Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 7 დეკემბერი


„სამშობლოს ღალატი სატელეფონო შეტყობინების სისწრაფით“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქე ოკსანა სევასტიდი რვაწლიან პატიმრობას იხდის სამშობლოს ღალატისათვის, რაც გამოიხატა ტელეფონით მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნაში. საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე, როცა, საგამოძიებო მასალების მიხედვით, სოჭის მკვიდრმა ოკსანა სევასტიდიმ ე. წ. „ეს-ემ-ეს“-ი გაგზავნა საქართველოში და მოწინააღმდეგე მხარის სპეცსამსახურს მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის გადაადგილების შესახებ. სტატიის მიხედვით, პატიმრის უფლებებს იცავს ორგანიზაცია „რაზმი 29“, რომლის ადვოკატები აპირებენ კრასნოდარის სამხარეო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას. უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალშიც“ მიაჩნიათ, რომ ქალბატონი სევასტიდი „პოლიტიკური პატიმარია“.

ფრაგმენტი სტატიიდან: „2008 წლის მოვლენების დროს ოკსანამ დაინახა მატარებელი, რომელსაც გადაჰქონდა საბრძოლო ტექნიკა აფხაზეთის მიმართულებით და ამის შესახებ დაწერა საქართველოში თავისი მეგობრისთვის გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებაში. 2015 წლის იანვარში ის დააპატიმრეს, ბრალი წაუყენეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულში - სამშობლოს ღალატში, 2016 წლის მარტში კი დამნაშავედ ცნეს და მიუსაჯეს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად ოკსანა სევასტიდი სასჯელს იხდის ივანოვოს ოლქის ერთ-ერთ კოლონიაში“.

ადვოკატ ივან პავლოვის განმარტებით, სევასტიდის საქმეში არის აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ცნობა, რომლის მიხედვითაც, ტექსტური შეტყობინების ადრესატი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომელია, თუმცა „კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ადვოკატი პავლოვი სვამს შეკითხვას: არის კი სინამდვილეში ადრესატი საქართველოს სპეცსამსახურის თანამშრომელი? ადვოკატის ვარაუდით, აფხაზეთის უშიშროებისათვის საქართველოს ყველა მოქალაქე შეიძლება იყოს სპეცსამსახურის თანამშრომელი. ივან პავლოვის თქმით, ოკსანა სევასტიდი არ ყოფილა სახელმწიფო საიდუმლოს მატარებელი პირი, რადგანაც სამხედრო ტექნიკის გადატანა ხდებოდა ღიად, ათასობით ადამიანის თვალწინ და თუ ეს ინფორმაცია შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას, მაშინ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ის პირები, რომლებმაც მისი დაცვა ვერ უზრუნველყვეს.

„კომერსანტის“ მიხედვით, ანალოგიური ბრალდებით გასამართლებული არიან და სახელმწიფო ღალატისთვის რუსეთის ციხეებში სასჯელს იხდიან ეკატერინე ხარებავა (მისჯილი აქვს ექვსი წელი), ინგა ტუტსიანი და მანანა კაპანაძე, რომლებსაც 2014 წელს მიესაჯათ 12 წლით პატიმრობა მოკლე ტექსტური შეტყობინების საქართველოში გაგზავნისათვის.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი საბჭოთა კავშირის დაშლის 25 წლისთავის შესახებ წერს სტატიაში, რომლის სათაურია „ხსოვნა იყოს“. როგორც პუბლიკაციიდან ირკვევა, 1991 წლის დეკემბერში დაშლილი საბჭოთა კავშირი კვლავ რჩება რუსეთის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტორად. „ლევადას ცენტრის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლას ნანობს რუსეთის მოსახლეობის 56 პროცენტი, 2006 წელს ეს მეჩვენებული 61 პროცენტი იყო. ახლაც და ათი წლის წინაც რესპონდენტთა უმეტესობა (51 და 59 პროცენტი, შესაბამისად) ვარაუდობს, რომ კავშირის გადარჩენა შეიძლებოდა, მხოლოდ 27 პროცენტს მიაჩნია, რომ დაშლა გარდაუვალი იყო.

საბჭოთა კავშირის დაშლის გადამწყვეტ ფაქტორთა შორის რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის პრეზიდენტთა შეთქმულებას ასახელებს 32 პროცენტი, გარე ძალების ფაქტორს - 18 პროცენტი დაგორბაჩოვით მოსახლეობის უკმაყოფილებას - 21 პროცენტი.

გარდა ამისა, როგორც „ვედომოსტი“ წერს, დროთა განმავლობაში ტერმინმა „საბჭოთა ეკონომიკამ“ დადებითი შინაარსი შეიძინა. 2006 წელს რუსეთის მოქალაქეების 55 პროცენტი მისტიროდა ზესახელმწიფოს, 49 პროცენტი კი - ერთიან ეკონომიკურ სისტემას. ათი წლის შემდეგ ზესახელმწიფოს მისტირის 43 პროცენტი, ხოლო ერთიან ეკონომიკურ სისტემას - 53 პროცენტი. „ლევადას ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ალეკსეი გრაჟდანკინი ამბობს, რომ ხალხს ენატრება იდეალიზებული საბჭოთა წარსული და ამ ნოსტალგიის ხარისხი დამოკიდებულია ასაკზე: საბჭოთა კავშირის დაშლაზე ნაღვლობს 55 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეთა 83 პროცენტი, 40-54 წლის მოქალაქეებში კი ეს მაჩვენებელი 40 პროცენტია.

„გარკვეულწილად ეს არის ახალგაზრდობის მოგონებები, როცა ჰაერი და არაყი უფრო სუფთა გგონია, ძეხვი კი - უფრო გემრიელი“, - წერს გაზეთი „ვედომოსტი“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG