Accessibility links

logo-print

რუსეთმა სირიიდან ჯარების გაყვანა დაიწყო


რუსეთის სამხედრო ძალები სირიის ავიაბაზაზე

რუსეთის სამხედრო ძალები სირიის ავიაბაზაზე

რუსეთმა დაიწყო სირიიდან თავისი სამხედრო კონტინგენტის გაყვანა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ შეიარაღებული ძალებისათვის დასახული ამოცანა, მთლიანობაში, შესრულებულია და სამხედრო კონტინგენტის ძირითადმა ნაწილმა სირია უნდა დატოვოს.

რუსეთის მედიამ აჩვენა SU-34 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებიც 15 მარტს დაბრუნდნენ სირიიდან რუსეთში, ქალაქ ვორონეჟთან მდებარე საჰაერო ბაზაზე. მანამდე კი აჩვენეს, როგორ აფრინდნენ თვითმფრინავები სირიაში რუსეთის საჰაერო ბაზიდან. იქვე, მფრინავებთან გამოსათხოვარ ცერემონიაზე, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა განაცხადა, რომ სირიაში დარჩენილ სამხედრო კონტინგენტს კვლავინდებურად ევალება ტერორისტულ სამიზნეებზე დარტყმების განხორციელება და, ისევ პანკოვის თქმით, ნაადრევი იქნებოდა ტერორიზმის დამარცხებაზე საუბარი.

რუსეთს სირიიდან სამხედრო ძალები გაჰყავს ხუთ თვეზე მეტ ხანში მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშები წამოიწყო: თავის ამოცანად გამოაცხადა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გაძლიერება და ბრძოლა „საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ“.

ჩვენი ბაზირების პუნქტები - საზღვაო თართუზში და საავიაციო ჰამაიმის აეროდრომზე - ადრე არსებული რეჟიმით იმოქმედებს. ისინი საიმედოდ უნდა იყოს დაცული ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. ჩვენი სამხედრო კონტინგენტის ეს ნაწილი ტრადიციულად იმყოფებოდა სირიაში, მრავალი წლის განმავლობაში...

14 მარტს პუტინმა მოსკოვში გამოაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დაიწყონ გასვლა ამ ქვეყნიდან: „ვფიქრობ, რომ თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალებისათვის დასახული ამოცანა, მთლიანობაში, შესრულებულია. ამიტომ ვუბრძანებ თავდაცვის სამინისტროს, ხვალიდან შეუდგეს სირიის არაბული რესპუბლიკიდან ჩვენი სამხედრო კონტინგენტის ძირითადი ნაწილის გამოყვანას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვთხოვ, გაააქტიუროს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა სირიის პრობლემის მოსაგვარებელი სამშვიდობო პროცესის ორგანიზებაში“, - განაცხადა პუტინმა 14 მარტს მოსკოვში, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას.

მოსკოვის ამ ნაბიჯის ფონს ქმნის ჟენევაში ასევე 14 მარტს დაწყებული მოლაპარაკება სირიაში ომის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად.

სირიაში რუსეთი 30 სექტემბრიდან აყენებს საჰაერო დარტყმებს, როგორც თავად ირწმუნება, ტერორისტებს, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ჩათვლით. თუმცა, დასავლეთის მონაცემებით, მოსკოვი სამხედრო ოპერაციების დიდ ნაწილს მიმართავს ბაშარ ალ-ასადის იმ ოპონენტების წინააღმდეგ, რომელთა შორისაც არის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხარდაჭერით მოქმედი ძალები.

საყურადღებოა, რომ პუტინის განცხადება სირიიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანაზე არ გულისხმობს მთელი კონტინგენტის გაყვანას.

ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი

„ჩვენი ბაზირების პუნქტები- საზღვაო თართუზში და საავიაციო ჰამაიმის აეროდრომზე - ადრე არსებული რეჟიმით იმოქმედებს. ისინი საიმედოდ უნდა იყოს დაცული ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. ჩვენი სამხედრო კონტინგენტის ეს ნაწილი, ტრადიციულად, მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდა სირიაში“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ ოზეროვის განმარტებით, მოსკოვი ტოვებს 1000-მდე სამხედრო მოსამსახურეს სირიის ორ ბაზაზე.

აშშ-ის მონაცემებით, რუსი სამხედროების გაყვანის დაწყებამდე სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სამიდან ექვსი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. მას გარდა, რუსეთს ჰამაიმის ბაზაზე ჰყავდა განთავსებული 50-მდე სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

სირიის საკითხებში გაეროს წარმომადგენელი სტაფან დე მისტურა იმედს გამოთქვამს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს მოლაპარაკების მსვლელობაზე. სირიაში 270 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული 2011 წლის მარტში კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG