Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 9 ნოემბერი


გაზეთმა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა ვრცელი ინტერვიუ რუსეთის ფედერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან, მაიკლ მაკფოლთან, რომლის სიტყვები - „ჰილარი კლინტონს ესმის, რომ შეუძლებელია ომი რუსეთსა და ამერიკას შორის“ - გამოტანილია პუბლიკაციის სათაურში. ამერიკელი დიპლომატი საუბრობს ორი ქვეყნის ურთიერთობაში გადატვირთვის ახალი პოლიტიკის პერსპექტივაზე, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებს:

„არა მგონია, რომ ჰილარი კლინტონი მხარს უჭერდეს ხისტი კურსის გატარებას რუსეთთან ურთიერთობაში. სხვანაირადაც ვიტყოდი: ის ძალიან პრაგმატულია ამერიკის ეროვნული ინტერესებისა და ამერიკის მოკავშირეების დაცვისას უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში. კლინტონი არ იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც იტყვის: „ჩემი მიზანია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება“. ამის ნაცვლად ის იტყვის: „რუსეთთან ურთიერთობაში უნდა მივაღწიო ამა და ამ მიზანს“, შემდეგ კი იფიქრებს, როგორი სტრატეგიისა და ინსტრუმენტების საშუალებით გააკეთოს ეს“.

რუსულმა გამოცემამ ამერიკელ დიპლომატს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამომავლო გეგმებზეც ჰკითხა, კერძოდ, ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში ხომ არ აპირებს ნატო გაფართოებას უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე. მაიკლ მაკფოლის პასუხი:

„ამჟამად დისკუსიები ფოკუსირებულია ნატოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. ეს არის მიზანი. ნატოს გაფართოება თქვენ მიერ ჩამოთვლილი ქვეყნების ხარჯზე ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ალიანსის ბევრი ქვეყანა არ უჭერს მხარს. თანაც ეს არაა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. დღეისათვის ნატოსთვის უმთავრესია დარწმუნდეს, რომ ესტონეთი, ლიტვა და ლატვია თავს გრძნობენ უსაფრთხოდ. ეს არის ის, რაზეც ფოკუსირებულია ალიანსი და რაც იქნება კლინტონის ადმინისტრაციის ყურადღების ცენტრში“.

„ვედომოსტი“ კი იმის შესახებ წერს, თუ რატომ იწვევს მოჭარბებულ ინტერესს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები რუსეთის ფედერაციაში. პუბლიკაციის მიხედვით, ერთი ის, რომ მოცემულ არჩევნებში რუსეთის ფაქტორი, როგორ ურთიერთობაშიც უნდა იყოს რეალობასთან, გავლენას ახდენს რუსეთის იმიჯზე; მორე კი ის, რომ არჩევნები ადასტურებს კრემლისთვის ასე მნიშვნელოვან თეზისს კრიზისის შესახებ დასავლურ დემოკრატიებში. რაც შეეხება არჩევნების შედეგების გავლენას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე, ამის თაობაზე რუსეთში მოქმედი ორგანიზაციის - საგარეო ურთიერთობისა და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს - თავკაცი ფეოდორ ლუკიანოვი ამბობს, რომ ვერც კლინტონი და ვერც ტრამპი არსებითად ვერ შეცვლის ვერაფერს.

„განსხვავება იმაშია, რომ კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთს არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს, ხოლო ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში გასაგებია, რისი იმედიც უნდა ჰქონდეს“, - ვკითხულობთ „ვედომოსტიში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

„რუსეთის მოქალაქეებს უმცირდებათ ინტერესი დასავლეთისადმი“, - წერს გაზეთი „იზვესტია“, რომლის მიხედვითაც, „ლევადას ცენტრის“ სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დასავლეთი ცდილობს რუსეთის დასუსტებას, რისთვისაც იყენებს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას. ამასთან, გამოკითხულთა 59 პროცენტი ფიქრობს, რომ არ ღირს ყურადღების მიქცევა დასავლეთის მხრიდან რუსეთის კრიტიკაზე. შარშან ეს მაჩვენებელი 62 პროცენტი იყო. ამათგან 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ დასავლეთს სურს დაასუსტოს ძლიერი კონკურენტი. 74 პროცენტის აზრით, დასავლეთს რუსეთის დამცირების სურვილი ამოძრავებს. მხოლოდ 13 პროცენტია იმათი წილი, ვინც ფიქრობს, რომ დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა იმ გეოპოლიტიკური წონასწორობის აღსადგენად, რომელიც დაირღვა რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების შედეგად.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG