Accessibility links

logo-print

ამერიკელი გენერალი: უკრაინაში იმყოფება რუსეთის 12000-მდე ჯარისკაცი


ბენ ჰოჯესი

ბენ ჰოჯესი

ამერიკელი სამხედროების მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის 12 ათასამდე სამხედრო პირი უწევს მხარდაჭერას მოსკოვის მომხრე სეპარატისტებს. ამის შესახებ 3 მარტს, ბერლინში ვიზიტისას, განაცხადა ევროპაში შეერთებული შტატების ჯარების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა.

ჰოჯესის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფ რუსეთის ათასობით სამხედროს შორის არიან სამხედრო კონსულტანტები, იარაღის მომსახურე პერსონალი, ბრძოლებში მონაწილე ჯარისკაცები. ასევე ჰოჯესის ინფორმაციით, რუსეთის 29 000-მდე ჯარისკაცი იმყოფება ყირიმში, რომლის ანექსიაც მოსკოვმა შარშან მოახდინა. გენერალ-ლეიტენანტმა ჰოჯესმა 3 მარტს ბერლინში გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაურთულებდა ვითარებას შინ, რუსეთში. როცა დედები დაინახავენ, რომ შვილები მკვდარი უბრუნდებათ, როცა ყველაფერი გაძვირდება, პუტინის მხარდაჭერა შემცირებას დაიწყებსო, ამბობს ჰოჯესი. მისი აზრით, უკრაინას სჭირდება სადაზვერვო ინფორმაცია, ცეცხლსაწინააღმდეგო მოწყობილობები და ის, რაც „რუსეთის ტანკის შეჩერებას შეძლებს“.

როგორც ცნობილია, ვაშინგტონს ჯერ არ გადაუწყვეტია, გაუგზავნის თუ არა უკრაინას საბრძოლო იარაღს - გენერალ-ლეიტენანტმა ჰოჯესმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უპირატესობას ანიჭებს კონფლიქტის დიპლომატიის გზით მოგვარებას. გენერლის განცხადებით, შეერთებულ შტატებს შეჩერებული აქვს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამი უკრაინული ბატალიონის გაწვრთნას, რადგან ჯერ აკვირდება, სრულად ამოქმედდება თუ არა 12 თებერვალს მინსკში შეთანხმებული ზავი.

ისევე როგორც ჰოჯესი, გენერალი მარტინ დემპსიც ემხრობა უკრაინისათვის საბრძოლო იარაღის მიწოდებას. დემპსიმ, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსია, ეს მოსაზრება გამოთქვა 3 მარტს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას: „ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა განვიხილოთ (უკრაინის) საბრძოლო იარაღით დახმარების საკითხი და ეს უნდა მოხდეს ჩვენს ნატოელ კოლეგებთან ურთიერთობის კონტექსტში, რადგან პუტინის საბოლოო მიზანია ნატოს დანაწევრება“.

ამასობაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საჭირო იქნება „ძლიერი რეაქცია“, თუ აღმოსავლეთ უკრაინაში არ ამოქმედდება ზავი უკრაინელ სამხედროებსა და მოსკოვის მომხრე სეპარატისტებს შორის. საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ადმინისტრაციის ცნობით, 3 მარტს გაიმართა ვიდეოკონფერენცია, რომლის მონაწილეებმაც დაადასტურეს მხარდაჭერა მინსკის შეთანხმების მიმართ. ვიდეოკონფერენციაში ობამასთან ერთად მონაწილეობდნენ ბრიტანეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები, ისევე როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი.

რუსეთი უარყოფს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს ეხმარება.

XS
SM
MD
LG