Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი სამხედროების მიერ საზღვარგარეთ ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა


12 აგვისტოს რუსმა ჯარისკაცმა, 19 წლის ვალერი პერმიაკოვმა, რომელიც გიუმრიში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, სასამართლო პროცესზე თავი დამნაშავედ ცნო, აღიარა რა სამხედრო ბრალდებები - დეზერტირობა და იარაღთან დაკავშირებული ბრალდება. მაშინ როცა სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, რადიო თავისუფლებამ თვალი გადაავლო რუსეთის სამხედრომოსამსახურეების მიერ საზღვარგარეთ ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკას.

რუსეთის ათასობით ჯარისკაცი გადის სამსახურს, როგორც რუსეთში უწოდებენ, „ახლო საზღვარგარეთში“, იქნება ეს მოლდავეთის სეპარატისტული დნესტრისპირეთი, ანექსირებული ყირიმი, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი თუ ტაჯიკეთი. 2009 წლის სექტემბერში სწორედ ტაჯიკეთში მდებარე 201-ე სამხედრო ბაზის წარმომადგენლები - ვიაჩესლავ ჩერნოვი და დმიტრი კუჩმა -დააპატიმრეს სამართალდამცველებმა ტაჯიკი პოლიციელის, კაპიტან ამურ მურადოვის, მკვლელობის ბრალდებით. ეს უკანასკნელი საღამოობით დამატებითი შემოსავლისათვის ტაქსაობდა. სასამართლოზე რუსმა ჯარისკაცებმა აღიარეს, რომ მათსა და ტაქსის მძღოლს შორის ჩხუბი სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა.

2012 წლის იანვარში რუსმა სამხედროებმა, რომლებიც სეპარატისტული დნესტრისპირეთისა და დანარჩენი მოლდავეთის საზღვარზე მორიგეობდნენ, მოლდავეთის 18 წლის მოქალაქე მოკლეს, როგორც ადგილობრივი მედია წერდა, იმის გამო, რომ მანქანის საჭესთან მჯდარი ახალგაზრდა კაცი არ დაემორჩილა საგუშაგოზე მდგარი ჯარისკაცების გაფრთხილებას. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ამ ინციდენტმა აღაშფოთა კიშინიოვი, რომელმაც მოუწოდა რუსეთს გაეყვანა თავისი მშვიდობისდამცველები. „არ არსებობდა მიზეზი ამ ადამიანის მოკვლისა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“, - განაცხადა მოლდავეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვლად ფილატმა.

რუსი სამხედროების დანაშაულმა არ დაახანა ყირიმში, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წლის გაზაფხულზე მოახდინა. რუსმა ჯარისკაცმა ევგენი ზაიცევმა სასიკვდილოდ დაჭრა უკრაინელი სამხედრო სტანისლავ კარაჩერვსკი, რომელიც ანექსირებული ნახევარკუნძულის დატოვებას ცდილობდა. 2015 წლის აპრილში ბრალდებული ზაიცევი სამხედრო სასამართლომ გაასამართლა და ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

2015 წლის აგვისტოში ტაჯიკეთში საგარნიზონო-სამხედრო სასამართლომ ორი რუსი ჯარისკაცის საქმის განხილვა დაიწყო. ფიოდორ ბასიმოვსა და ილდარ სახაფოვს ბრალი ედებათ ტაქსის მძღოლ რახმიდზონ ტეშაბოევის მკვლელობაში. ტაჯიკ მძღოლს რუსი სამხედროები ხშირად გადაჰყავდა სახლიდან ბაზაში და უკან. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა ტეშაბოევს 50 ათასი რუსული რუბლი ასესხა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ოქტომბერში რუსეთსა და ტაჯიკეთს შორის ხელი მოეწერა შეთახმებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის ბაზა ტაჯიკეთში 2042 წლამდე დარჩება.

საზღვარგარეთ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ყველაზე გახმაურებული დანაშული, ცხადია, სომხეთის ქალაქ გიუმრიში მომხდარი მკვლელობაა.

19 წლის ვალერი პერმიაკოვმა, რომელიც გიუმრიში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, ავეტისიანების მთელი ოჯახი ამოწყვიტა. 12 იანვარს მან მოკლა ოჯახის ექვსი წევრი, ორი წლის გოგონას ჩათვლით. 6 თვის ბიჭუნა მძიმედ იყო დაჭრილი და ერთი კვირის შემდეგ დაიღუპა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG