Accessibility links

„გვესაჭიროება პრეზიდენტი“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „ვედომოსტიმ“ სტატია, რომელშიც ლაპარაკია რუსი მილიარდერის, კომპანია „იუკოსის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მიხაილ ხოდორკოვსკის პროექტზე, სახელწოდებით „პუტინის ნაცვლად“.

როგორც სტატიიდან ირკვევა, პროექტის მიზანია, შეირჩეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი 2018 წლის არჩევნებისათვის. ამომრჩევლებს კანდიდატურებს შესთავაზებენ როგორც სპეციალურად შექმნილ საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლები, ასევე ექსპერტთა ჟიურის წევრები. შერჩევა მოხდება ხმის მიცემის სისტემით, რომლის ბოლო ეტაპი ითვალისწინებს ჟიურის წევრების მონაწილეობას. პრეტენდენტთა შორის ექსპერტებმა დაასახელეს ოპოზიციური „პარნასის“ თავმჯდომარე მიხაილ კასიანოვი, „იაბლოკოს“ დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, ბორის ელცინის ქალიშვილი ტატიანა იუმაშევა, ექს-ფინანსთა მინისტრი ალეკსეი კუდრინი, ეკატერინბურგის მერი ევგენი როიზმანი, პოლიტიკოსი ვლადიმირ რიჟკოვი და სხვები. ჯერჯერობით ყველაზე მეტი პოზიტიური ხმა მიიღო ალექსეი ნავალნიმ, ნეგატიური კი - მიხაილ კასიანოვმა.

„ვედომოსტის“ სტატიაში პოლიტოლოგ ალექსეი მაკარკინის მიერ გამოთქმული აზრის თანახმად, ხოდორკოვსკის კარგად ესმის, რომ 2018 წლის არჩევნებზე არაფერი შეიცვლება: „ორიოდე წლის წინ მან თქვა, რომ ცვლილებების დრო ათი წლის შემდეგ დადგება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ეს პოზიცია შეიცვალა, მაგრამ ხოდორკოვსკი ის ადამიანია, რომელიც ხანგრძლივი თამაშისთვის ემზადება“.

ხოდორკოვსკის პროექტის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ წამოწყების ავტორები მოწყვეტილი არიან რუსეთიდან და რუსეთის დღის წესრიგიდან. მიხაილ კასიანოვმა კი „ვედომოსტის“ უთხრა, რომ ამ პროექტს აღიქვამს თამაშად და უკვე მოითხოვა ჩამონათვალიდან მისი გვარის ამოღება. ნავალნიმაც პროექტის შესახებ მედიიდან შეიტყო და მას „საკმაოდ უცნაური“ უწოდა.

გაზეთი „კომერსანტი“ რუსეთის ტურიზმის ინდუსტრიის შესახებ წერს. „ტურისტულმა ნაკადმა მესამედი დაკარგა“ - ასეა დასათაურებული სტატია, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთ დასვენების მსურველი რუსი ტურისტების რაოდენობა 27,7 პროცენტით, ანუ 3 მილიონ 970 ათასამდე, შემცირდა - ამ მონაცემებს აქვეყნებს რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირი, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით, შემცირების მიზეზად კი დასახელებულია ყველაზე პოპულარული ორი მიმართულების ბაზრიდან გათიშვა. ესენია თურქეთი და ეგვიპტე, რომლებზეც 2015 წლის პირველ ნახევარში 2 მილიონი საგზური მოდიოდა. წელს რუს ტურისტებს შორის ყველაზე მაღალი მოთხოვნით სარგებლობს ტუნისი - 671- პროცენტიანი ზრდით, იორდანია - 544-პროცენტიანი ზრდით და მაროკო - 277- პროცენტიანი ზრდით.

100 პროცენტზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა დომინიკის რესპუბლიკისა და საქართველოს მიმართულებებითაც, შესაბამისად, 167 და 118 პროცენტებით.

„ემბარგოს მარილი მოაყარეს“ – „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ ამ სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ სანქცირებულ პროდუქტთა ჩამონათვალში მარილიც შეიტანა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი მიმდინარე წლის ნოემბრიდან აკრძალავს მარილის შემოტანას იმ ქვეყნებიდან, რომლებიც 2014 წელს სასურსათო ემბარგოს ქვეშ მოექცნენ. ყველაზე მეტად ეს გადაწყვეტილება დააზარალებს უკრაინულ საწარმო „არტემსოლს“, რომლის პროდუქციას, წელიწადში 329 ათასი ტონით, რუსეთის ბაზრის მეოთხედი უკავია. 1 ნოემბრიდან აიკრძალება როგორც სუფრის მარილი, ასევე დენატურატი. რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მარილის იმპორტის აკრძალვა არ შექმნის დეფიციტს, რადგანაც დანაკლისი შეივსება სამამულო წარმოების გაზრდითა და სხვა ქვეყნებიდან იმპორტით. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია ყოველწლიურად მოიპოვებს 3,6 მლნ ტონა მარილს, თუმცა შესაძლებელია ამ მოცულობის 6,1 მილიონ ტონამდე გაზრდა. 2015 წლის მონაცემებით, მარილის მწარმოებელ რუსულ კომპანიებს რუსეთის ბაზრის მხოლოდ 65 პროცენტი უკავიათ, მაშინ როცა, რუსეთის ფედერაციის სასურსათო დოქტრინის მიხედვით, მინიმალური ზღვარი 85 პროცენტია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG