Accessibility links

რუსეთის საგარეო პოლიტიკა ლავროვის თვალით


სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი

რუსეთი მკაცრად აკრიტიკებს დასავლეთს უკრაინის გამო - აცხადებს, რომ პოლიტიკური არეულობა და შეიარაღებული კონფლიქტი არის იმის შედეგი, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უწოდა „დასავლეთის ქვეყნების 25-წლიანი მცდელობა, სხვების ხარჯზე გაიმყარონ საკუთარი უსაფრთხოება“. ეს და სხვა განცხადებები - მათ შორის, საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე -ლავროვმა გააკეთა 19 ნოემბერს, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში გამოსვლისას.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტების, უსაფრთხოება უზრუნველყოფილია რუსეთის ფედერაციის მიერ - მთლიანად და საიმედოდ. ყირიმი წარმოადგენს რუსეთის განუყოფელ ნაწილს და ჩვენ ვკისრულობთ სრულ პასუხისმგებლობას მასზე, როგორც რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ სუბიექტზე...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი არ მოახდენს ზეწოლას „მოკავშირეებზე“ ყირიმის რუსეთის ნაწილად და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე დასათანხმებლად.

„როცა საუბარია, სხვა საკითხებთან ერთად, აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთზე, ყირიმის ამბავზე, ჩვენ არ ვაიძულებთ ჩვენს პარტნიორებს მთლიანად, 100%-ით მიიღონ ჩვენი შეფასებები. არ გვინდა მათი ჩაყენება უხერხულ მდგომარეობაში, თუ ეს მათთვის რაღაც მიზეზების გამო არ არის კომფორტული. ეს არ არის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ან ყირიმის ნახევარკუნძულისათვის“, - განაცხადა ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატების წინაშე გამოსვლის შემდეგ, შეკითხვებზე პასუხისას. მისივე განმარტებით, გაერთიანებები, რომელთაც რუსეთი ამჟამად ქმნის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად, მიზნად ისახავს უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესების დაცვას. რუსი მინისტრის ამ განცხადებების სავარაუდო მიზანია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში შიშის გაქარწყლება, რომ რუსეთმა შესაძლოა მათი სუვერენიტეტიც ხელყოს მას შემდეგ, რაც მარტში უკრაინისაგან ყირიმის ანექსია მოახდინა...

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტების, უსაფრთხოება უზრუნველყოფილია რუსეთის ფედერაციის მიერ - მთლიანად და საიმედოდ. ყირიმი წარმოადგენს რუსეთის განუყოფელ ნაწილს და ჩვენ ვკისრულობთ სრულ პასუხისმგებლობას მასზე, როგორც რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ სუბიექტზე. სად არის აქ აუცილებლობა, ხალხი აიძულო რაღაც განცხადებები აკეთოს? ჩვენ მშვენივრად ვხედავთ, რომ პრაქტიკაში ჩვენი მოკავშირეები ამოდიან ფაქტობრივად შექმნილი რეალობიდან. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ეს არის“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მინისტრის დღევანდელი გამოსვლის დიდი ნაწილი აღმოსავლეთ უკრაინას დაეთმო. მინისტრმა დასავლეთს მოუწოდა ხელი შეუწყოს ამ რეგიონში დაპირისპირებული ორივე მხარისათვის მისაღები შეთანხმებების მიღწევას: „ჩვენი წინადადებაა, შემდეგი ნაბიჯი იყოს კიევსა და დონბასის წარმომადგენლებს შორის მყარი კონტაქტის დამყარება ერთმანეთისათვის მისაღები შეთანხმებების მისაღწევად. დასავლეთი ამ პროცესის სტიმულირებით უნდა იყოს დაკავებული და არა იმისაკენ მისწრაფებით, რომ უპირობოდ უჭერდეს მხარს ყველაფერს, რასაც აკეთებს ომის მხარე კიევში, და თვალს ხუჭავდეს ადამიანის უფლებების აღმაშფოთებელ დარღვევებზე, ღია უკანონობასა და ომის დანაშაულებზე. მცდელობები რუსეთს გადააბრალონ უკრაინის კრიზისი, უპერსპექტივოა“.

რუსეთი თანმიმდევრულად გამოდის ინტეგრაციული, პოზიტიური დღის წესრიგისთვის, რომელიც მიმართულია არა განხეთქილებების, არამედ სახელმწიფოებს შორის კავშირების განვითარების ხელშეწყობისაკენ...

ამავე დროს, ლავროვმა კიდევ ერთხელ უარყო ბრალდება, რომ მოსკოვი მონაწილეობს უკრაინის მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში, რომელმაც, აპრილიდან მოყოლებული, 4100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

ზოგადად, როგორც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლამ ცხადყო, მოსკოვი დასავლეთს აკრიტიკებს უკრაინის გამო - აცხადებს, რომ პოლიტიკური არეულობა და შეიარაღებული კონფლიქტი არის იმის შედეგი, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უწოდა „დასავლეთის ქვეყნების 25-წლიანი მცდელობა, სხვების ხარჯზე გაიმყარონ საკუთარი უსაფრთხოება“.

„რუსეთი თანმიმდევრულად გამოდის ინტეგრაციული, პოზიტიური დღის წესრიგისთვის, რომელიც მიმართულია არა განხეთქილებების, არამედ სახელმწიფოებს შორის კავშირების განვითარების ხელშეწყობისაკენ. სამწუხაროდ, ეს კონსტრუქციული კურსი აწყდება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მცდელობებს, დაყონ და იბატონონ, გაიტანონ ცალმხრივი პოზიციები, მსოფლიო გადააწყონ თავიანთი კონიუნქტურული ჩანაფიქრების მიხედვით“ - ასე წარმოსახა ლავროვმა რუსეთისა და დასავლეთის საგარეო პოლიტიკა სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას.

XS
SM
MD
LG