Accessibility links

რუსეთმა აშშ-თან დადებული კიდევ ერთი ბირთვული შეთანხმება შეაჩერა


რუსეთმა შეაჩერა აშშ-თან ხელმოწერილი კიდევ ერთი ერთობლივი შეთანხმება, რომელიც ბირთვული ენერგიის სფეროში სამეცნიერო გამოკვლევის ჩატარებას შეეხება. მანამდე რუსეთმა ცალმხრივად შეაჩერა პლუტონიუმის განადგურების შესახებ ორმხრივი შეთანხმება, რის მიზეზადაც მოსკოვმა „რუსეთის მიმართ ვაშინგტონის არამეგობრული ქმედებები დაასახელა“.

ბოლო რამდენიმე დღეა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გრძელდება ვერბალური დაპირისპირება, რისი მიზეზიცაა არა ვითარება სირიაში, არამედ აშშ-სა და რუსეთს შორის მეოთხედი საუკუნის წინ ხელმოწერილი შეთანხმება, რომელსაც მსოფლიოში ბირთვული საფრთხე უნა შეემცირებინა. 3 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, შეაჩერა აშშ-ისა და რუსეთის ერთობლივი პროგრამა, რომელიც მხარეებს ავალდებულებდა გაენადგურებინათ ორი ქვეყნის პლუტონიუმის მარაგების ნაწილი. პრეზიდენტის ბრძანებაში, რომელიც საჯარო 3 ოქტომბერს გახდა, ნათქვამია, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია შეჩერებულია „რუსეთის მიმართ ვაშინგტონის არამეგობრული ქმედებების გამო“. ასეთ მიდგომას უმალვე მოჰყვა რეაქცია ვაშინგტონის მხრიდან. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელიზაბეთ ტრიუდომ კრემლის ასეთ ბრალდებებს „თვალთმაქცობა“ უწოდა.

„რუსეთის მხრიდან თვალთმაქცობაა აშშ-ის დასახელება ისეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. აშშ სტრატეგიულ საკითხებზე რუსეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მომხრეა, თუმცა ნაცვლად ამისა რუსეთი განაგრძობს მადესტაბილიზებელ ქმედებებს და თანამშრომლობას წყვეტს იმგვარი შეთანხმებების ფარგლებში, რომლებსაც სიკეთე მოაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი მოეწერა 2000 წელს, მრავალწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, და რომელიც ითვლებოდა ორმხრივი თანამშრომლობის სანიმუშო მაგალითად. პროგრამის დამატება, რომელიც ძალაში 2011 წელს შევიდა, ორივე მხარეს ავალდებულებდა 34 ტონა პლუტონიუმის განადგურებას. აშშ-სა და რუსეთს პლუტონიუმის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგი აქვთ, რომელიც ატომური ბომბების დასამზადებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული. რუსეთი აცხადებს, აშშ-მა, ხელშეკრულების თანახმად, ხელსაყრელი მდგომარეობა მოიპოვა სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების სფეროში ე.წ. „შექცევითი პოტენციალის“ შენარჩუნებითო, რაც ასე განმარტა მარშალის ცენტრის კურსდამთავრებულმა ზურაბ ხამაშურიძემ:

„ხელშეკრულების თავდაპირველ ვერსიაში საუბარი იყო პლუტონიუმის არარადიაციული ნივთიერებით გაჯერებასა და მასში ამ ნივთიერების შერევაზე და ამ გზით მისი მხოლოდ ბირთვული რეაქტორებისათვის გამოსადეგ საწვავად ქცევაზე, თუმცა მოგვიანებით, 2010 წელს, რუსეთსა და აშშ-ს შორის მიღწეული იქნა დამატებითი შეთანხმება, უფრო სწორად, თანდართული ოქმის მოდიფიცირება მოხდა, სადაც საუბარი არის ამ პლუტონიუმის დასაწყობებაზე. სწორედ ეს გახდა რუსეთსა და აშშ-ს შორის დავის საგანი. აშშ სწორედ პლუტონიუმის დასაწყობებას ახდენს, რასაც რუსეთი, თავის მხრივ, მიიჩნევს ხელშეკრულების დარღვევად და ამ საბაბით მოახდინა შეთანხმების მოქმედების შეჩერება“, - ამბობს ექსპერტი.

რუსეთის ამ გადაწყვეტილებას მელანიც არ ჰქონდა შემშრალი, რომ მოსკოვმა კიდევ ერთი ორმხრივი შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ესაა აშშ-თან ხელმოწერილი კიდევ ერთი ერთობლივი შეთანხმება, რომელიც ბირთვული ენერგიის სფეროში სამეცნიერო გამოკვლევის ჩატარებას შეეხება.

„ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია ვენდოთ ვაშინგტონს ისეთ მგრძნობიარე საკითხებში, როგორიცაა რუსეთის ბირთვული ობიექტების მოდერნიზება და უსაფრთხოება“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„როდესაც ყირიმის მოვლენები მოხდა, აშშ-მა დე ფაქტო შეაჩერა ამ ხელშეკრულების რეალიზება. ამიტომ გუშინ, ფაქტობრივად, ჩვენმა მხარემ ოფიციალურ ჩარჩოებში მოაქცია ვითარება, რომელიც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა შექმნეს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რუსულ ტელეარხ „როსსია 24“-თან სატელეფონო ინტერვიუში.

რუსეთის მიერ აშშ-თან დადებული ორმხრივი შეთანხმების შეჩერების ფონია სირიაში უფრო მეტი რუსული სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გადასროლა. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, მოსკოვმა კიდევ ერთი სადარაჯო გემი გაგზავნა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მყოფი ფლოტილიის რიგებში. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობის ინფორმაციით, ხომალდმა, სახელწოდებით „მირაჟი“, 6 ოქტომბერს დატოვა ბაზა სევასტოპოლში და გეზი ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით აიღო. იქ უკვე იმყოფება შავი ზღვის ფლოტის ორი ანალოგიური სადარაჯო გემი, რომლებიც აღჭურვილი არიან გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტებით. მანამდე რუსეთმა დაადასტურა ს-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსის განთავსება სირიის პორტ ტარტუსში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG