Accessibility links

„როსნეფტი“ ყიდულობს „პეტროკას ენერჯი გრუპის“ 49 პროცენტს, - წერს გაზეთი „კომერსანტი“, რომელიც იქვე მიუთითებს, რომ კომპანია, რომლის მფლობელი რუსეთის მოქალაქე, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია, საქართველოში ფლობს ნავთობტერმინალს. ამასთან,„პეტროკას ენერჯი გრუპი“ დაკავებულია ვაჭრობით, ტვირთებისა და ნავთობის გადატანით კასპიის ზღვის რეგიონში, ფლობს ავტოგასამართი სადგურების ქსელს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. „კომერსანტისათვის“ ინკოგნიტო წყაროს უცნობებია, რომ ფოთის პორტს, რომელიც კომპანიის საკუთრებაშია, შეუძლია წლის განმავლობაში გაატაროს 8 მილიონ ტონამდე ნავთობპროდუქტი და ამიტომაცაა დაინტერესებული მისი შეძენით „როსნეფტი“, რომელმაც სათბობით უნდა უზრუნველყოს საბაჟო კავშირში შემავალი სომხეთი. „კომერსანტის“ ინფორმაციით, აქციების 49 პროცენტის გაყიდვის მიუხედავად, დავით იაკობაშვილი ინარჩუნებს „პეტროკას ენერჯი გრუპის“ აქციათა საკონტროლო პაკეტს.

„კომერსანტი“ ასევე წერს საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ადმინისტრაციების ერთთვიანი შეთანხმების შესახებ, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის ავიარეისების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. ლაპარაკია 2015 წლის 31 იანვრამდე ინტერვალში მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი მარშრუტზე კვირაში 18 რეისის შესრულებაზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის პრობლემებზე აქვეყნებს ვრცელ სტატიას გაზეთი „იზვესტია“. „ურალის ავიახაზები“ არ შეუშვეს თბილისში“ - ამ სათარით დაბეჭდილი წერილი იწყება იმაზე საუბრით, რომ საქართველო განაგრძობს პრობლემების შექმნას რუსული ავიაკომპანიებისათვის და რომ, „ტრანსაეროს“ შემდეგ, „ურალის ავაიახაზებიც“ დაზარალდა. ავიაკომპანიის პრესსამსახურის განმარტებით, ლაპარაკია 25 დეკემბრისთვის დანიშნული რეისის გაუქმებაზე, რის მიზეზიც საქართველოს მხარის უარი გახდა. „იზვესტიის“ რედაქცია უარის მიზეზის გასარკვევად დაუკავშირდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პრესსამსახურს, რომლის განმარტებიდანაც გაირკვა, რომ „ურალის ავიახაზებს“ პრობლემა შექმნია ეგრეთ წოდებული „ფორმა ერ“-ის გამო. ეს ფორმა კი წარმოადგენს განაცხადს რეგულარული რეისების შესრულებაზე, რომელსაც გადამზიდავი წარუდგენს მარეგულირებელ ორგანოს - ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, რომლის წარმომადგენლებსაც გაუჭირდათ იმის ახსნა, თუ კონკრეტულად რა პრობლემებზეა ლაპარაკი, თუმცა დააზუსტეს, რომ კომპანია რეისებს თებერვლამდე ვერ შეასრულებს.

„იზვესტიის“ რედაქცია ვარაუდობს, რომ კონფლიქტი განპირობებულია ეკონომიკური მიზეზებით. საქმე ისაა, რომ ავიაკომპანია „სიბირი“ და სახელმწიფო ავიაკომპანია „ჯორჯიან ეირვეიზი“ ადრე ბილეთებს ყიდიდნენ 15 ათას რუბლად და უფრო ძვირადაც, მაგრამ ფასები მკვეთრად შეამცირა, თითქმის გაანახევრა „აეროფლოტმა“, რომლის ქმედების პასუხად 2014 წლის შემოდგომაზე „ჯორჯიან ეირვეიზმა“ განაცხადა, რომ ბილეთების გაყიდვის მოცულობა 60-70 პროცენტით შეუმცირდა და, თუ ასეთი ვითარება არ შეიცვლება, კომპანია ვერ შეძლებს რეისების განხორციელებას მოსკოვის მიმართულებით. შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა ქართული ავიაკომპანიის წუხილი და „აეროფლოტისა“ და „სიბირის“ ყოველკვირეული რეისები თბილისის მიმართულებით 14-დან 10-მდე შეამცირა.

თუმცა „უარალის ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ საქართველოსთან მოქმედებს სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება ღია ცის შესახებ და ეს სავსებით საკმარისია თბილისის რეისებზე ბილეთების გასაყიდად. სტატიის ფინალში მოტანილია რამდენიმე ექსპერტის აზრი, რომელთა მიხედვითაც, კომპანიებს შორის მიმდინარეობს ტარიფების ომი, რომლშიც აქტიურად გამოიყენება სახელმწიფო აპარატის რესურსი.

„მისაყოლებელი არაყზე უფრო ძვირია“ - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას „ნეზავისიმაია გაზეტა“, რომელიც საახალწლოდ სურსათზე ფასების მატებას შეეხება. როგორც რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა, რუსეთში ახალი წლის სუფრა 12 პროცენტით გაძვირდა, შარშანდელთან შედარებით, და მისმა ღირებულებამ 4,5 ათასი რუბლი შეადგინა. ამასთან, ზოგიერთი სახის სურსათი წლის განმავლობაში 30 პროცენტით გაძვირდა. რუსი სტატისტიკოსების გამოთვლით, კლასიკური ოლივიე წელს 6 პროცენტით ძვირი დაჯდება - ყველაზე მეტად გაძვირდა ბოსტნეული, ნაკლებად კი - ძეხვი. დამარილებული ქაშაყისგან მომზადებული ტრადიციული კერძის მომზადების ხარჯი 8 პროცენტით გაიზარდა და 116 რუბლი შეადგინა. ამასთან, საახალწლო სუფრის გაწყობა ყველაზე ძვირი - 5,6 ათასი რუბლი - მოსკოვის მცხოვრებლებს დაუჯდებათ. სამაგიეროდ, ახალი წლის შემდეგ გაიაფდა არაყი, რომლის ნახევარი ლიტრი 2015 წლის 1 თებერვლიდან 220 რუბლიდან 185 რუბლამდე შემცირდება, თუმცა გაზეთის რედაქცია იმასაც შენიშნავს, რომ 2014 წლის დასაწყისში 1 ბოთლი არყის ყიდვა 125 რუბლადაც შეიძლებოდა. არყის ფასებთან დაკავშირებით გაზეთი მკითხველს სთავაზობს ალკოჰოლის ფედერალური და რეგიონალური ბაზრების კვლევის ცენტრის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, რომ არა ბიუროკრატიული წინააღმდეგობა, არაყი კიდევ უფრო იაფი იქნებოდა, რადგანაც მეზობელ ყაზახეთში მისი თვითღირებულება სულ რაღაც 20 რუბლია.

XS
SM
MD
LG