Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2016 წლის 21 სექტემბერი


„არჩევნების შედეგები ხელებს გაუხსნის ხელისუფლებას რთული გადაწყვეტილებების მისაღებად“, - წერს გაზეთი „ვედომოსტი“, რუსეთის სათათბიროს არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით. სტატიიდან ირკვევა, რომ 18 სექტემბერს გამართულ არჩევნებში რუსეთის მმართველმა პარტიამ მანდატების რეკორდულად მაღალი რაოდენობა მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, ვლადიმირ პუტინის პარტია 450-ადგილიან პარლამენტში 343-ს დაიკავებს, რაც შესაძლებელი გახდა პროპორციულ არჩევნებში ხმათა 54 პროცენტის მიღებითა და 225 ერთმანდატიანი ოლქიდან 203-ში გამარჯვებით. გარდა მმართველი პარტიისა, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს კომუნისტებმა, ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატებმა და „სპრავედლივაია როსიამ“.

არჩევნების შედეგების მიხედვით, კომუნისტურმა პარტიამ, რომელსაც წინა მოწვევის პარლამენტში 90-ზე მეტი მანდატი ჰქონდა, დაკარგა შესაძლებლობა დამოუკიდებლად მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ამ გზით მოახდინოს გავლენა უმრავლესობის გადაწყვეტილებებზე სახელმწიფო სათათბიროში. შესაბამისად, ამ ბერკეტის შესანარჩუნებლად კომუნისტებმა მეშვიდე მოწვევის პარლამენტში სხვა ოპოზიციონერ პარტიებთან შეთანხმებით უნდა იმოქმედონ.

სტატიის თანახმად, რუსი პოლიტოლოგები იმედოვნებენ, რომ დამარცხებული პარტიები სათანადო დასკვნებს გამოიტანენ, მეტად გასაგები პროგრამებით მიმართავენ ამომრჩევლებს და არჩევნებს შორის პერიოდსაც ნაყოფიერად გამოიყენებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო არჩევნებში „ედინაია როსია“ კიდევ უფრო მეტ მანდატს მოიპოვებს, თუმცა მანდატების ეს ორი მესამედიც უქმნის ხელისუფლებას განცდას, რომ ყველა ჩანაფიქრის შესრულება შეუძლია, საზოგადოების დამოკიდებულების მიუხედავად. სტატიაში კომენტარის სახით მოტანილია სანკტ-პეტერბურგის ევროპული უნივერსტიტეტის პროფესორის, გრიგორი გოლოსოვის, შემდეგი კომენტარი:

„მხარდაჭერის დონე აღმოჩნდა უკიდურესად დაბალი. გვყავს მოთამაშეთა იგივე შემადგენლობა. როგორც წესი, ასე ხდება ავტორიტარული რეჟიმების პირობებში, ხელისუფლება ცდილობს კონსოლიდირებას ისეთი პარტიული სისტემისა, რომელიც მას ოპტიმალურად მიაჩნია“.

გაზეთი „კომერსანტი“ კი იმის შესახებ წერს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დაადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და თანამშრომელთა რაოდენობა, რომელიც შემცირდა 163 ათასი ადამიანით. ეს ცვლილება განპირობებულია იმით, რომ 1 ოქტომბერს იწყება სამი ქვედანაყოფის გადაყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ახალ ფედერალურ სამსახურში - როსგვარდიაში.

სტატიის მიხედვით, ძალოვანი სტრუქტურების მასშტაბური რეფორმა დაიწყო მიმდინარე წლის აპრილში, როცა გამოცხადდა ნარკოტიკების ბრუნვაზე კონტროლისა და მიგრაციის ფედერალური სამსახურების ლიკვიდაცია. მათი ფუნქციები გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილ ახალ განყოფილებებს, პარალელურად კი შეიქმნა ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახური, როსგვარდია, რომელსაც გადაეცა არა მხოლოდ შინაგანი ჯარები, არამედ არასაუწყებო დაცვა, სპეცრაზმი, განსაკუთრებული დანიშნულების რაზმი - ომონი, ავიაცია და წყლის ტრანსპორტი.

„კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, პუტინის მიერ გამოცემული განკარგულებით, შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა რაოდენობამ, შემცირების შედეგად, 904 ათასი შეადგინა, ცენტრალური აპარატისამ კი - 7 ათას 500.

„გაზპრომი“ დაბრუნდა უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიების სამეულში“ - ასეა დასათაურებული „როსბიზნესკონსალტინგში“ გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც, ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტომ - S&P Global Platts – „ეს ენ ფი გლობალ პლათსმა“, რომელიც სპეციალიზებულია ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ფასების შესახებ პუბლიკაციების გამოქვეყნებაზე, „გაზპრომი“ პირველად 2011 წლის შემდეგ შეიყვანა უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიების სამეულში. ნიშანდობლივია, რომ რუსული კომპანია შარშან ამ რეიტინგში ორმოცდამესამე ადგილზე იმყოფებოდა. სტატიიდან ასევე ირკვევა, რომ „გაზპრომმა“ რეიტინგის ათეული დატოვა 2015 წელს რუბლის ვარდნასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 11,6 მილიარდი დოლარის სუფთა მოგებით, „გაზპრომი“ მეორე ადგილზეა ExxonMobil-ის შემდეგ, რომლის სუფთა მოგება 16,1 მილიარდი დოლარია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG