Accessibility links

logo-print

„პლუტონიუმის ულტიმატუმი“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „როსბიზნესკონსალტინგმა“ სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი განკარგულებით შეაჩერა რუსეთ-ამერიკის შეთანხმება იარაღისთვის განკუთვნილი პლუტონიუმის უტილიზაციის შესახებ. შეთანხმების მოქმედება შესაძლოა განახლდეს რუსეთისათვის დაწესებული სანქციებისა და რამდენიმე ძნელად შესასრულებელი პირობის შესრულების შემთხვევაში. სტატიის ავტორი, ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, გამოთქვამს ვარაუდს, რომ გამოუცხადებელი ცივი ომი მორიგ ფაზაში გადავიდა. პუტინის მიერ 3 ოქტომბერს გამოცემულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ვითარების მკვეთრი ცვლილების გამო, რომელიც „საფრთხეს უქმნის რუსეთის სტრატეგიულ უსაფრთხოებას“. ვითარების ცვლილების მიზეზად დასახელებულია ამერიკის შეერთებული შტატების არამეგობრული მოქმედება რუსეთის ფედერაციის მიმართ და ამერიკის ხელისუფლების უუნარობა უზრუნველყოს შეიარაღებაში გამოყენებული ზედმეტი პლუტონიუმის უტილიზაციის ვალდებულების შესრულება.

შეჩერებული შეთანხმების ამოქმედების ერთ-ერთ პირობად ვლადიმირ პუტინი ასახელებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნების შემცირებას ნატოს წევრ ევროკავშირის ქვეყნებში 2000 წლის დონემდე. რუსეთის პრეზიდენტი მოითხოვს, ასევე, რუსეთისადმი მტრული პოლიტიკის შეცვლასა და „მაგნიტსკის კანონის“ გაუქმებას.

გამოცემის ცნობით, ქვეყნებს შორის ხელშეკრულება 2000 წელს დაიდო და მიზნად ისახავდა ჩამოწერილი ბირთვული იარაღიდან ამოღებული - ჯამში, 34 ტონა -პლუტონიუმის უტილიზაციას.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი იმის შესახებ წერს, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე რუსეთის მოქალაქეების სოციალრი განწყობა უმჯობესდება. მოქალაქეების დიდი ნაწილი კმაყოფილია თავისი ცხოვრებითა და ქვეყანაში შექმნილი ვითარებით. „პოზიტივის ტალღაზე“ - ასე აღწერეს ხელისუფლებასთან დაახლოებულმა სოციოლოგებმა მოსახლეობის განწყობა, თუმცა, როგორც სტატიაშია შენიშნული, ეკონომისტების თვალით დანახული სურათი ასეთი ოპტიმისტური არ არის.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევების ცენტრის მონაცემებით, სექტემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსეთის მოქალაქეების 70 პროცენტი კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. ამასთან, ეს ოპტიმისტური მაჩვენებლები, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია და ეს მაშინ, როცა გამოკითხულთა, დაახლოებით, 50 პროცენტი დარწმუნებულია, რომ გაისისთვის ვითარება გაუარესდება.

რა ახსნას უძებნიან რუსი სოციოლოგები გამოკითხვის ამგვარ შედეგებს? „ახალი რყევების გარეშე მძიმე ეკონომიკური ვითარება ჩვეულებრივ ამბად გეჩვენება და ნაკლებემოციურად აღიქვამ“, მიაჩნია ცენტრის საკვლევი პროექტების ხელმძღვანელს იულია ბასკაკოვას.

გამოცემის მიხედვით, არსებულ ოპტიმიზს სხვა რაციონალური ახსნა არ აქვს: მოსახლეობის რეალური შემოსავალი განაგრძობს შემცირებას. წლიური მაჩვენებლის მიხედვით, მიმდინარე წელი უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე უარესია.

„მარია შარაპოვას კორტზე ადრე დააბრუნებენ“ - წერს გაზეთი „კომერსანტი“ სტატიაში, რომლის მიხედვითაც, დოპინგის მიღების გამო ორი წლით დისკვალიფიცირებულ ჩოგბურთის ვარსკვლავს, მარია შარაპოვას, დისკვალიფიკაციის ვადა თიქმის გაუნახევრეს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო სპორტულმა არბიტრაჟმა. შესაბამისად, აკრძალული პრეპარატის, მელდონიუმის, მიღებაში 2016 წლის 26 იანვარს მხილებული 29 წლის რუსი სპორტსმენი კორტებზე 2017 წლის 26 აპრილს დაბრუნდება. 24 თვის ნაცვლად, შარაპოვას 15-თვიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG