Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მძლეოსნები ოლიმპიადის მიღმა


რუსეთის ლიდერები და სპორტსმენები აღშფოთებულნი არიან. „მძლეოსნობის დასაფლავება“, „სუბიექტური და პოლიტიზებული გადაწყვეტილება“, „დანაშაული სპორტის წინააღმდეგ“ - ასეთია შეფასებები, რომლებიც რუსეთში მოჰყვა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ვერდიქტს, რომ დაუშვებელია რუსი მძლეოსნების მონაწილეობა 2016 წლის ოლიმპიადაში, რომელიც მომავალ თვეში რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სარჩელი რუსი მძლეოსნების დისკვალიფიკაციის თაობაზე.

ახლა შეიძლება უარესიც მოხდეს: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კვირას იმსჯელებს რიოსთვის მთლიანად რუსეთის ოლიმპიური გუნდის დისკვალიფიკაციის საკითხზე. მიზეზი ცნობილია: დოპინგი!

რუსი მძლეოსნები ოლიმპიადის მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:55 0:00
გადმოწერა

„სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ უარყო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისა და 68 რუსი ათლეტის მიმართვა“, - ასე აუწყა 21 ივლისს ჟურნალისტებს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურმა მდივანმა, მეთიუ რიბმა, შვეიცარიაში, ლოზანაში, სასამართლოს ვერდიქტი, რომ დაუშვებლად არის მიჩნეული რუსი მძლეოსნების მონაწილეობა წლევანდელ ოლიმპიადაში. გამონაკლისია ორი რუსი მძლეოსანი: სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინა და მორბენალი იულია სტეპანოვა. ისინი არ გადიან წვრთნას რუსეთში და წინასწარვე ცნობილი იყო, რომ ოლიმპიადაში მათი მონაწილეობა არ იქნებოდა დამოკიდებული ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

„საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს კარი გაეხსნა იმის გადასაწყვეტად, თუნდაც ცალკეული შემთხვევების პრინციპით, დასაშვებია თუ არა ამ ათლეტების მონაწილეობა“, - უთხრა ჟურნალისტებს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურმა მდივანმა.

ორი რუსი ათლეტის სპორტული კარიერისათვის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება უდავოდ მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ოლიმპიურ კომიტეტს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, როცა 24 ივლისს ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბება: დღის წესრიგში დგას რიოს ოლიმპიადაზე რუსეთის მთელი გუნდის დისკვალიფიკაციის საკითხი. და თუ რუსეთს უარს ეტყვიან ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, ეს იქნება ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პირველი ასეთი შემთხვევა.

რუსეთის გუნდის დისკვალიფიკაციის შესაძლებლობის განხილვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც 18 ივლისს გამოქვეყნდა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს დავალებით ჩატარებული გამოძიების შედეგები. ანგარიშში, რომელიც მოამზადა კანადელი იურისტის, რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით მომუშავე კომისიამ, თავმოყრილია მტკიცებულებები, რომ რუსეთში წლების განმავლობაში სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობაში იყენებდნენ დოპინგს, მოქმედებდა დოპინგზე შემოწმების პოზიტიური შედეგების „გაქრობის სისტემა“. სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს დოპინგზე კონტროლი ამ ქვეყნის ანტისადოპინგო ლაბორატორიებში მანიპულაციას ექვემდებარებოდა რუსეთის უშიშროების სამსახურის დახმარებით და რუსი სპორტსმენების სასარგებლოდ.

მაკლარენის გამოძიების 103-გვერდიანი შედეგები იმდენად მასშტაბურ და უტიფარ მანიპულაციას ასახავს, რომ ემოციური განცხადება გააკეთა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმაც კი, თომას ბახმა, რომელიც ცნობილია თავისი დიპლომატიური რიტორიკით და ვლადიმირ პუტინთან მეგობრობით. მაკლარენის ანგარიში ცხადყოფს „შემაძრწუნებელ და უპრეცედენტო თავდასხმას წესების დაცვაზე სპორტში და ოლიმპიურ თამაშებზეო“, განაცხადა თომას ბახმა ორშაბათ საღამოსვე, მაკლარენის ანგარიშის გამოსვლის შემდეგ.

რა შეიძლება თომას ბახს შემაძრწუნებლად და უპრეცედენტოდ მიაჩნდეს? ავიღოთ თუნდაც „სინჯების შეცვლის მეთოდი“ - ასე უწოდებს მაკლარენი სისტემას, რომელიც სოჭის ოლიმპიური თამაშებისათვის განავითარეს რუსეთის სპორტის სამინისტრომ და უშიშროების სამსახურმა. დოპინგის მიმღები რუსი ათლეტების შარდის სინჯები ღამით კედელში გაკეთებული ხვრელით გაჰქონდათ ლაბორატორიიდან და მათ ანაცვლებდნენ „სუფთა“ ათლეტების შარდის სინჯებით, რომლებსაც უშიშროების სამსახური საგანგებო მაცივარში ინახავდა...

ამას გარდა, მაკლარენის გამოძიების დროს არაერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ რუსი „სპეციალისტები“ ახერხებდნენ სინჯების შესანახი ბოთლების გახსნას. მაკლარენის კომისიის მიერ შემოწმებული ზოგი სინჯის შემთხვევაში, შარდი მარილის იმდენად მაღალი შემცველობით გამოირჩეოდა, რომ მართლაც სპორტსმენის რომ ყოფილიყო, იმ ადამიანის სიცოცხლე მწვავე საფრთხის ქვეშ უნდა მდგარიყო. როგორც ირკვევა, რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიებში მარილს იყენებდნენ სინჯების წონის გასაზრდელად, თუ სუფთა სინჯები, კონკრეტულ შემთხვევაში, მეტისმეტად მსუბუქი აღმოჩნდებოდა. წესით, სინჯებისათვის განკუთვნილი ბოთლების გახსნა და ისევ დახურვა შეუძლებელი უნდა იყოს, მაგრამ მაკლარენის გამოძიება ეჭვს არ ტოვებს, რომ რუსეთში ეს მართლაც ხდებოდა...

მაკლარენის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ რუსეთში თანამდებობიდან მოხსნეს სპორტის მინისტრის მოადგილე იური ნაგორნიხი, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რიოს ოლიმპიადაზე ოფიციალურ დელეგაციაში ყოფნა აუკრძალა რუსეთის სპორტის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ვინც დოპინგზე ანგარიშშია მოხსენიებული, გადაწყდა ასევე უარის თქმა რუსეთში ოლიმპიური ღონისძიებების ჩატარებაზე.

თუმცა რუსეთში უჭირთ ბრალდებების დაჯერება.

„ეს, საერთოდ, ბოდვაა. ასე როგორ შეიძლება? ხალხი, ბევრი ადამიანი ელოდა სწორედ ამ ოლიმპიადას, ვარჯიშობდა და უცებ, ვიღაცის გამო, იმის გამო, რომ ვიღაცამ სადღაც ვიღაცას დოპინგი აღმოუჩინა - ახლა ეს ყველა დანარჩენსაც ეხება? ერთადერთი, რაც მაოცებს: რატომ მარტო ჩვენს სპორტსმენებს? რა, სხვა ქვეყნები დოპინგს არ იყენებდნენ? უბრალოდ, ზეწოლა მოდის. პოლიტიკაა!“

„ეს როგორ, გუნდის დიდი ნაწილი ვერ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში? არ ვიცი, საზიზღრობაა! და ეს, ჩემი აზრით, შეთითხნილია“.

„ძალიან სამწუხაროა! ვფიქრობ, რომ არასწორი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ, მაინც გავიმარჯვებთ!“ - ასე ფიქრობენ რუსეთში სამი დღით ადრე მანამდე, სანამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტდეს, დაუშვას თუ არა რუსეთის გუნდი რიოს ოლიმპიადაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG