Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 7 სექტემბერი


„საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ მოწიფული“ - ასე ახასიათებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის მომავალ ლიდერს, რომლის შესახებაც მან სააგენტო „ბლუმბერგისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა, გაზეთმა „კომერსანტმა“ კი მკითხველს შესთავაზა რუსი ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების კომენტარები.

„მე ან მივიღებ მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ან - არა. თუ არ მივიღებ მონაწილეობას, მაშინ არჩეული იქნება ქვეყნის ახალი მეთაური, რუსეთის ახალი პრეზიდენტი და მაშინ თავად მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვის უნდა დაუჭირონ მხარი... ჩემი თვალსაზრისით, მომავალი ლიდერი უნდა იყოს საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ პოლიტიკურად მოწიფული“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სააგენტო „ბლუმბერგისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„კომერსანტი“ აქვეყნებს ფონდ „პეტერბურგის პოლიტიკის“ ხელმძღვანელის, მიხაილ ვინოგრადოვის, კომენტარს, რომლის მიხედვითაც, პუტინის სიტყვები პრეზიდენტობაზე სხვა არაფერია, თუ არა ვლადიმირ პუტინის გარშემო არსებული იმედებისა და დაღლილობების შეფარდების ტესტირება. პოლიტოლოგის აზრით, არ ღირს იმაზე მკითხაობა, თუ კონკრეტულად ვინ იგულისხმა პუტინმა თავისი გარემოცვიდან, რადგანაც ასეთი ზოგადი განცხადებები რუსეთის ლიდერს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია.

გაზეთი „კომერსანტი“ წერს, ასევე, რომ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ უცხოელი აგენტების სიაში შეიტანა რუსეთში დაფუძნებული სოციოლოგიური კვლევების ავტორიტეტული ორგანიზაცია „ლევადას ცენტრი“, სტატია კი, რომელშიც ეს ამბავია მოთხრობილი, ასეა დასათაურებული: „ლევადაც მიათვალეს“. „ლევადას ცენტრს“ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში უჩივლა მოძრაობა „ანტიმაიდანის“ ლიდერმა და სენატორმა დმიტრი საბლინმა, რომლის მტკიცებით, ცენტრს პენტაგონი აფინანსებს. სტატიის მიხედვით, „ლევადას ცენტრის“ ხელმძღვანელმა ლევ გუდკოვმა განმარტა, რომ ორგანიზაცია არ იღებს უცხოურ გრანტებს პოლიტიკური საქმიანობისათვის. მისი თქმით, ლაპარაკია სამომხმარებლო საქონლის მარკეტინგული კვლევების კომერციულ შეკვეთებზე. რუსი უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინ „ლევადას ცენტრზე“ ხდება ზეწოლა, რათა ორგანიზაციამ შეწყვიტოს არჩევნებთან დაკავშირებული კვლევები.

ლევ გუდკოვის თქმით, ანალოგიური საჩივრის საფუძველზე ორგანიზაცია 2014 წელსაც შეამოწმეს, მაგრამ მაშინ „ლევადას ცენტრი“ უცხოელ აგენტად არ იქნა ცნობილი. სტატიის თანახმად, ორგანიზაციას უცხოელი აგენტის სტატუსი ენიჭება, თუ ის ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას და საზღვარგარეთიდან ფინანსდება.

„სახელმწიფომ დაადგინა არასაარსებო მინიმუმი“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა „ნეზავისიმაია გაზეტამ“ სტატია, რომლის მიხედვითაც, ერთმანეთს ეწინააღმდეგება საარსებო მინიმუმის გამოთვლისთვის საჭირო სასურსათო პროდუქტების მინიმალური ნაკრები და რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. სახელმწიფო მოხელეები „ღარიბების სასურსათო კალათას“ ავსებენ პურითა და კარტოფილით, ბოსტნეულის, ხილისა და რძის პროდუქტების ხარჯზე. სტატიის ავტორის ვარაუდით, ასეთი მანიპულაცია კეთდება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზნით, რადგანაც საარსებო მინიმუმის ოდენობაზეა დამოკიდებული პენსიებისა და შემწეობების მოცულობა.

„საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ერთი ადამიანის დღიური რაციონი იწონის 1860 გრამს, რომელშიც 9 პროცენტი ხორცეულია, 22 პროცენტი - ბურღულეული, 39 პროცენტი - ხილ-ბოსტნეული, 15 პროცენტი - რძის ნაწარმი და კვერცხი, 15 პროცენტი კი - შაქარი და ცხიმეული. ამ მონაცემების ფონზე, რუსეთის მოქალაქეები იღებენ ხილ-ბოსტნეულის მხოლოდ სანახევრო ნორმას - დაახლოებთ, 21 პროცენტს“, წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG