Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი საქართველოს ცაზე


რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები
რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის მორიგ „პროვოკაციულ“ ქმედებას, რაც 19 აგვისტოს თბილისის მიერ კონტროლირებული საჰაერო სივრცის დარღვევით გამოვლინდა. საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს. რა დგას რუსეთის ფედერაციის ქმედების მიღმა და რა ბერკეტები უნდა დაუპირისპიროს მას საქართველომ?

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მიერ კონტროლირებული საჰაერო სივრცე რუსეთის ფედერაციამ ოთხშაბათს 10:57 საათზე დაარღვია. რუსეთის საოკუპაციო ძალების კუთვნილი „მი-8“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ოკუპირებული სოფლის – ხელჩუას – მხრიდან გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარის მიმართულებით შემოფრინდა და შემდეგ ფრენა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით განაგრძო.

„რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“, – ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც საგარეო უწყება

„მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებასა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას“. აქვეა საერთაშორისო მოწოდებაც:

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, უპირველესად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს“.

მიმდინარე პროცესებს „საკმაოდ არასასიამოვნოს“ უწოდებს „ქართული ოცნების“ საპარლამეტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი და, მისი შეფასებით, საქართველომ ამ ყველაფერს ისევ და ისევ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა უნდა დაუპირისპიროს:

„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების კურსი ისარგებლოს საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მხარდაჭერით, აწარმოოს მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში, - როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ორმხრივ დონეზე, - არის ის გამოსავალი, ის კურსი, რომელიც შექმნილი ვითარების ადეკვატურია“.

არ არის საკმარისი, ვთქვათ, მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები და საპროტესტო ნოტების გადაცემა. აუცილებელია, რომ რუსეთის მცოცავ ოკუპაციასთან და აგრესიასთან დაკავშირებული საკითხი უფრო მაღლა ავიდეს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის დონე...
დავით ზალკალიანი

რუსეთის აგრესიის შეჩერების კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ასევე ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანიც, თუმცა ის ამ ეტაპზე ვერ ხედავს სასურველ მწვავე რეაგირებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და თვლის, რომ ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლებას ბევრად მეტი ძალისხმევა მოეთხოვება. რადიო თავისუფლებასთან დავით ზალკალიანი ქვეყნის უმაღლესი პირების როლზეც ლაპარაკობს:

„არ არის საკმარისი, ვთქვათ, მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები და საპროტესტო ნოტების გადაცემა. აუცილებელია, რომ რუსეთის მცოცავ ოკუპაციასთან და აგრესიასთან დაკავშირებული საკითხი უფრო მაღლა ავიდეს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის დონე და მათ პირადი კონტაქტები უნდა გამოიყენონ. ისინი უნდა იყვნენ მუდმივ კავშირში პარტნიორებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებში და მათ მთელი სიმწვავით უნდა აგრძნობინონ, თუ რაოდენ სერიოზულია ეს საკითხი“.

დავით ზალკალიანის მსგავსად, რუსეთის მიერ საქართველოს კონტროლირებული საჰაერო სივრცის დარღვევა მიზანმიმართულ ქმედებად მიაჩნია გიორგი გობრონიძესაც. როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რუსეთს კონკრეტული მიზნები ამოძრავებს:

„არ მგონია, რომ ეს იყოს შემთხვევითი აქტი. არ მგონია, რომ თვითონ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, კავკასიის მიმართულებით, იყოს იმგვარი სიტუაცია, რომ ვერ აკონტროლებდნენ, თუ სად დაფრინავენ და როგორ დაფრინავენ მათი სამხედრო საჰაერო საშუალებები. მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს, პირველი, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო დააშინოს კონფლიქტისპირა რეგიონებში და, მეორე, ზოგადად, საქართველოში შექმნას კიდევ უფრო დაძაბული ფონი, რაც ხორციელდება იგივე, თუნდაც, მავთულხლართების გავლების პოლიტიკითა თუ სხვა ნაბიჯებით“.

გიორგი გობრონიძის თქმით, სავსებით შესაძლებელია მოსკოვის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა აღვიქვათ მუქარად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების ჭრილში. ექსპერტისთვის ადვილად წარმოსადგენია, თუ როგორ აღიზიანებს რუსეთს თუნდაც მხოლოდ ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი და შემფასებელი ცენტრი, რომლის გახსნაც საქართველოში აგვისტოს ბოლოსთვის იგეგმება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG