Accessibility links

რუსეთთან ინტეგრაციის შეთანხმების პროექტის გამო გაყოფილი საზოგადოება


ანატოლი ბიბილოვი

ანატოლი ბიბილოვი

რუსეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების პროექტმა ცხინვალში საზოგადოებაც და პოლიტიკური სპექტრიც ორ ნაწილად გაყო. ერთი ნაწილი, პარტია „ედინაია ოსეტიას“ და მისი ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარის ანატოლი ბიბილოვის სახით, რუსეთთან ფართო ინტეგრაციის მომხრეა. მეორე ნაწილი კი ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტის შენარჩუნებას უჭერს მხარს. ამ ჯგუფის ლიდერად „სახალხო პარტია“ გამოიკვეთა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ოსური მედიით მოსკოვსა და ცხინვალს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის სამი ვარიანტი გავრცელდა. პირველი ვარიანტის ავტორად თავს „ედენაია ოსეტია“ აცხადებდა. ამ ვარიანტის მიხედვით, ოსური ძალოვანი, სამართალდამცავი და საბაჟო უწყებები მთლიანად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გადადიოდა. სამუშაო ვარიანტზე მუშაობდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული პოლიტსაბჭო. რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა ჟურნალისტებს ხელშეკრულების პროექტის კიდევ ერთი ვარიანტი გადასცა, რომელიც აფხაზური ვარიანტის იდენტური იყო, წუხელ კი დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური მედიასაშუალებებით მესამე ვარიანტი გამოქვეყნდა. ამ ვარიანტს ადგილობრივმა ექსპერტებმა უკვე უწოდეს კომპრომისული. რუსეთსა და თვითაღიარებულსამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისადა ინტეგრაციის შეთანხმების პროექტი 15 მუხლისგან შედგება.

როგორც შეთანხმების ტექსტშია აღნიშნული, რეგიონში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მშვიდობისა და უსაფრთხოების რეალური საფრთხის გაზრდით, მხარეები თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სივრცეს ქმნიან.
"რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის რესპუბილკის თავდაცვასა და უსაფრთხოებას, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ჩათვლით. ამ მიზნით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების ორგანოები შედიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების ორგანოების შემადგენლობაში. ამის განხორციელება მხარეებმა უნდა მოახდინონ საბოლოო შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვს თვეში. თუ რომელიმე მხარე აგრესიის, შეიარაღებული თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდება რომელიმე სახელმწიფოს ან სახელმწიფოების მხრიდან, ეს აგრესია მეორე მხარის აგრესიადაც შეფასდება. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან უნდა შეთანხმდეს", - ნათქვამია შეთანხმების პროექტში, რომელიც 25 წლის ვადით ფორმდება. პროექტის აფხაზური ვარიანტის მომხრე „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი ამირან დიაკონოვი მიიჩნევს, რომ ინტეგრაციის ორი გზა არსებობს. მისი აზრით, პირველია ყირიმის გზა, სადაც რეფერენდუმი ჩატარდა და ხალხმა რუსეთთან ინტეგრაციის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო მეორე გზაა რუსეთის ასოცირებული წევრობა. დიაკონოვის თქმით, პროექტის ეს ვარიანტი საერთოდ გასულია საერთაშორისო სამართლებრივი სივრციდან.

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, „ედინაია ოსეტიას“ ლიდერი ანატოლი ბიბილოვი მიიჩნევს, რომ ეს არის შეთანხმების სამუშაო ვარიანტი, რომლის დახვეწაც კრემლში გაგრძელდება. ბიბილოვი ისევ მოითხოვს, რომ ხელშეკრულებაში უფრო მეტი ინტეგრაციის ელემენტები ჩაიდოს.

დღეს რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. საქართველოს პრეზიდენტთან კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის აზრით, საქართველომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების განხილვა საერთაშორისო საზოგადოებასაც უნდა შესთავაზოს.

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო რეაქციის მოლოდინშია, ცხინვალსა და მოსკოვში კი სპეციალური სამუშაო ჯგუფები ხელშეკრულების პუნქტებს განიხილავენ. რუსეთთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების გაფორმება თებერვალშია დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG