Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2016 წლის 19 ოქტომბერი


გაზეთი „კომერსანტი“ იმის შესახებ წერს, რომ ჟენევის დისკუსიებში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი, თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი, დავით სანაკოევი პოზიტიურადაა განწყობილი ჟენევის შეხვედრების ფორმატისადმი და მისგან დადებით შედეგს ელის. ცხინვალელი პოლიტიკოსი ასევე იმედოვნებს, რომ თბილისი ობიექტურად შეხედავს მიმდინარე მოვლენებს და ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულებასაც მოაწერს ხელს, რაც მშვიდობასა და, შესაბამისად, სარგებელს მოუტანს ყველას.

ფრაგმენტი დავით სანაკოევის განცხადებიდან: „ჟენევის დისკუსიები თამაშობს მნიშვნელოვან როლს მშვიდობის დამყარებაში, როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე მთელ რეგიონში. როცა რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ყველასთვის ცნობილ ხელშეკრულებას, ამან დაუდო სათავე მშვიდობიანი ცხოვრების დროის ათვლას, შესაძლებლობა მოგვეცა ვიცხოვროთ მშვიდობაში და განვვითარდეთ“. ციტატის დასასრული.

დავით სანაკოევის აზრით, უმჯობესია პოლიტიკოსებმა ისაუბრონ, ვიდრე სამხედროებმა იომონ. მისი თქმით, ჟენევის დისკუსია არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც საშუალებას აძლევს სამხრეთ ოსეთს, აწარმოოს საუბარი მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოსთან, ამერიკასა და რუსეთთან. „კომერსანტი“ მკითხველს შეახსენებს, რომ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში გამართული შეხვედრა ჩაიშალა იმის გამო, რომ „ქართული მხარე ცდილობდა თავსმოეხვია დისკუსიაში ჩართული მხარეებისთვის დევნილთა საკითხის განხილვა“.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი გაზსადენის – „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის შესაძლებლობაზე წერს. გამოცემა ვარაუდობს, რომ ანტირუსული სანქციების მეორე ტალღამ შეიძლება მოიცვას გაზსადენის მშენებლობის აკრძალვაც. შესაბამისი მოწოდებები უკვე ისმის გერმანიიდან, რომელიც ყველაზე მეტადაა დაინტერესებული, ამ მაგისტრალის საშუალებით მიიღოს რუსული გაზი.

სტატიის მიხედვით, მშენებლობის ჩაშლას ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომლის წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ რუსეთის გაზში ცუდი არაფერია, მაგრამ რუსეთმა უნდა ითამაშოს მიღებული წესების მიხედვით. გარდა ამისა, „გაზპრომსაც“ კიცხავენ იმის გამო, რომ ევროპისათვის გაზის მიწოდება, უკრაინის ტერიტორიის გვერდის ავლით, გამოიწვევს უკრაინის ეკონომიკის კრახს.

გამოცემა მკითხველს სთავაზობს ექსპერტ ივან ანდრიევსკის მოსაზრებას: „პოლიტიკურმა მოტივებმა და პროექტით უკმაყოფილო ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა, ჯამში, შესაძლოა გაყინონ პროექტი – ამის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ვითარების ასეთი შემობრუნება გამოიწვევს არამარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესებას რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის, რასაც არაერთგვაროვნად აღიქვამენ ევროპის საზოგადოებასა და საქმიან წრეებში. ამიტომაც, ურთიერთობის შემდგომი გამწვავება – იქნება დიდი რისკების შემცველი ევროპისათვის“. ციტატის დასასრული.

თუმცა, თუ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მაინც მოექცევა სანქციების ქვეშ, მაშინ რუსეთისთვის ალტერნატიული გამოსავალი იქნება კავშირის გამყარება თურქეთთან, რომელიც მიაწვდის რუსულ გაზს ევროპას, რაც, თავის მხრივ, ასევე არ არის საუკეთესო ვარიანტი ევროპისათვის.

„ტრამპი მხოლოდ რუსეთში უყვართ“ – წერს გაზეთი „ვედომოსტი“, რომელიც „ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ კვლევაზე დაყრდნობით, ასკვნის: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოახლოებულ არჩევნებში რუსეთის მოქალაქეები ტრამპის მხარეზე არიან.

გამოკითხვის თანახმად, მაისში დონალდ ტრამპი დადებით შთაბეჭდილებას ახდენდა რუსეთის მოქალაქეთა 22 პროცენტზე, ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი 38 პროცენტს გაუტოლდა, მაშინ, როცა კლინტონი მოსწონს მხოლოდ გამოკითხულთა 8 პროცენტს, მისი ანტირეიტინგი კი გაიზარდა 45 პროცენტიდან 61 პროცენტამდე.

რატომ მოსწონთ ტრამპი რუსეთში? გამოცემის ვარაუდით, რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი იმედოვნებს, რომ ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში, დაკავდება შიდა საქმეებით და ამერიკა, ბოლოს და ბოლოს, თავს დაანებებს რუსეთს. ნაწილი კი იმის იმედადაა, რომ ტრამპი ამ შიდა საქმეებს მაქსიმალურად არევ-დარევს და ამერიკა ჩაეფლობა თავის პრობლემებში.

„ისინი ტრამპში ხედავენ ერთგვარ ამერიკელ გორბაჩოვს, რომელსაც ქვეყნის დაქცევა შეუძლია“ – წერს „ვედომოსტი“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG