Accessibility links

logo-print

„ოცნება ჭკნება უსააკაშვილოდ“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა რუსულმა „გაზეტამ“ სტატია, რომელიც საქართველოში დასრულებულ საპარლამენტო არჩევნებს ეძღვნება. პუბლიკაციაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ოპოზიციისა და, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის დასუსტებით „ქართულ ოცნებას“ ემუქრება გამაერთიანებელი ელექტორალური იდეის გარეშე დარჩენა.

„ქართულმა ოცნებამ მიიღო 114 მანდატი 150-ადგილიან პარლამენტში, ანუ 67 მანდატით მეტი, ვიდრე წინა, 2012 წლის არჩევნებზე. ამგვარი საპარლამენტო წარმომადგენლობა უფლებას აძლევს მმართველ პარტიას შეცვალოს კონსტიტუცია. სააკაშვილის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხოლოდ 27 მანდატი მიიღო, თუმცა, ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ყველაზე მძლავრ ოპოზიციურ პარტიად საქართველოში“ – ვკითხულობთ პუბლიკაციაში, რომლის მიხედვითაც, წარმატების მიუხედავად, საქართველოს მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო ეკონომიკაში არსებული კრიზისული პროცესების დაძლევა; დიდმა პოზიტივმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაშიც არ მოიტანა სერიოზული შედეგები: ტერიტორიული კონფლიქტები კვლავ გაყინულ მდგომარეობაში რჩება, საქართველოს მოქალაქეები კი კვლავ ვერ იღებენ რუსეთის ვიზებს, თუმცა არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ, რომ არ გამორიცხავს საქართველოში დაბრუნებას, სიცოცხლე შთაბერა „ქართული ოცნების“ პარტიულ აგიტაციას, რომლის დღის წესრიგი უსააკაშვილოდ გამოიყურებოდა უღიმღამოდ.

სტატიაში, არჩევნების შედეგების ფონზე, ყურადღება გამახვილებულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე. „იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან პროდასავლური პარტიები, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა კვლავ ბუნდოვანი რჩება. თუ რამე შეიცვლება, შეიცვლება მკვეთრი ნატომების გარეშე, ამასთან რუსეთის მიმართ აგრესიულობას არ უნდა ველოდეთ“ – ვკითხულობთ „გაზეტაში“.

გაზეთი „კომერსანტი“ კი იმის შესახებ წერს, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი წინააღმდეგია იმისა, რომ აბორტი გამოეყოს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემას. ფონდ „საზოგადოებრივი აზრისა“ და რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ქალს აბორტისკენ უბიძგებს დაბალი მატერიალური მდგომარეობა და, რომ მისი აკრძალვით გაიზრდება ფეხმძიმობის შეწყვეტის იატაკქვეშა ოპერაციების რიცხვი. ამ მოსაზრებას იზიარებს გამოკითხულთა, დაახლოებით, 62 პროცენტი. 22 პროცენტი მომხრეა იმის, რომ აბორტი გამოეყოს სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემას. 36 პროცენტი მიიჩნევს, რომ აბორტი უნდა იყოს ნებადართული ყველა შემთხვევაში, 40 პროცენტის აზრით, აბორტის გაკეთება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ „გარკვეულ შემთხვევებში“.

კვლევის მიხედვით, აბორტის აკრძალვის მომხრეები მოსალოდნელ დადებით შედეგად მიიჩნევენ მოსახლეობის რიცხოვნების გაზრდას. ამგვარი მოლოდინი აქვს გამოკითხულთა 27 პროცენტს. აკრძალვის მოწინააღმდეგეების ავი მოლოდინი კი უკავშირდება იატაკქვეშა აბორტების რაოდენობის ზრდას – ასე ფიქრობს გამოკითხულთა 40 პროცენტი.

კითხვას, რატომ იკეთებს ქალი აბორტს, გამოკითხულთა 29 პროცენტმა უპასუხა, რომ „არ აქვს ფული ბავშვის გასაზრდელად“. 16 პროცენტი მიიჩნევს, რომ აბორტის მიზეზი დაუგეგმავი ან არასასურველი ფეხმძიმობაა.

სტატია მთავრდება რუსეთის მეან-გინეკოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის, ვლადიმირ სეროვის განმარტებით, რომლის მიხედვითაც, აბორტი არ არის ქალის ახირება. აბორტი იძულებითი ნაბიჯია და მისი აკრძალვა არაფერს იძლევა შობადობის გაზრდის თვალსაზრისით.

რუსეთში „ებრაულმა საკითხმა“ დაკარგა ადრინდელი სიმწვავე – წერს გაზეთი „ვედომოსტი“, თუმცა სტატიაში იმის შესახებაც არის საუბარი, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა შესაძლოა გაზარდოს ქსენოფობიის საერთო ფონი. გამოცემა იმოწმებს რუსეთის ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტს იური კანერს, რომლის თქმითაც, ანტისემიტიზმის დონით რუსეთი იმყოფება ბოლო ადგილზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.

„შემცირება მოხერხდა კანონმდებლობის წყალობით, გამკაცრებითა და ანტისემიტიზმის აღკვეთით სასამართლო დონეზე. გარდა ამისა, შემცირდა ანტისემიტური პროპაგანდა. და რადგანაც სახელმწიფო დაკვეთა არ არსებობს, ეს ასახვას ჰპოვებს ყველა სხვა დონეზე“ – უთხრა „ვედომოსტის“ იური კანერმა.

გამოცემა ასევე ავრცელებს „ლევადას ცენტრის“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც რუსეთში ებრაელებისადმი ნეგატიურად არის განწყობილი გამოკითხულთა მხოლოდ რვა პროცენტი, თუმცა მაღალია ქსენოფობიის პოტენციალი: 40-65 პროცენტია იმ ადამიანთა წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსებს უნდა მიენიჭოთ უპირატესობა, სხვებთან შედარებით და, რომ რუსეთის პრეზიდენტი უნდა იყოს აუცილებლად ეთნიკური რუსი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG