Accessibility links

რუსეთმა სირიაში საჰაერო ოპერაციები დაიწყო


ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მთავრობის წევრებთან. 2015 წლის 30 სექტემბერი

ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მთავრობის წევრებთან. 2015 წლის 30 სექტემბერი

ეს ინფორმაცია მოჰყვა იმავე დღეს, ანუ 30 სექტემბერს, გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმადაც, რუსეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პრეზიდენტისათვის სირიაში სამხედრო ძალის გამოყენების უფლების მიცემას.

რუსეთი სირიაში მხოლოდ საჰაერო ოპერაციებს განახორციელებს და სირიაში მოსკოვის მოქმედება „დროებითია“, - განაცხადა 30 სექტემბერს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მანამდე რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში, ფედერაციის საბჭოში, 162 დეპუტატი - არც ერთი წინააღმდეგ - მიემხრო პუტინისთვის უფლების მინიჭებას,სამხედრო ძალები განათავსოს სირიაში. სხვათა შორის, ბოლო ჯერზე, როცა ფედერაციის საბჭომ პუტინს უცხოეთში ჯარის გაგზავნის მანდატი მისცა, რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოახდინა.

რაც შეეხება სირიას, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის მხარდაჭერა მიმართულია საჰაერო ძალების გამოყენებისაკენ: „საუბარია რუსეთის ფედერაციის მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო საჰაერო ძალების ოპერაციაზე. როგორც უკვე განაცხადა ჩვენმა პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების სახმელეთო ოპერაციებში გამოყენება გამორიცხულია. და ოპერაციის სამხედრო მიზანია მხოლოდ და მხოლოდ სირიის მთავრობის ჯარების ჰაერიდან მხარდაჭერა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში“.

ჩემი აზრით, ეს ძალიან ურთულებს ცხოვრებას პრეზიდენტ პუტინს, რადგან თუ ის აპირებს მხარში ამოუდგეს სირიის პრეზიდენტ ასადს და ირანს და „ჰიზბოლაჰს“, ამით ის ძალიან სერიოზულ პრობლემას გაიჩენს რეგიონის სუნიტურ ქვეყნებთან. და ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა გახდეს სუნიტი ჯიჰადისტების სამიზნეც...

ამასთან, ივანოვმა სირიაში სამხედრო გააქტიურების მთავარ მოტივად დაასახელა ის გარემოება, რომ რუსეთის და სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ათასობით მოქალაქე წევრიანდება ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოში“ და ეს ხალხი, სირიიდან და ერაყიდან დაბრუნების შემდეგ, საფრთხეს ქმნის შინ. სერგეი ივანოვი როგორც ამბობს, ფედერაციის საბჭოში კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც მოსკოვს სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა სთხოვა დახმარება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

„საუბარია კონკრეტულად სირიაზე და საუბარია არა რაიმე საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევაზე, რაიმე ამბიციების დაკმაყოფილებაზე, რაშიც რეგულარულად გვადანაშაულებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არამედ საუბარია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ეროვნულ ინტერესებზე“, - ამბობს სერგეი ივანოვი.

30 სექტემბერს სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ რუსეთს სთხოვა სამხედრო დახმარება.

რუსეთი უკვე კვირებია თავის სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის სირიაში, სადაც მხარს უჭერს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ოთხი წლის წინ დაწყებულ კონფლიქტში. ბაშარ ალ-ასადის ჯარები ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოსა“ და სხვა ექსტრემისტებს, ისევე როგორც მეამბოხეების ჯგუფებს, რომლებსაც დასავლეთის მხარდაჭერა აქვთ. ამასთან, შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები შიშობენ, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიზანია არა ექსტრემისტებთან ბრძოლა, არამედ ასადის რეჟიმის დაცვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 29 სექტემბერს ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში ისაუბრა რისკზეც, რომელიც, მისი აზრით, რუსეთისთვის უკავშირდება სირიაში სამხედრო ოპერაციას: „ჩემი აზრით, ეს ძალიან ურთულებს ცხოვრებას პრეზიდენტ პუტინს, რადგან თუ ის აპირებს მხარში ამოუდგეს სირიის პრეზიდენტ ასადს და ირანს და „ჰიზბოლაჰს“, ამით ის ძალიან სერიოზულ პრობლემას გაიჩენს რეგიონის სუნიტურ ქვეყნებთან. და ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა გახდეს სუნიტი ჯიჰადისტების სამიზნეც“.

აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას რუსეთზე გაცილებით ადრე, 2014 წლის სექტემბერში, აქვს დაწყებული „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დაბომბვა. მარტო 29 სექტემბერს კოალიციამ 26 საჰაერო დარტყმა მიაყენა „ისლამურ სახელმწიფოს“ ერაყში და ოთხი საჰაერო დარტყმა - სირიაში. კოალიციის წევრებს შორის არიან იორდანია, ბაჰრეინი, კატარი, საუდის არაბეთი...

ჯონ კირბი

ჯონ კირბი

როგორც ჯონ კერიმ აღნიშნა „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში, სამხედრო მოქმედებებში რუსეთის ჩართვა აქტუალობას მატებს შეკითხვას, როგორ უნდა მოგვარდეს სირიის საკითხი. „ჩვენთვის ეს არის შანსი, აქტიურად წამოვჭრათ შეკითხვა: მაინც, როგორ მოვაგვაროთ სირიის საკითხი? საბოლოო ანგარიშით, მას ვერ მოაგვარებ ისე, რომ სუნიტები არ ჩართო პოლიტიკურ პროცესში, საბოლოო პოლიტიკურ შეთანხმებაში და ეს ნიშნავს, რომ საჭირო იქნება გარკვეული სახის გარდამავალი ეტაპი, გარკვეულ პერიოდზე შეთანხმება, რადგან სანამ სირიის პრეზიდენტი ასადი ადგილზე რჩება, უბრალოდ, ვერ დაამყარებ მშვიდობას. წერტილი“, - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ 30 სექტემბერს მედიას აუწყა, რომ ბაღდადში რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აშშ-ის სამხედრო ძალებს მიმართეს თხოვნით, თავი აარიდონ სირიის საჰაერო სივრცეს რუსეთის ოპერაციების დროს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG