Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო წვრთნები და საქართველოს უსაფრთხოება


რუსეთი განაგრძობს ძალის დემონსტრირებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამჯერად ლაპარაკია მოსკოვის მიერ წამოწყებულ მასშტაბურ და ხანგრძლივ სამხედრო წვრთნაზე, რაც, რუსეთის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ტერიტორიების გარდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც – მოიცავს. საქართველო კი, შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო დაახლოების გზებს ეძებს და ქვეყნის უახლოესი მომავლის პრიორიტეტად უელსის სამიტის გადაწყვეტილებათა ხორცშესხმა მიიჩნევა. რისი თქმა უნდა შექმნილ სიტუაციაში რუსეთს და რამდენად საიმედოა საქართველოს უსაფრთხოება?

საზენიტო და საარტილერიო შენაერთები ერთი თვის განმავლობაში დახვეწენ თავიანთ პროფესიულ ოსტატობას, სრულყოფენ შენაერთების სამხედრო თავსებადობას, სამხედროები აითვისებენ საცეცხლე ამოცანების შესრულების ახალ მეთოდებს, რითიც უნდა დაეხმარონ მოტომსროლელ და სატანკო შენაერთებს რთულ საომარ სიტუაციაში; საგანგებო ყურადღება დაეთმობა ვარჯიშს საარტილერიო ცეცხლის სამართავ პუნქტებზე, – იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 17 აგვისტოს სამხრეთის სამხედრო ოლქის მასშტაბით დაწყებულ სამხედრო წვრთნების შესახებ. პროცესი 18 სექტემბრამდე გასტანს.

ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც აწარმოებს რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან მიმართებით, მაშინ როცა მას უკვე ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი, – აცხადებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე და იქვე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებზე აკეთებს აქცენტს:

„ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ განვამტკიცოთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, რათა მოხდეს ჩვენი მოწინააღმდეგის მაქსიმალური შეკავება იმ ფარგლებში, სადაც ის ამჯერად იმყოფება და მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, როდესაც ეს ჯარი, რომელიც წვრთნებს გადის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აუცილებლად დატოვებს საქართველოს“.

ბესიკ ლოლაძის თქმით, რუსეთის საპასუხოდ, საქართველო ცდილობს, მაგალითად, კიდევ უფრო გააღრმავოს და გააფართოოს ურთიერთობები თავისუმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან,სადაც ამჟამად იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელი შეერთებულ შტატებში ერთი კვირით თავის ამერიკელ კოლეგასთანეშტონ კარტერთან და სხვა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ პირებთან სალაპარაკოდ ჩავიდა. ხიდაშელის განცხადებით, შეერთებული შტატები საიმედო პარტნიორია და, მისი დახმარებით, საქართველოს წარმატება „გაცილებით უფრო დიდი და მრავლისმომცველი იქნება“, ვიდრე ეს მის გარეშე იქნებოდა. ყურადღება ძირითადად მიმართულია უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის განხორციელებისკენ:

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

„მათ შორის არის, მაგალითად, პროფესიული განათლების სკოლა, რომელიც უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, ჩვენი უწყებისთვის, მაგრამ, წარმატების შემთხვევაში, მას რეგიონალური ფუნქცია და მნიშვნელობა ექნება. ბუნებრივია, (ნატო-საქართველოს) ერთობლივი სასწავლო ცენტრი არის ბევრისთვის ფოკუსი იმ მოქმედებებისა, რასაც დღეს თავდაცვის სამინისტრო ეწევა აგრეთვე იმავე ფუნქციით, რომ მოემსახუროს არა მხოლოდ საქართველოს საჭიროებებს, არამედ იყოს რეგიონალური მასშტაბის და საქართველო გახდეს უსაფრთხოების მიმწოდებელი ქვეყანა, ანუ მოსარგებლიდან გადაიქცეს მიმწოდებლად“.

რუსეთი ვერასოდეს შეეგუება საქართველოს თავისუფალ არჩევანსა და წინსვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელია. მისი აზრით, რუსეთი ხშირად იყენებს სამხედრო ძალას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების გასატარებლად და 17 აგვისტოს წამოწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნებით, საერთაშორისო თანამეგობრობის დასანახად, ის კვლავ თავისი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. რუსეთის აგრესიულ რევანშიზმზე მიუთითებს წვრთნების არეალში უკრაინის ანექსირებული და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ჩართვაც:

„რუსეთი ცდილობს ძალით მიღწეული ე. წ. წარმატების ლეგიტიმაციას, სამხედრო ძალის გამოყენებით... ამის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია საგარეო-პოლიტიკური კუთხით ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი გზავნილების კონსოლიდირება, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით. გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესია მოდის, რომელიც ერთ–ერთ ფორუმად უნდა იყოს ამ მიზნით გამოყენებული. ეს ყველაფერი, ერთიანობაში, უნდა იყოს აკინძული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში“.

რუსეთის მხრიდან მასშტაბური ოპერატიულ-სტრატეგიული ხასიათის სამხედრო წვრთნების წამოწყება შემთხვევითად არც ვახტანგ მაისაიას მიაჩნია. როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რუსეთი თავისი აგრესიული შესაძლებლობების დემონსტრირებას კიდევ უფრო დიდი მონდომებით ცდილობს, უკრაინისა და სირიის კრიზისების გამწვავების ფონზე. ამ კონტექსტში ვახტანგ მაისაია სავსებით რეალისტურ საფრთხედ მიიჩნევს რუსეთის მხრიდან მეტი აგრესიის გამოვლენას საქართველოს მისამართითაც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG