Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნიუ-იორკ ტაიმსი“: კლინტონთა ფონდმა თანხა მიიღო, როცა რუსეთი ურანზე ხელშეკრულებებს აფორმებდა


„ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, კანადაში დაფუძნებული - აშშ-ის ურანის მნიშვნელოვანი წილის მქონე - კომპანიის მესვეურებმა მსხვილი თანხა შეიტანეს კლინტონების საოჯახო ფონდში მაშინ, როცა ფირმის შესყიდვას აწარმოებდა რუსეთი. შესყიდვის პროცესი მიმდინარეობდა იმ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც ჰილარი კლინტონის ხელმძღვანელობით მოქმედმა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა.

ავტორიტეტიანმა გაზეთმა ეს ცნობა 23 აპრილს დაბეჭდა, როცა ორი კვირაც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აპირებს კენჭი იყაროს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი ქმარი, ბილ კლინტონი, ამ პოსტს იკავებდა 1993-დან 2001 წლამდე.

ცნობის თანახმად, კანადის მონაცემები აჩვენებს „თანხის გაგზავნას კლინტონთა ფონდისთვის“ მაშინ, როცა რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კორპორაცია „როსატომი“ კანადის კომპანიის, Uranium One-ის, შესყიდვის პროცესში იყო.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, შეთანხმება, რომლითაც რუსეთს გადაეცა კონტროლი აშშ-ის ურანის საწარმოო პოტენციალის ერთ მეხუთედზე, საჭიროებდა დამტკიცებას კომიტეტისგან, რომელშიც აშშ-ის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები შედიან. ცნობის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელსაც მაშინ ჰილარი კლინტონი ხელმძღვანელობდა, მწვანე შუქი აუნთო შეთანხმებას.

გაზეთში მოტანილია კლინტონის საარჩევნო კამპანიის პრესმდივნის სიტყვები, რომ „არავის არასოდეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ სახელმწიფო მდივნად მუშაობისას მან ოდესმე იმოქმედა კლინტონების ფონდის დონორთა ინტერესების სასარგებლოდ“.

გამოცემის თანახმად, Uranium One-ის ხელმძღვანელმა თავისი საოჯახო ფონდის მეშვეობით ოთხი შენატანი განახორციელა, რომლებიც, საერთო ჯამში, 2,25 მილიონი დოლარის ღირებულების იყო. ამასთან, გაზეთი წერს, რომ თანხები ასევე გადარიცხეს სხვა პირებმა, რომლებსაც კომპანიასთან ჰქონდათ კავშირი.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, რუსეთს საჯაროდ ახალი გამოცხადებული ჰქონდა თავისი განზრახვა, შეეძინა „Uranium One“-ის აქციების საკონტროლო პაკეტი, როცა ბილ კლინტონს მოსკოვში სიტყვით გამოსვლისთვის 500 ათასი დოლარი გადაუხადა კრემლთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა რუსულმა საინვესტიციო ბანკმა, რომელიც პოპულარიზაციას უწევდა „Uranium One“-ის აქციებს.​

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, შეასრულა თუ არა ამ შენატანებმა რაიმე როლი იმ შეთანხმების დამტკიცებაში, რომელმაც ხელი შეუწყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიზნისკენ სვლას - მსოფლიოში ურანის მიწოდების ქსელში რუსეთის წილის გაზრდას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG