Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 23 ნოემბერი


რუსეთში გამომავალმა გაზეთებმა აქტიურად გააშუქეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილეს, 70 წლის იუბილე, რომლის ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებას მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის დარბაზმა უმასპინძლა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს იერარქს იუბილე მიულოცეს მართლმადიდებელი ეკლესიების პატრიარქებმა, რომელთა შორის იყვნენ ალექსანდრიისა და აფრიკის პატრიარქი თეოდორე მეორე, იერუსალიმისა და პალესტინის პატრიარქი თეოფილე მესამე, სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და სხვები. გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ციტირებულია საქართველოს პატრიარქის შემდეგი სიტყვები:

„11 წლის განმავლობაში ვიყავი სოხუმისა და აფხაზეთის ეპარქიის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი და იქ არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. ვაფასებთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომლითაც არაერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ამ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის მოწესრიგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. საქართველო უნდა იქცეს მშვიდობიანი თანამშრომლობის ადგილად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენი ქვეყნების დაპირისპირება ძალიან სახიფათოა და ამან შეიძლება გამოიწვიოს გლობალური კონფლიქტი. მართალია, ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ და არ შეგვწევს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ სფეროში, მაგრამ ღვთის შეწევნით პროცესებზე გავლენის მოხდენა მაინც შესაძლებელია. დღეს, როცა სამყარო დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, თქვენი გონება, ფართო განსწავლულობა და მქადაგებლის ნიჭი ძალიან ფასეულია“ - ილია მეორის ამ სიტყვას, მიმართულს რუსეთის პატრიარქისადმი, გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს. იქვე მოტანილია ფრაგმენტი თავად იუბილარის, პატრიარქ კირილეს, გამოსვლიდან: „ჩვენი ეკლესია არასოდეს მიატოვებს განსაცდელში თავის ძმებს უკრაინაში და არასოდეს იტყვის მათზე უარს. ჩვენ არასოდეს შევურიგდებით ჩვენი ეკლესიის წმინდა კანონიკური საზღვრების შეცვლას, რამეთუ კიევი ჩვენი სულიერების აკვანია, ისევე როგორც მცხეთა საქართველოსთვის და კოსოვო სერბეთისთვის“.

„ხალხი დარწმუნებულია, რომ ეკონომიკური კრიზისი დიდხანს გაგრძელდება“, - წერს გაზეთი „ვედომოსტი“, რომლის მიხედვითაც, უარესის მოლოდინში რუსეთის მოქალაქეებმა სხვადასხვა პროდუქციის მომარაგება დაიწყეს. სტატიის მიხედვით, ეკონომიკური კრიზისი შეეხო რუსეთის მოსახლეობის სამ მეოთხედს. ამასთან, 27,5 პროცენტი თავს მნიშვნელოვნად დაზარალებულად მიიჩნევს. „ვედომოსტი“ ამ მონაცემებს აქვეყნებს სოციალური ანალიზისა და პროგნოზირების ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით. გამოკითხულთა ერთ მესამედს სამსახურის მოსალოდნელი დაკარგვა აშინებს. მკვეთრად გაიზარდა იმათი წილი, ვისაც ხელფასი შეუმცირდა ან ხელფასს შეფერხებებით უხდიან.

გაზეთი „იზვესტია“ კი რუსეთში ოქროს წარმოების შესახებ აქვეყნებს სტატიას, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის დასრულებამდე რუსეთი აპირებს ოქროს წარმოების გაზრდას 297 ტონამდე, რაც 2-3 პროცენტით მეტი იქნება, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ერთი უნციის საშუალო ფასი კი იქნება 1 250 ამერიკული დოლარი. რუსეთის ოქროს მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარის, სერგეი კაშუბას, თქმით, წარმოების ზრდა უზრუნველყვეს მაგადანელმა, ირკუტსკელმა, ჩელიაბინსკელმა და კემეროვოელმა ოქროს მომპოვებლებმა.

ამასთან, სტატიის მიხედვით, რუსული ოქროს დიდი ნაწილი იყიდება შიდა ბაზარზე, ოქროს მნიშვნელოვანი შემსყიდველია რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი, რომელმაც 2016 წელს 40,4 ტონა ოქრო შეიძინა. შესაბამისად, ბანკის მონეტარულმა ოქროს მარაგმა 1583,2 ტონა შეადგინა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG