Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ხურავს „ჯენერალ მოტორსი“ ქარხანას რუსეთში


„ჯენერალ მოტორსის“ ავტომობილები დახურული საწარმოს ეზოში, სანკტ-პეტერბურგში.
„ჯენერალ მოტორსის“ ავტომობილები დახურული საწარმოს ეზოში, სანკტ-პეტერბურგში.

სამიოდე წლის წინ ავტომობილების მწარმოებელი წამყვანი კომპანიები დიდ იმედებს ამყარებდნენ რუსეთის სწრაფად მზარდ ბაზარზე. თუ რამდენად შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, ცხადყოფს ამერიკული ავტომწარმოებელი გიგანტის, „ჯენერალ მოტორსის“, გადაწყვეტილება, მიმდინარე წელს შეწყვიტოს სანქტ-პეტერბურგის ქარხანაში წარმოება, რაც რუსეთის ამ ქალაქში 1000-მდე სამუშაო ადგილის დაკარგვას მოასწავებს.

ძნელი წარმოსადგენია საწარმოში უფრო ოპტიმისტური განწყობა სუფევდეს, ხელმძღვანელობა უფრო კმაყოფილი და თავდაჯერებული იყოს, ვიდრე სანქტ-პეტერბურგის „ჯენერალ მოტორსის“ საწარმოში იყო ამ სამი წლის წინ. კომპანიის ხელმძღვანელები - მათ შორის, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დენ აკერსონი და ადგილობრივი პარტნიორები -2012 წლის ივნისში შეიკრიბნენ რუსეთში „ჯენერალ მოტორსის“ ახალი, მრავალმილიონიანი, ინვესტიციისთვის საფუძვლის მოსამზადებლად. და ეს ინვესტიცია იყო მხოლოდ ნაწილი მასშტაბური გეგმისა, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში რუსეთში მილიარდი დოლარის დაბანდებას ითვალისწინებდა წელიწადში 350 000-მდე ავტომანქანის საწარმოებლად.

დენ აკერსონი მაშინ ხოტბას ასხამდა რუსეთს, როგორც ავტომობილების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზარს მსოფლიოში. ბევრი მოელოდა, რომ რუსეთი მალე გაასწრებდა გერმანიას - ევროპის ლიდერს ახალი ავტომანქანების გაყიდვის მხრივ.

დღეს, 2015 წლის მარტში, დიდ პერსპექტივებზე აღარავინ ლაპარაკობს. ავტომობილების წარმოება რუსეთში დაღმასვლას განიცდისნავთობის გაიაფებისა და უკრაინის კრიზისის გამო, რუსეთის მიმართ სანქციებისა და რუბლის გაუფასურების ფონზე. ახალი მანქანების გაყიდვის მაჩვენებელი ეცემა - წელს თებერვალში 40%-ით ნაკლები იყო, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

18 მარტს „ჯენერალ მოტორსმა“ გამოაცხადა, რომ წელსვე დახურავს სანქტ-პეტერბურგში თავის საწარმოს და მკვეთრად შეზღუდავს მუშაობას მთელ რუსეთში. ცვლილებების შედეგად, ბაზარს დატოვებს „ოპელისა“ და „შევროლეს“ მარკის თითქმის ყველა მოდელი. დარჩება მხოლოდ პრემიუმ კლასის ბრენდები, როგორიცაა „კადილაკი“ ან „კორვეტი“.

გამოცემა „აუტომოტივ ნიუს იუროპის“ მთავარ რედაქტორს დაგლას ბოლდაკს არ უკვირს, რომ „ჯენერალ მოტორსი“ ხელს იღებს რუსეთში ავტომანქანების წარმოებაზე:

„ამჟამად მართლა არა აქვს აზრი ინვესტირებას ბაზარზე, სადაც მოსალოდნელია გაყიდვების კიდევ 35% პროცენტით დაცემა, შარშან გაყიდვების 10%-ით შემცირების შემდეგ“.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც რუსეთში ბოლოხანს აღმოჩნდნენ ავტომშენებლები, არის რუბლის კურსის დაცემა. დოლარი 60-მდე რუბლი ჯდება, მაშინ როცა წელიწადიც არ არის გასული მას შემდეგ, რაც 30 რუბლი ღირდა. ნავთობის გაიაფების გამო რუსეთი ვერ გააძლიერებს ეროვნულ ვალუტას, რადგან სხვაგვარად გაუჭირდება ხელფასებისა და სოციალური ხარჯების დაფინანსება. მექანიზმი ასეთია: რუსეთი ნავთობის საფასურს დოლარში იღებს, მას ყიდის და დასუსტებული რუბლით ფარავს ადგილობრივ ხარჯებს. მაგრამ ეს დასუსტებული რუბლი ამცირებს რუსეთის ტერიტორიაზე ავტომშენებლების მოგებას, რადგან მათთვის ძვირია მანქანის დასამზადებელი ნაწილების უცხოეთიდან იმპორტი.

„რუსეთში ამჟამად დიდი პრობლემაა ის, რომ ადგილობრივ ბაზარზეც რომ აშენებდე, დოლართან მიმართებით რუბლის დაცემის გამო, დიდი დანაკარგი გაქვს გაყიდვისას“, - ამბობს დაგლას ბოლდაკი. მისი თქმით, ავტომანქანებისათვის რუსეთში დამზადებული ნაწილები ჯერ ვერ აკმაყოფილებს უცხოელი მწარმოებლების მოთხოვნებს: „ავტომშენებლები, რომლებიც ამ ბაზარზე მიდიოდნენ, თავიანთ გლობალურ მომმარაგებლებს - „ბოშს“, „კონტინენტალს“, „დელფის“ - სთხოვდნენ, თუ შეიძლება ამ ბაზარზე შემოდით და აქაც აწარმოეთო. მაგრამ მათ სულაც არ ეტყობათ ამის გაკეთების სურვილი“.

ვინ იქნება შემდეგი? ვინ მიბაძავს „ჯენერალ მოტორსის“ მაგალითს რუსეთში მოქმედი უცხოური კომპანიებიდან?

მართალია, მოსალოდნელი არ არის, რომ „ჯენერალ მოტორსის“ ტრადიციულმა კონკურენტმა „ფორდმა“ ან „რენო-ნისანის“ ალიანსმა ახლო მომავალში ისევ ნახონ მოგება, მაგრამ ისინი, სავარაუდოდ, მაინც არ დახურავენ საწარმოებს რუსეთში.

„რენო-ნისანს“ აქვს „ავტოვაზთან“ ურთიერთობა, ის სრულად არის ინტეგრირებული ამ ბაზარზე. არსად წავა იმ უბრალო მიზეზით, რომ მილიარდობით დოლარი აქვს ინვესტირებული“, - განმარტავს ექსპერტი დაგლას ბოლდაკი. მის მიერ მოყვანილი არგუმენტი ვრცელდება კომპანია „ფორდზეც“, რომელსაც შექმნილი აქვს ერთობლივი საწარმო რუსულ კომპანია „სოლერსთან“.

„ფორდს“ საქმე, შესაძლოა, „ჯენერალ მოტორსზე“ უარესადაც კი ჰქონდეს. მის მოდელებზე - „ფოკუსსა“ და „მონდეოზე“ - მოთხოვნა, შარშანდელთან შედარებით, თითქმის 80%-ით შემცირდა. არადა, ბოლო წლებში „ფორდი“ აგრესიულ ექსპანსიას ახორციელებდა სანქტ-პეტერბურგსა და თათრეთში მდებარე საწარმოებში. ბოლდაკის აზრით, „ფორდი“ არსად წავა იმიტომ, რომ, ზუსტად როგორც „რენო-ნისანს“, „ფორდსაც“ ტონობით ფული აქვს ინვესტირებული ამ ბაზარზე“.

20 მარტს, ანუ ორ დღეში მას შემდეგ, რაც „ჯენერალ მოტორსმა“ გაავრცელა ინფორმაცია სანქტ-პეტერბურგში თავისი საწარმოს დახურვის გეგმაზე, რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ავტომობილის მწარმოებლებს შესთავაზებს სუბსიდიებს 10 მილიარდი რუბლის (168 მილიონი დოლარის) ოდენობით და აამოქმედებს პროგრამებს ახალი ავტომანქანების შეძენის წასახალისებლად. როგორც ჩანს, რუსეთის მთავრობაში უკვე აცნობიერებენ ავტომობილის მწარმოებელთა პრობლემებს. თუმცა დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის: ექსპერტების ვარაუდით, რუსეთში ავტომობილის მწარმოებლები მოგებას, საუკეთესო შემთხვევაში, 2016 წლიდან ნახავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG