Accessibility links

რუსი ოპოზიციონერი პატიმარი დედის დასაფლავებაზე არ გაუშვეს


მიხაილ კოსენკო

მიხაილ კოსენკო

მოსკოვში სასამართლომ დედის დასაფლავებაზე დასწრების უფლება არ მისცა მიხაილ კოსენკოს - ფსიქიკურად დაავადებულ პირს, რომელიც 2012 წელს მოსკოვში საპროტესტო აქციაში მონაწილეობისათვის დააკავეს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება და, ზოგადად, კოსენკოს საქმე მწვავე კრიტიკას იწვევს რუსეთშიც და უცხოეთშიც.

მიხაილ კოსენკო წინასწარი დაკავების იზოლატორის ფსიქიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას და კიდევ 26 პირს ასამართლებენ მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე, 2012 წლის მაისში გამართულ და ძალადობაში გადაზრდილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით - „მასობრივი არეულობისაკენ“ წაქეზებისა და პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებებით. რამდენიმე ბრალდებულს, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მიხაილ კოსენკოს რაც შეეხება, მოსკოვში სასამართლომ 9 სექტემბერს უარყო მისი თხოვნა, მიეცათ დედის დასაფლავებაზე დასწრების შესაძლებლობა. რუსეთის კანონმდებლობით, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს მართლაც არა აქვს იზოლატორის დროებით დატოვების უფლება, მაგრამ კოსენკომ მაინც მიმართა თხოვნით სასამართლოს და ბოლო წუთამდე არ კარგავდა იმედს, რომ 10 სექტემბერს დედის დასაფლავებაზე მივიდოდა.

კოსენკოს ადვოკატის ვალერი შუხარდინის რწმენით, რუსეთის კანონმდებლობა წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო ნორმებთან, როცა წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს არ აძლევს გარდაცვლილ ახლობლებთან გამოთხოვების საშუალებას.

„ასეთი შესაძლებლობა გათვალისწინებულია მსჯავრდებული პირებისათვის, რომლებიც უკვე იხდიან თავიანთ სასჯელს, ანუ დამნაშავეებისათვის ეს შესაძლებელია, ხოლო უდანაშაულოთათვის, ვინც წინასწარ არის დაკავებული, კანონი ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. ანუ ასეთ გარემოებებში ჩვენთან ირღვევა დაკავებულის პირადი ცხოვრების უფლება, რომელიც ჩაწერილია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციაში“, – ამბობს მიხაილ კოსენკოს ადვოკატი.

რუსეთშიც და უცხოეთშიც ბევრის აზრით, კოსენკოს საქმე ცხადყოფს, რამდენად მკაცრ რეპრესიებს მიმართავს ოპონენტების წინააღმდეგ კრემლი მას შემდეგ, რაც შარშან რუსეთის პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდა ვლადიმირ პუტინი. 2012 წლის 6 მაისს 400-მდე ადამიანი დააკავეს ბოლოტნაიას მოედანზე, სადაც აქტივისტები შეიკრიბნენ პუტინის მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად.

მიხაილ კოსენკოს საქმე მაინც განსაკუთრებულია. 38 წლის კოსენკო ფსიქიკურად დაავადებულია მას შემდეგ, რაც ჯარში ტრავმა მიიღო.

ადვოკატი ვალერი შუხარდინი შეწუხებულია იმით, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორის ფსიქიატრიულ განყოფილებაში კოსენკოს სათანადო სამედიცინო დახმარებას არ უწევენ. „მეორე ჯგუფის ინვალიდისთვის უფრო მძიმეა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა. ის, რასაკვირველია უფრო მეტად იტანჯება, ვიდრე ჩვეულებრივი პატიმრები, ჯანმრთელი ადამიანები. იზოლატორში მისი დატოვება ნამდვილად არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, ამბობს ადვოკატი. მისი კლიენტი უარყოფს ბრალდებას, თითქოს თავს დაესხა პოლიციელებს ბოლოტნაიას მოედანზე აქციაში მონაწილეობისას. კოსენკოს ვერსიას ამყარებს ბოლოტნაიას მოედანზე შეტაკებისას დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელის ჩვენება - მან სასამართლოს უთხრა, რომ კოსენკოს ვერ ცნობს.

მიხაილ კოსენკოს დედამ გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე საგანგებო ვიდეომიმართვით ითხოვა შვილის გათავისუფლება: „ვერ ვიხსენებდი მას ისე, რომ ცრემლი არ წამომსვლოდა. ახლაც ემოციები მომეძალა. ძალიან განვიცდი მის მდგომარეობას. მინდა, რომ სახლში მოვიდეს“.

ეს მიმართვა, რომლითაც მიხაილ კოსენკოს დედა, ნინა, იზოლატორიდან თავისი შვილის გათავისუფლებას ითხოვს, როგორც გითხარით, რამდენიმე თვის წინ არის ჩაწერილი.

ნინა კოსენკო მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ის 10 სექტემბერს დაკრძალეს. შვილს - მიხაილ კოსენკოს - უარი უთხრეს წინასწარი დაკავების იზოლატორის ფსიქიატრიული განყოფილებიდან რამდენიმე საათით გაშვებაზე, დედის დასაფლავებაზე დასასწრებად...
XS
SM
MD
LG