Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2016 წლის 28 სექტემბერი


„რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ლეგენდარულ „ჩეჩნურ დივიზიას“ აღადგენს“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „იზვესტიამ“ სტატია, რომელშიც საუბარია ყველაზე ბრძოლისუნარიანი და 2009 წელს გაუქმებული 42-ე მოტომსროლელი დივიზიის ხელახალი ფორმირების შესახებ, თუმცა, სტატიის მიხედვით, ახალი სამხედრო შენაერთი, ძველისგან განსხვავებით, აღარ მიიღებს მონაწილეობას ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ახალი დივიზიის მთავარი ფუნქცია სახელმწიფო საზღვრის დაცვა იქნება. გაზეთის წყაროს ცნობით, დივიზია შეიქმნება 2017 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დისლოცირებული სამი მოტომსროლელი ბრიგადის ბაზაზე.

სტატიაში მოთხრობილია „ჩეჩნური დივიზიის“ ისტორია, რომელიც სათავეს იღებს შორეული 1940 წლიდან, თუმცა სამხედრო ნაწილს მეორე სუნთქვა ეხსნება 1999 წელს, როცა დივიზიაში შემავალი ოთხი მოტომსროლელი და ერთი საარტილერიო პოლკის, დაზვერვისა და მესანგრეთა თითო-თითო ბატალიონის შემადგენლობა ყალიბდება კონტრაქტით აყვანილი სამხედრო მოსამსახურეებით. ახალმა შენაერთმა ყველაზე მეტად თავი გამოიჩინა 2008 წელს საქართველოსთან ომის დროს.

„70-ე და 71-ე მოტომსროლელმა და 50-ე საარტილერიო პოლკმა, ასევე მზვერავთა ბატალიონმა განახორციელეს მრავალკილომეტრიანი მარში ჩეჩნეთიდან სამხრეთ ოსეთში, გაიარეს როკის გვირაბი და შეუტიეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. შემდგომ დივიზიის მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს მოწინააღმდეგის განადგურებაში საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, დივიზიამ ერთ დღე-ღამეში გაიარა 300 კილომეტრზე მეტი ურთულესი გზა მთიან რელიეფში, გაათავისუფლა ცხინვალი და მიიღო მონაწილეობა გორის აღებაში“.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი უმუშევრობასთან დაკავშირებული სოციოლიგიური გამოკითხვის შესახებ წერს. „რუსეთის მოქალაქეები შეეგუვნენ უმუშევრობისა და ხელფასის შემცირების საფრთხეს“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ხანგრძლივ კრიზისში მყოფი ქვეყნის მოქალაქეებმა დაკარგეს კრიზისის აღქმის სიმძაფრე, რაზეც მეტყველებს შემდეგი მონაცემები: 69 პროცენტი შეადგინა იმ მოქალაქეთა რაოდენობამ, რომელთა თქმითაც, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მათ გარემოცვაში არავის დაუკარგავს სამსახური. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 63 პროცენტი იყო. გარდა ამისა, გამოკითხულთა 27 პროცენტი მიიჩნევს, რომ იოლად იშოვის ახალ სამსახურს. შარშან ეს მაჩვენებელი 24 პროცენტი იყო. აღსანიშნავია, რომ ოპტიმიზმის ამგვარი ზრდის ფონზე, გაიზარდა ასევე იმათი რაოდენობა, ვისაც ეჭვი ეპარება ახალი სამსახურის შოვნის შესაძლებლობაში. თუ შარშან ამას ამბობდა 12 პროცენტი, წელს ამბობს 20 პროცენტი.

სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ რუსეთის მოქალაქეების ასეთი განწყობა მიუთითებს არა ვითარების გაუმჯობესებაზე, არამედ იმაზე, რომ ისინი ადაპტირდნენ კრიზისულ გარემოში. „არათუ ადაპტირდნენ, არამედ, უბრალოდ, შეეგუვნენ. როცა დიდი ხნის განმავლობაში ეუბნებიან, რომ ყველაფერი ცუდადაა, ადამიანი აღარ აღიქვამს ამ ინფორმაციას მძაფრად“.

სტატიაში უმუშევრობის არც ისე მაღალი დონე ახსნილია დემოგრაფიულ ჭრილში. რუსეთში სამუშაო ადგილების პარალელურად მცირდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობაც.

„თურქეთმა მოუწოდა სომხეთს დახუროს ატომური ელექტროსადგური“, - წერს გაზეთი „კომერსანტი“, რომლის მიხედვითაც, მოწოდების ავტორი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქია. გაზეთის თანახმად, თურქეთის მთავრობის წევრს ვენაში გამართულ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს („მაგატეს“) კონფერენციაზე უთქვამს, თურქეთს თავის ტერიტორიაზე ატომური ელექტროსადგურების დასაცავად უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა მიღებული აქვს, მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავთ იმ საფრთხეზე საზღვრის მახლობლად, რომელსაც მეწამორის სადგური ქმნისო.

„კომერსანტის“ ცნობით, მეწამორის ატომურმა ელექტროსადგურმა მუშაობა დაიწყო 1976 წელს. გააჩერეს 1989 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, 1995 წელს კი კვლავ გაეშვა ორი ენერგობლოკი. 2014 წელს სომხეთის მთავრობასა და „როსატომს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სადგური იმუშავებს 2026 წლამდე, 2017 წელს იგეგმება მისი მოდერნიზება.

სტატიის თანახმად, სომხეთში მიაჩნიათ, რომ თურქი მინისტრის განცხადებას პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს და რომ რეალური საფრთხის შემთხვევაში თავად ერევანი ატეხდა ხმაურს, თუმცა სტატიაშივე მკითხველი ეცნობა თურქი ექსპერტის, თოღრულ ისმაილის, შეფასებას, რომლის მიხედვით, მეწამორის სადგური ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სადგურია მსოფლიოში და ის საფრთხეს უქმნის როგორც თურქეთს, ასევე აზერბაიჯანს, საქართველოს და თავად სომხეთსაც. „კომერსანტი“ ასევე აქვეყნებს „როსატომის“ წარმომადგენლის შეფასებას, რომლის მიხედვით, მეწამორის ელექტროსადგურის უსაფრთხოების სისტემა საიმედოდ მუშაობს და შეშფოთების საფუძველიც არ არსებობს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG