Accessibility links

რატომ არის სახიფათო რუსეთის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების სია“


ეუთო შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ „ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიის“ გამოქვეყნების გამო: სიაში ყირიმელი ჟურნალისტები და აქტივისტებიც არიან შეყვანილი.

რუსეთის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურმა „როსფინმონიტორინგმა“ 12 ივლისს ე. წ. ტერორისტებისა და ექსტრემისტების სია გამოაქვეყნა. სხვათა შორის, „როსფინმონიტორინგი“ შექმნილია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დადგენილებით და პირდაპირ მის წინაშეა პასუხისმგებელი.

„ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ მრავალათასიან ჩამონათვალში, რომელიც უცხოეთისა და რუსეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მოიცავს, არის უკრაინაში - ყირიმში - დაბადებული 22 პირიც, მათ შორის უკრაინელი რეჟისორი, რუსეთში დაპატიმრებული ოლეგ სენცოვი და ჟურნალისტები ნიკოლაი სემენა და ანა ანდრიევსკა, რომლებიც ყირიმის შესახებ ჩვენი რადიოს ვებსაიტთან თანამშრომლობენ.

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი შიშობს, რომ „ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში“ მოხვედრის გამო ჟურნალისტებს საფრთხე ემუქრებათ. „მთავრობას აკისრია პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება. მან არ უნდა ჩააგდოს საფრთხეში ჟურნალისტები ექსტრემიზმის საწინააღმდეგო კანონის საფუძველზე პროკურორების ვარაუდების გამო,“ - ვკითხულობთ მიატოვიჩის განცხადებაში, რომელიც 12 ივლისს გავრცელდა.

13 ივლისს კი ჩვენი რადიოს ვიცე-პრეზიდენტმა და მთავარმა რედაქტორმა ნენად პეიჩმა პრაღაში თქვა, რომ რუსი ოფიციალური პირების მოქმედება მიმართულია „ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ მათი ჟურნალისტური საქმიანობის გამო - ყირიმში მიმდინარე მოვლენების პატიოსნად, კრემლის მითითებებისაგან დამოუკიდებლად გაშუქებისათვის“.

რუსეთმა, მას შემდეგ, რაც 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა, აკრძალა და „ექსტრემიზმად“ და „სეპარატიზმად“ გამოაცხადა ყირიმის კვლავინდებურად უკრაინის კუთვნილ ტერიტორიად მოხსენიება. შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ეუთო და საერთაშორისო მედიაორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ოკუპირებულ ყირიმში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის გამო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG