Accessibility links

logo-print

გასაიდუმლოვდება მშვიდობიან დროს რუსეთის სამხედრო დანაკარგები


ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ასაიდუმლოებს მშვიდობიან დროს ჩატარებული სპეცოპერაციებისას განცდილ სამხედრო დანაკარგებს.

შესწორება, რომელიც შედის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის შესახებ 1995 წლის საპრეზიდენტო ბრძანებაში, 28 მაისს გამოქვეყნდა ოფიციალურ ვებგვერდზე.

ამ შესწორებამდე სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლებოდა ინფორმაცია რუსეთის არმიის მიერ მხოლოდ ომის დროს განცდილი დანაკარგების შესახებ.

ბრძანების თანახმად, ასევე გასაიდუმლოვდება ცნობები იმ პირთა შესახებ, რომლებსაც შეისწავლის რუსეთის დაზვერვა, კონტრდაზვერვა და ოპერატიული სამსახურები, მათთან ფარული თანამშრომლობის დამყარების მიზნით.

უწინდელი კანონით, საიდუმლოდ ითვლებოდა ინფორმაცია მხოლოდ მათ შესახებ, ვინც უკვე ითანამშრომლა რუსეთის დაზვერვასთან.

შესწორებების ფონია ბრალდებები, რომ რუსეთის სამხედროები მონაწილეობენ შეტაკებებში უკრაინის ძალებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის აღმოსავლეთ უკრაინაში. მოსკოვი ამ ბრალდებებს უარყოფს.

რუსეთში აქტივისტები აცხადებენ, რომ უკრაინიდან რუსეთში უჩუმრად ჩამოაქვთ დაღუპული რუსი სამხედროების გვამები.

ამგვარი ცნობები გასულ კვირაშიც გავრცელდა - აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მიაკვლიეს სამი სამხედროს ახალ საფლავებს და რომ სამხედროები ეკუთვნოდნენ რუსეთის საგარეო სამხედრო დაზვერვის უწყების,„გრუს“, სპეცრაზმს, რომელიც მოსკოვიდან სამხრეთით, 400 კილომეტრის მოშორებით, ტამბოვშია დისლოცირებული. აქტივისტების ვარაუდით, სამხედროები შესაძლოა უკრაინაში დაიღუპნენ.

ამ ცნობების გავრცელებას ცოტა ხნით უსწრებდა უკრაინის ხელისუფლების მიერ ორი სამხედროს დაკავება, რომლებიც, უკრაინის თქმით, „გრუს“ ჯარისკაცები არიან და აღმოსავლეთ უკრაინაში მივლინების დროს შეტაკებებში დაიჭრნენ. 2014 წლის აპრილის შემდეგ კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში 6 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

აქტივისტების მიერ ნაპოვნმა საფლავებმა ბიძგი მისცა განახლებულ დისკუსიას რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში მასშტაბური სადაზვერვო ოპერაციების განხორციელების თაობაზე, მყიფე ზავის მოქმედების მიუხედავად.

რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ უკრაინაში სამხედროებს გზავნის და აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სეპარატისტებთან იბრძვიან, მოხალისეები არიან და იქ საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდნენ.

მოსკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებულმა ორმა სამხედრომ არმია დეკემბერში დატოვა, თუმცა უკრაინის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ორივე დაკავებული ამბობს, რომ „გრუს“ მოქმედი ოფიცერია.

პრეზიდენტის ახალი ბრძანება უკანონოდ აცხადებს აქტივისტების მცდელობებს მოიპოვონ ინფორმაცია უკრაინაში ან სხვაგან რუსეთის სამხედრო მოქმედებების შესახებ, თუკი ამ მოქმედებებს ოფიციალურად უწოდებენ „სპეცოპერაციას“.

მოსკოვში თებერვლის ბოლოს მოკლული ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მუშაობდა ანგარიშზე, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჩართულობას ასახავს. ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, მიმდინარე თვეში, ანგარიში მისმა თანამებრძოლებმა გამოაქვეყნეს. დოკუმენტის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლაში ამ დრომდე 200-ზე მეტი რუსი სამხედროა დაღუპული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG