Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 23 ნოემბერი


„ღარიბებზე ფული არ ჰყოფნით“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „ვედომოსტიმ“ სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაცია სოციალურ დაცვაზე ხარჯავს 2,23 ტრილიონ რუბლს, თუმცა, ამის მიუხედავად, ღარიბების რაოდენობა არ მცირდება. გამოცემა სოციალური პოლიტიკის დამოუკიდებელი ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ გამოყოფილი თანხის მხოლოდ მეოთხედი იხარჯება შეჭირვებულთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, დანარჩენ თანხას კი სხვა დანიშნულებით მოიხმარენ.

სტატიის მიხედვით, სოციალური დახმარების არაეფექტიანობას განაპირობებს რეციპიენტთა დიდი რიცხვი და მიზერული ოდენობის დახმარება: სოცდახმარების ზომები ითვალისწინებს ადამიანის სოციალური სტატუსის უმცირეს დეტალებს, მაგრამ სრულიად ბრმაა მოქალაქის შემოსავლებთან მიმართებით და ვერ რეაგირებს დახმარების ობიექტურ საჭიროებაზე. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ შეღავათებს იღებენ საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ადამიანები და მოხელეები, რომლებისთვისაც ყოველივე ეს სოციალური პაკეტის ნაწილია.

„ვედომოსტის“ მიხედვით, 2016 წელს, 2014 წელთან შედარებით, მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა 11 პროცენტით, სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა 21,4 მილიონი ადამიანი, რაც მთელი რუსეთის მოსახლეობის 14,6 პროცენტია.

„კომერსანტი“ კი იმის შესახებ წერს, რომ 2017 წლის 31 მარტიდან რუსეთის მაღაზიებში ალკოჰოლის შესაძენად აღარ იქნება აუცილებელი სრულწლოვანების დასადასტურებლად პასპორტის ჩვენება. როგორც გამოცემამ გაარკვია, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანას მხარს უჭერენ საცალო მოვაჭრეები, რომელთა მტკიცებით, შეზღუდვის გამო უწევთ უარის თქმა ტრანზაქციების, დაახლოებით, 1 პროცენტზე. სტატიაში მოტანილია რუსეთის საცალო მოვაჭრეთა ასოციაციის პრეზიდენტის, ილია ლომაკინის, კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ინიციატივა ბევრს გაუმარტივებს ცხოვრებას: „პასპორტი დიდ ადგილს იკავებს, მისი მუდმივად ტარება მოუხერხებელია - განსაკუთრებით, ზაფხულში - მამაკაცებისთვის, რომლებიც არ ატარებენ ჩანთებს. მართვის მოწმობა კარგი გამოსავალი იქნებოდა“.

„როგორ იპყრობს რუსეთს „სააფთიაქო ალკოჰოლიზმი“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „როსბიზნესკონსალტინგში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც, რუსეთში არსებობს ალკოჰოლის უკანონო, პარალელური ბაზარი, რომელიც მთლიანი ბაზრის 20 პროცენტს იკავებს. ამასთან, გაზეთის ცნობით, რუსეთის მოსახლეობის, დაახლოებით, 10 პროცენტი სამედიცინო პრეპარატებსა და ლოსიონებს უყურებს როგორც თრობის საშუალებას.

გამოცემის თანახმად, გავრცელებული აზრით, რუსეთში ყველაზე კარგად იყიდება არაყი „პიატ ოზიორ“, რომლის 36 მილიონი ლიტრი გაიყიდა 2015 წელს. შემდეგ მოდის „ბელენკაია“ და „ზელიონაია მარკა“, თუმცა ყველა ეს არაყი, ჯამურადაც კი, ახლოს ვერ მივა სასმელთან, რომელსაც ხალხში „ბოიარიშნიკს“, ანუ ქართულად „კუნელს“, ეძახიან. ლაპარაკია სპირტის შემცველობის მქონე მედიკამენტებსა და კოსმეტიკურ საშუალებებზე, რომელთა ფორმალური დანიშნულება ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სხეულზე ზრუნვაა, თუმცა საზოგადოების ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენების წარმომადგენლები მათ მოიხმარენ როგორც არყის იაფ ალტერნატივას. რუსეთის ალკოჰოლის რეგულირების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები ყოველწლიურად მოიხმარენ 170 მილიონიდან 250 მილიონ ლიტრამდე ამგვარ ლოსიონებსა და ნაყენს, მომხმარებელთა რაოდენობა კი 13 მილიონიდან 15 მილიონამდე მერყეობს.

გაზეთი „იზვესტია“ მკითხველს აუწყებს, რომ რუსეთის დედაქალაქსა და კიდევ ორ ქალაქში - მახაჩკალასა და სოჭში - გაჩნდება კუბის რევოლუციის გარდაცვლილი ბელადის, ფიდელ კასტროს სახელობის ქუჩები, თუმცა, გამოცემის მიხედვით, მოსკოვში ქუჩისთვის სახელის შეცვლა დაკავშირებული იქნება მთელ რიგ იურიდიულ პრობლემებთან. სტატიიდან ირკვევა, რომ მოსკოვში ფიდელ კასტროსთვის ძეგლის დადგმისა და ქუჩისთვის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა მოსკოვის დუმის თავმჯდომარე ალეკსეი შაპოშნიკოვი.

მაინც რომელ ქუჩას მიენიჭება კომანდანტეს სახელი? ამ კითხვის პასუხად რუსეთის ლინგვისტ-ექსპერტთა გილდიის თავმჯდომარე, პროფესორი მიხაილ გორბანევსკი ამბობს:

„მოსკოვის ცენტრში შემორჩენილია უამრავი საბჭოთა ტოპონიმი, თუმცა ლოგიკური იქნებოდა მათთვის ძველი, ისტორიული სახელების დაბრუნება. მაგრამ კიდევ რჩება ეგრეთ წოდებული დანომრილი შესახვევები ქალაქის განაპირა უბნებში და ქუჩები „ახალ მოსკოვში“, თუმცა ეს არ იქნება საუკეთესო არჩევანი. კასტროს ხსოვნისთვის საჭიროა ისეთი ქუჩის შერჩევა, რომელიც შეესაბამება მის მასშტაბსა და თავისუფლებისმოყვარე სულს“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG