Accessibility links

logo-print

დიმიტრი როგოზინის „დაშეარებული“ რუსი ოკუპანტის ვიდეო


დიმიტრი როგოზინი

დიმიტრი როგოზინი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით „მე რუსი ოკუპანტი ვარ“, რომელშიც გამართლებულია რუსეთის მიერ მისი მეზობლების ოკუპაცია. საომარი მიმართვა, რომელიც საკუთარი ტვიტერის გვერდზე რუსეთის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა დმიტრი როგოზინმა გაიზიარა, აფრთხილებს დასავლურ სამყაროს, რომ არ „გადაიკიდოს რუსეთი“, რომელსაც „ომი ყველაზე უკეთესად შეუძლია“.

ვიდეოკლიპი, სახელწოდებით „მე რუსი ოკუპანტი“ ვარ, სოციალურ ქსელში 27 თებერვალს აიტვირთა და, ამ დღიდან მოყოლებული, იგი 3 მილიონმა ადამიანმა ნახა. კომპიუტერული გრაფიკითა და ანიმაციით შედგენილი კლიპი აღიარებს, რომ რუსეთი „აგრესორი და სისხლისმსმელი ურჩხულია“, რომლისაც „ყველას უნდა ეშინოდეს“ - პირველ ყოვლისა კი, რუსეთის იმ მეზობლებს, რომლებიც დაქცევის პირას მივიდნენ მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ისინი რუსეთის ორბიტას მოსწყვიტა.

“მე მოვახდინე უკრაინის ოკუპაცია, უკრაინელებთან ერთად ვაშენებდი ავიაძრავებს, გემებს, ტანკებსა და ავტომობილებს. მომთხოვეს წავსულიყავი იქიდან. ახლა იქ ანგრევენ ყველაფერს, რაც ოკუპანტისაგან დარჩა. ამასთან, იქ არ აშენებენ არაფერს, დაუსრულებელი მაიდნებისა და დიქტატურის გარდა“.

ვიდეოკლიპი, სახელწოდებით „მე რუსი ოკუპანტი ვარ“, სოციალურ ქსელში პირველად ვინმე ბლოგერ ევგენი ჟუროვის სახელით რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკიდან აიტვირთა, მაგრამ საყოველთაო ყურადღების ცენტრში ვიდეოკლიპი მას შემდეგ მოექცა, რაც შიშის მომგვრელი მიმართვა საკუთარი ტვიტერის გვერდზე რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა დმიტრი როგოზინმა გაიზიარა.

ვიდეოკლიპში ტერმინ „ოკუპაციას“ დადებითი კონოტაცია აქვს და ოკუპაციის ეს „სიკეთე“, უკრაინის გარდა, თავის დროზე წილად ხვდა ციმბირს, ბალტიისპირეთსა და შუა აზიას. ამ სიაში რატომღაც გამორჩენილია სამხრეთი კავკასია და, კერძოდ, საქართველოც. თუმცა მიუღებელი ფასეულობების ინფოგრაფიკაში, სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ და ანსამბლ „პუსი-რაიოტთან“ ერთად, კლიპის შემქმნელებს არც რადიო თავისუფლების ემბლემა - ანთებული ჩირაღდანი - დავიწყებიათ.

„მე არ მჭირდება თქვენი ფარისევლური თავისუფლება, არ მჭირდება თქვენი დამპალი დემოკრატია. ჩემთვის უცხოა ყველაფერი, რასაც თქვენ დასავლურ ფასეულობებს უწოდებთ. მე სხვა ინტერესები მაქვს. ბოლოჯერ გაფრთხილებთ თავაზიანად: ნუ გადამიკიდებთ! მე მშვიდობას ვაშენებ, მე მიყვარს მშვიდობა, თუმცა ომი ყველაზე უკეთესად შემიძლია. პატივისცემით, რუსი ოკუპანტი“.

ვიდეოკლიპის ბოლოს ეკრანზე ჩნდება ელექტრონული ფოსტის ფანჯარა. წერილის ავტორი, „თავაზიანი რუსი ოკუპანტი“, ადრესატისათვის განკუთვნილ ადგილში ინგლისურად წერს obama@whitehouse. Gov და ვიდეოკლიპს „სამყაროს მბრძანებელს“, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, უგზავნის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG