვისტოს სანკტ-პეტერბუგში გაიმართა. გაზეთ „ვედომოსტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ამერიკისა და კანადის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ალექსანდრ შუმილინმა გამოთქვა აზრი, რომ ერდოანი რუსეთში კარგ ცხოვრებას არ ჩაუყვანია: „ის აღმოჩნდა ძალზე რთულ სიტუაციაში და ერთადერთი ლიდერი, ვინც დადებითად რეაგირებს ყველაფერ იმაზე, რასაც ერდოანი აკეთებს, ვლადიმირ პუტინია“.

სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ანკარა შეეცდება ბერკეტად გამოიყენოს რუსეთთან ურთიერთობა დასავლეთთან მოლაპარაკების დროს: ერდოანი შეწყვეტს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის კრიტიკას, სანაცვლოდ მოსკოვი გააძლიერებს ზეწოლას სირიელ ქურთებზე.

„ვედომოსტიმ“ დიდი ყურადღება დაუთმო ერდოანისა და პუტინის შეხვედრის ეკონომიკურ მხარეს. სტატიის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტს სურს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა დაუბრუნდეს კრიზისამდელ მდგომარეობას. საქმე ის არის, რომ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მხარეებს შორის ეკონომიკური ბრუნვის მაჩვენებელი 43 პროცენტით შემცირდა. პუტინი თურქ კოლეგას სთავაზობს ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის სამწლიან პროგრამას, რომლის მიხედვითაც, წინ ვერაფერი დაუდგება თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ტურიზმის, ასევე ენერგეტიკის სფეროში. საუბარია იმ გაზსადენის მშენებლობაზე, რომელმაც რუსული გაზი თურქეთის გავლით ევროპას უნდა მიაწოდოს. გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პროექტის სტატუსი მიენიჭება რუსეთის დახმარებით მშენებარე „აკუიუს“ ატომურ ელექტროსადგურს, რომლის ღირებულება 20 მილიარდი დოლარია.

რაც შეეხება სირიის საკითხს, როგორც გაზეთი „ვედომოსტი“ წერს, პუტინი და ერდოანი შეთანხმდნენ გაიმართოს ცალკე შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორივე ქვეყნის როგორც საგარეო უწყებების, ასევე სპეცსამსახურების წარმომადგენლები.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG