Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს ჰაკერებს პენტაგონზე შეტევაში ადანაშაულებენ


ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ რუსმა ჰაკერებმა კიბერშეტევა განახორციელეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე, რის გამოც საჭირო გახდა ამ სისტემის გამორთვა. ინციდენტი ორიოდე კვირის წინ მოხდა, ხოლო განცხადება, რომლის თანახმადაც კიბერშეტევაში რუსი ჰაკერები არიან ეჭვმიტანილი, 6 აგვისტოს გაკეთდა.

აშშ-ის მედიის ცნობით, პენტაგონზე, კერძოდ, შეიარაღებული ძალების მმართველი ორგანოს - შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის - ელექტრონულ ფოსტაზე ჰაკერული თავდასხმა ივლისის ბოლოს განხორციელდა და შეეხო 2 500-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირს, რომლებიც გაერთიანებული კომიტეტის მიერ არიან დასაქმებული. ტელეკომპანია NBC, ამერიკელი ოფიციალური პირებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ, სავარაუდოდ, რუსმა ჰაკერებმა განახორციელეს კოორდინირებული თავდასხმა სოციალური ქსელების ანგარიშებიდან. ნათელი არ არის კიბერთავდასხმა რუსეთის მთავრობის დავალებით განხორციელდა თუ ინდივიდების ნამოქმედარია.

ექსპერტები განმარტავენ, რომ ჰაკერებმა ე.წ. ფიშინგის ერთ-ერთი მეთოდი გამოიყენეს: გზავნიდნენ ელექტრონულ შეტყობინებას, რომელიც კაცს თანამშრომლისაგან მიღებული ეგონა, და როცა მეილზე მიბმულ ფაილს ხსნიდა, მის კომპიუტერულ სისტემას ვირუსი გადაედებოდა. თაღლითებმა მალე შეძლეს დიდი რაოდენობის მონაცემების შეგროვება. ამასთან, ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ჰაკერებს ხელში არ ჩავარდნიათ გასაიდუმლოებული ინფორმაცია.

პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის არაგასაიდუმლოებული ელექტრონული ფოსტის სისტემა გამოირთო ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით. კიბერთავდასხმა, როგორც ჩანს, არ შეხებია პენტაგონის დანარჩენ სისტემას.

„განვაგრძობთ ჩვენს ქსელში კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას და შეკავებას. ამ მიზნების გათვალისწინებით, გამოვრთეთ შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ქსელი“, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა,ვიცე-პოლკოვნიკმა ვალერი ჰენდერსონმა.

რუსი ჰაკერები წელს პირველად არ უხსენებიათ პენტაგონზე კიბერთავდასხმის კონტექსტში. აპრილის მიწურულს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშ კარტერმა განაცხადა, რომ რუსმა ჰაკერებმა გატეხეს შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ქსელი, რომელიც არ შეიცავდა გასაიდუმლოებულ მასალებს.

კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სპეციალიზებულ კომპანია „კრაუდსტრაიკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დმიტრი ალპეროვიჩი, აცხადებს, რომ აღინიშნება რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული კიბერშეტევების „მკვეთრი ესკალაცია“ მას შემდეგ, რაც მოსკოვს შარშან სანქციები დაუწესეს უკრაინაში მის აგრესიაზე საპასუხოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG