Accessibility links

logo-print

მოღალატე ხარ თუ გმირი, ანუ სად გაატარე ახალი წელი?


მოსკოვი, 2015 წლის 1 იანვარი

მოსკოვი, 2015 წლის 1 იანვარი

ავტორი: ანა ლომთაძე

ვინ იყვნენ ის „მოღალატე“ რუსი სახელმწიფო მოხელეები, რომლებმაც გაბედეს და ახალ წელს სამშობლოს საზღვრებს გარეთ შეხვდნენ? და „ჭეშმარიტი პატრიოტიზმის“ გრძნობით გამსჭვალულმა რომელმა პოლიტიკოსებმა გაატარეს შვებულება რუსეთის მიწაზე?

14 იანვარს გაზეთი „იზვესტია“ სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად „დაირაზმა“. სტატიაში სათაურით „მოხელეებმა ახალი წლის დღესასწაულზე სამშობლო მიატოვეს“, ავტორები ქებას არ იშურებენ იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც შინ დარჩენა ამჯობინა. ჟურნალისტები ნატალია ბაშლიკოვა და ანასტასია კაშევაროვა წერენ:

„გუბერნატორების, პარლამენტარებისა და ფედერალური მოხელეების უმრავლესობამ შვებულება რუსეთში გაატარა, რადგან ისინი მთელი გულისყურით მოეკიდნენ ფედერალური ცენტრის არაოფიციალურ მითითებას, ეკონომიკური სიდუხჭირისა და საერთაშორისო სანქციების პირობებში თავი შეეკავებინათ საზღვარგარეთ მოგზაურობისგან“.

„ღირსეულ“ მოხელეთა სიაში მოხვდნენ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრ ტკაჩოვი. „იზვესტიის“ კორესპონდენტთა თქმით, ახალი წელი მათ რუსეთში გაატარეს, და თან მუშაობაც არ შეუწყვეტიათ.

რაც შეეხება „მოღალატეებს“, მათ შორის არის, მაგალითად, ფსკოვის გუბერნატორი ანდრეი ტურჩაკი, რომელმაც - მოსკოვის გუბერნატორის მოადგილის მსგავსად - შვეიცარიის საკურორტო ქალაქ სანკტ-მორიცში გაბედა წასვლა. „იზვესტიის“ ცნობით, თათარსტანისა და მარის ელის ავტონომიური რეპუბლიკების ლიდერებმა, რუსტან მინიხანოვმა და ლეონიდ მარკელოვმაც უცხოეთში დაისვენეს - ერთი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამგზავრებულა, მეორე კი - ოჯახთან ერთად - იტალიაში წაბრძანებულა.

ჟურნალისტები განსაკუთრებით ულმობლად მოეკიდნენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც უცხოეთში წასვლას არ დასჯერდნენ და ინტერნეტსივრცეში თავიანთი შვებულების ფოტოებიც გამოაქვეყნეს. ასეთია, მაგალითად, კონსტანტინ დობრინინი, ფედერაციის საბჭოს წევრი არხანგელსკიდან.

პარტია „ერთიანი რუსეთის“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნიკოლაი ბულაევმა, სტატიის ავტორებთან საუბრისას, ამაყად განაცხადა: „პირადად მე, არც მახსოვს საზღვარგარეთ ბოლოს როდის ვიყავი... ახალი წლის დღესასწაულზე შინ, ქალაქ რიაზანში გახლდით: შევხვდი ამომრჩევლებს, გავხსენი ახალი საბავშვო ბაღი, მივედი სკოლაში, სანადიროდ წასვლაც კი მოვახერხე. უბრალოდ, არ მომწონს უცხოეთში ყოფნა“.

სტატიაში ასევე ნახსენებია პარლამენტის წევრი „ერთიანი რუსეთის“ პარტიიდან ალექსანდრ სიდიაკინი, რომელსაც, სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ ანდების მთებში გაუტარებია შვებულება. მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, იგი თურმე თავის კოლეგა ოლეგ სავჩენკოსთან ერთად გამგზავრებულა ანტარქტიდაში, რათა უინსონის მწვერვალზე რუსეთის დროშა აღემართა. მათი „გმირული“ საქციელი რუსეთის არაერთმა მედიასაშუალებამ გააშუქა.

უცნაური ისაა, რომ ამ სტატიით კრემლის ერთგულ გაზეთად ცნობილი „იზვესტია“ წააგავს ალექსეი ნავალნის ბლოგს, რომელშიც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს არაერთხელ გამოუყვანია სააშკარაოზე ის რუსი პოლიტიკოსები, რომლებიც დასავლეთში ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას ფლობენ.

XS
SM
MD
LG