Accessibility links

რუსეთის სცენარი: „სამხედრო გასტროლები ევროპაში“


ავტორი: ანა ლომთაძე

რუსული ტანკები ვარშავასა და ბერლინში. ყუმბარები კი - ვაშინგტონსა და ლონდონში. ნიკა სტრიჟაკი, სანკტ-პეტერბურგის მე-5 არხის ჟურნალისტი, სხვადასხვა სცენარს გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიპყრობს რუსეთის ჯარი დასავლეთს.

ყველაფერი გჟეგოჟ სხეტინას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით დაიწყო:

„არ არის ბუნებრივი, რომ ომის დამთავრებას იქ ავღნიშნავთ, სადაც ეს ომი დაიწყო. ასე ადვილად რატომ მივეჩვიეთ იმას, რომ მეორე მსოფლიო ომზე გამარჯვების დღეს მოსკოვში აღვნიშნავთ და არა, მაგალითად, ლონდონში ან ბერლინში. ეს უფრო ბუნებრივი იქნებოდა.“

სხეტინამ მინიშნება გააკეთა გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის არსებულ 1939 წლის შეთანხმებაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის დანაწილებას გულისხმობდა.

რუსეთის ტელევიზიის რეაქციამ არ დააყოვნა. აი, როგორ უპასუხა სტრიჟაკმა სხეტინას თავის ყოველკვირეულ გადაცემაში:

„მართლაც საინტერესო წინადადებაა, ჩვენი გამარჯვების დღე ლონდონში ან ბერლინში გადავიტანოთ. ხომ სავსებით შესაძლებელია, ჩვენი ტანკები პოლონელებს ვაჩვენოთ? მოვაწყოთ ერთი დიდი ევროპული გასტროლი. რასაკვირველია, ეს სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია. რატომ უნდა მოვუწყოთ დღესასწაული მარტო პოლონელებს? ნაცისტების წინააღმდეგ იმ ომში ხომ თითქმის მთელი მსოფლიო მონაწილეობდა?“

შემდეგ სტრიჟაკი ტელემაყურებლებს პიოტრ მარინინის სიუჟეტს სთავაზობს.

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი რუკების გამოყენებით, მარინინი მოსკოვიდან ნახსენებ ქალაქებამდე მანძილს ზომავს და სასხვათაშორისოდ აცხადებს, „ვარშავა ძალიან მარტივია. მოსკოვიდან პოლონეთის დედაქალაქამდე სულ რაღაც 1300 კმ-ია. რუსებს იქ ჩაღწევა ერთ დღეზე ნაკლებში შეუძლიათ“. ამასობაში, მუსიკაც უფრო დრამატული ხდება და მარინინი სხვა ქალაქებზე გადადის. თურმე რუსები გერმანიას კარგად იცნობენ და იქ წასასვლელად რუკის გამოყენებაც კი არ დასჭირდებათ. ეკრანზე ჩანს, როგორ წევენ დაბლა რუსი ჯარისკაცები გერმანიის დროშას და თავისას აღმართავენ. „პრაღა, ჰელსინკი, ვილნიუსი, ტალინი, რიგა: ეს ქალაქები სულ მთლად ახლოს არიან“, ირწმუნება მარინინი და შემდეგ ვაშინგტონისა და ლონდონის აღების გეგმებზე გვიამბობს. ირკვევა, რომ ამ ორს მეტი წინასწარი დაგეგმვა დასჭირდება, თუმცა რუსული საზღვაო და საჰაერო ძალების დახმარებით ყველაფერი გამოვა.

ასე ოპტიმისტურად ამთავრებს მარინინი თავის სიუჟეტს.

მე-5 ტელეარხი ეკუთვნის „ეროვნულ მედიაჯგუფს“, რომელშიც წილი ბანკ „როსიასაც“ აქვს. ამ ბანკის უმსხვილესი აქციონერი კი იური კოვალჩუკია. იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია. უკრაინის კრიზისის გამო ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ დაწესებული ბოლოდროინდელი სანქციებით კოვალჩუკმა სერიოზულად იზარალა.

ევროკავშირის ინფორმაციით, ბანკი „როსია“ „ეროვნული მედიაჯგუფის“ მნიშვნელოვან ნაწილს ფლობს. ხოლო ეს უკანასკნელი აკონტროლებს ადგილობრივ ტელევიზიებს, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის პოლიტიკას.

XS
SM
MD
LG