Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციები რუსეთის მიმართ და მათთან მიერთების ამბავი


საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფართო დისკუსია მოჰყვა ევროკავშირის საბჭოს ვებსაიტზე 28 ივლისს გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველო, სხვა ქვეყნებთან ერთად, ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო დაწესებულ შემზღუდავ ზომებს შეუერთდა - კერძოდ, იქ წარმოებული პროდუქციის შეზღუდვას. კონკრეტულად რა სანქციას მიუერთდა საქართველო და რატომ გახდა ეს განცხადება კრემლის პრესმდივნისთვის მუქარის შემცველი განცხადებების საფუძველი?

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე 28 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადების თანახმად, ევროკავშირის საბჭომ მიმდინარე წლის 19 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება არსებული ზომების ერთი წლით, 2016 წლის 23 ივნისამდე, გახანგრძლივების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ ჩერნოგორია, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, უკრაინა და საქართველო. დეკლარაციის თანახმად, ეს ქვეყნები თავიანთ სახელმწიფო პოლიტიკას საბჭოს ამ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოიყვანენ. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ნაბიჯს. ამავე დროს, საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც, საბჭოს კიდევ ერთი დეკლარაციის თანახმად, შეუერთდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის გამო დაწესებულ შემზღუდავ ზომებს.

საქმე ეხება ევროკავშირის სანქციებს ყირიმსა და სევასტოპოლში ნაწარმოები პროდუქციის იმპორტზე, რომელთაც საქართველო ერთი წლის წინ მიუერთდა. ეს მოხდა 2014 წლის ივნისში. ამჟამად კი მოხდა ახალი დეკლარაციის მიღება ევროკავშირის მიერ...
დავით ზალკალიანი

რადიო თავისუფლებასთან საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი დავით ზალკალიანი, ამბობს, რომ დაბნეულობა გამოიწვია ინფორმაციამ, თითქოს საქართველო მიუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. ამ სანქციებს საქართველო არ მიერთებია. საქმე ეხება ყირიმსა და სევასტოპოლში ნაწარმოები პროდუქციის იმპორტს. დავით ზალკალიანის თქმით, ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო ევროკავშირს რუსეთის მიმართ მრავალი სანქცია აქვს წაყენებული. მათ შორის ერთ-ერთია ამ რეგიონებში წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა. საქართველო, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, უარს ამბობს ყირიმსა და სევასტოპოლში ნაწარმოები პროდუქციის იმპორტზე:

„საქმე ეხება ევროკავშირის სანქციებს ყირიმსა და სევასტოპოლში ნაწარმოები პროდუქციის იმპორტზე, რომელთაც საქართველო ერთი წლის წინ მიუერთდა. ეს მოხდა 2014 წლის ივნისში. ამჟამად კი მოხდა ახალი დეკლარაციის მიღება ევროკავშირის მიერ“.

მედიასთან საუბარში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მხოლოდ ის განმარტა, რომ საქართველო რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებულ არავითარ სანქციას არ მიერთებია და მხოლოდ არსებულის გახანგრძლივება მოხდა, თუმცა არ განუმარტავს, კერძოდ, რომელი სანქციის გახანგრძლივებაზე იყო საუბარი:

„მინსკის პირველი და მეორე მოლაპარაკებების დროს სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სანქციები და ზომები იქნა მიღებული, რომელზედაც ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვართ მიერთებული ან არ ვართ შეერთებული. აქედან გამომდინარე, ეს არის ის ნაწილი, რომელზეც ჩვენ შეერთებული ვიყავით პირველივე დღიდან“.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მკაფიოდ ვერ განმარტავენ სანქციების თაობაზე ინფორმაციას, ამასობაში კი კრემლი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა „შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღოს ჩერნოგორიის, ალბანეთის, ისლანდიის, ლიხტენშტაინის, ნორვეგიისა და უკრაინის მიმართ“, რომლებიც სანქციებს მიუერთდნენ. „ასეთი ზომები აუცილებლად იქნება მიღებული“, - განაცხადა ხუთშაბათს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის მედიისთვის მიცემულ კომენტარში.

რატომ არ იყო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ის, რომ საქართველო მიერთებული იყო ყირიმსა და სევასტოპოლში ნაწარმოები პროდუქციის იმპორტის აკრძალვის თაობაზე ევროკავშირის დეკლარაციას? პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ვარაუდობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ღიად დეკლარირებული ნორმალიზაციის პოლიტიკის ფონზე მოერიდა ამგვარი ინფორმაციის გახმაურებას, ინფორმაციისა, რომელიც მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა და ნიშანდობლივად არაფერს ცვლის:

კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

„თან სანქციებს შეუერთდე და თან გინდოდეს რუსეთთან ვაჭრობის გაზრდა, ეს ცოტა ლოგიკაში ვერ ჯდება და შეიძლება ამის გამოც რაღაცნაირად უხერხულად გრძნობენ თავს და შეიძლება ამის გამოც არ იყო ეს საკითხი წამოწეული წინ“.

დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემაც განმარტა, რომ უკრაინის მოვლენების გამო რუსეთს ევროკავშირმა 12 სანქცია დაუწესა. საქართველო მათგან მხოლოდ ერთსაა მიერთებული და ის ერთი, რომელიც გასული წლის ივნისშია მიღებული, ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა მიმდინარე წლის 19 ივნისს კიდევ ერთი წლის ვადით.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ ამ ერთ სანქციაზე საქართველოს მიერთების მიზეზიც განმარტა:

„ეს ზუსტად იგივეა, რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე და ჩვენ, უბრალოდ, არ გვქონდა საშუალება ამას არ მივერთებოდით“.

დავით დონდუას თქმით, საქართველოს ეს რომ არ გაეკეთებინა, არათანმიმდევრული იქნებოდა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG