Accessibility links

logo-print

რუსეთმა გააკრიტიკა აშშ, მისი თქმით, სავარაუდო კიბერშეტევის თაობაზე „უპრეცედენტო“ მუქარისთვის. მოსკოვის კრიტიკა მოჰყვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ 14 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სათანადო „მესიჯი“ გაეგზავნება აშშ-ის პოლიტიკური ინსტიტუტების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევის თაობაზე. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ვაშინგტონის მიერ მოსკოვის მისამართით გამოთქმული მუქარა უპრეცედენტოა, ვინაიდან ის ვიცე-პრეზიდენტის დონეზე გაჟღერდა. პესკოვმა დასძინა, რომ რუსეთმა საპასუხო ზომები უნდა მიიღოს, რათა თავი დაიცვას საფრთხეებისგან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს ბრალი დასდო „საერთაშორისო ურთიერთობათა ნორმების“ დარღვევაში. ეს განცხადება მან გააკეთა ინდოეთში, სადაც გაიმართა გაერთიანება ბრიკსის წევრი ქვეყნების - ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის - სამიტი. 14 ოქტომბერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ენ-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ კიბერშეტევის საპასუხოდ ამერიკა პუტინს უგზავნის მესიჯს. და ეს იმ დროს და იმ სახით მოხდება, რომ მაქსიმალური ეფექტი ჰქონდესო, დასძინა ბაიდენმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG