Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 17 აგვისტო


რუსეთის ბეჭდური მედიის თვალსაწიერში მოექცა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტები“, რომელიც, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ვეღარ მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის 8 ოქტომბრისათვის დანიშნულ არჩევნებში.

„რუსეთის ბაზები და პენსიები არჩევნებიდან მოხსნეს“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც საუბარია საქართველოს შინაგან საქმეთა ექს-მინისტრ თემურ ხაჩიშვილის მიერ დაფუძნებულ პარტია „ცენტრისტებთან“ დაკავშირებულ სკანდალზე. სტატიის მიხედვით, ვიდრე პარტიას საარჩევნო რეგისტრაციას გაუუქმებდნენ, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი განაცხადა ეთერში გაეშვა „ცენტრისტების“ სარეკლამო კლიპი, რომლის მიხედვითაც, „ცენტრისტების“ ლიდერები არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ რუსულ პენსიას, ორმაგ მოქალაქეობას და რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას.

სტატიის ავტორი მკითხველს შეახსენებს, რომ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი თემურ ხაჩიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი 1992-93 წლებში, გასამართლებული იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, გია ჭანტურიას, მკვლელობის ბრალდებით. სტატიაში მოტანილია ფრაგმენტი ხაჩიშვილის განცხადებიდან: „ჩვენ ერთადერთ პრორუსულ პარტიად მიგვიჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში პროქართული ძალა ვართ. რუსეთის სამხედრო ბაზების შექმნით კი გაჩნდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა“.

გაზეთი „იზვესტია“ კი რუსეთში მარცვლეულის რეკორდული მოსავლის პროგნოზზე წერს. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, 2016 წლის მოსავალი 114-116 მილიონი ტონა მარცვლეული იქნება, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა მოსავლის შენახვის პრობლემა გააჩინოს. რუსეთის მემარცვლეობის კავშირის თავმჯდომარის, არკადი ზლოჩევსკის თქმით, რეკორდულად მაღალი იქნება ხორბლის მოსავალიც - 69 მილიონი ტონიდან 72 მილიონ ტონამდე.

გაზეთი ციტირებს რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის სიტყვებს: „ თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება და ამინდი არ დაგვაღალატებს, ჩვენ ავიღებთ საოცრად მაღალ მოსავალს - 70 მილიონ ტონა ხორბალს, რაც მესამედით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს.“

„იზვესტიის“ ცნობით, რუსეთში მარცვლეულის რეკორდულად მაღალი მოსავალი მოიწიეს 2008 წელს - 108 მილიონი ტონა.

„ნუ ავურევთ ერთმანეთში პოლიტიკასა და სპორტს“ - ახალი ოლიმპიური ჩემპიონის, დავით ჩაკვეტაძის ეს სიტყვები აქვს სათაურად გაზეთ „სოვეტსკი სპორტის“ ფურცლებზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საქართველო საერთოდ არ არის ნახსენები. მოჭიდავემ სათაურად გამოტანილი მოსაზრება გამოთქვა უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ იგორ ჟდანოვის შემდეგი განცხადების პასუხად: „ჟან ბელენიუკს მოპარეს ოქროს მედალი, რომელიც მას ეკუთვნოდა“. ჟან ბელენიუკი უკრაინელი მოჭიდავეა, რომელიც დავით ჩაკვეტაძემ ოლიმპიადის ფინალში 9:2 დაამარცხა. გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში ოლიმპიურმა ჩემპიონმა კითხვაზე, რის ხარჯზე მოიპოვე გამარჯვებაო, უპასუხა, ვიცოდი, რომ რუსეთს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდაო.

„კომერსანტში“ გამოქვეყნებული ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით კი, დავით ჩაკვეტაძე დაიბადა 1992 წლის 18 ოქტომბერს ქუთაისში. ჭიდაობას მისდევდნენ მომავალი ოლიმპიური ჩემპიონის მამა და ბიძა. თავად დავით ჩაკვეტაძე 11 წლიდან ჭიდაობს. 2013 წლამდე გამოდიოდა საქართველოს სახელით. 2013 წლიდან რუსეთის ნაკრების წევრია. 2015-16 წლებში ზედიზედ ორჯერ მოიგო რუსეთის ჩემპიონატი, ხოლო 2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა თეირანში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაზე. დავით ჩაკვეტაძე სპორტის ოსტატია. ცხოვრობს და ვარჯიშობს მოსკოვში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG