Accessibility links

logo-print

რუსეთში ისევ "ერთიანი რუსეთი" იმარჯვებს


რუსეთი, 2012 წლის 14 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები: საარჩევნო უბანი მოსკოვის ოლქის ქალაქ ხიმკიში

რუსეთი, 2012 წლის 14 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები: საარჩევნო უბანი მოსკოვის ოლქის ქალაქ ხიმკიში

რუსეთში კვირას ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგებით, უმეტეს შემთხვევაში, დიდი უპირატესობით ლიდერობენ მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენლები. ისევე როგორც დეკემბრის საპარლამენტო და მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევებში, ოპოზიციონერი აქტივისტები ხელისუფლებას ადანაშაულებენ ორგანიზებული კამპანიის წარმოებაში, კრემლისთვის სასურველი კანდიდატების სასარგებლოდ. აქტივისტები იუწყებიან მასშტაბური დარღვევების, მათ შორის ე.წ. საარჩევნო კარუსელებისა და საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი უარყოფს არჩევნების გაყალბების ბრალდებას. არადა, დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაცია „გოლოსის“ განცხადებით, მას მიღებული აქვს ინფორმაცია 1000-ზე დარღვევის შესახებ. ოპოზიცია მიუთითებს არჩევნებში ელექტორატის პასიურობის ფაქტორზეც: ზოგ შემთხვევაში, ადგილობრივ არჩევნებზე ელექტორატის 15%-იც არ მისულა...

„ის, რომ ამომრჩევლების აქტიურობა უკვე 13, 15, 17, ან 20%-მდე ჩამოვიდა, ნიშნავს იმას, რომ 100 ადამიანიდან 80 ხმას აძლევს ასეთი წესრიგის, ასეთი კურსისა და პოლიტიკის წინააღმდეგ და არ სურს ბინძურ კამპანიებში მონაწილეობა“, - განაცხადა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა.

ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა რუსეთის სულ 83 რეგიონიდან 77-ში და არის პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც მაისში პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით დაბრუნდა ვლადიმირ პუტინი.

ხუთ რეგიონში - ამურის, ბრიანსკის, ნოვგოროდის, ბელგოროდის, რიაზანის ოლქებში - ჩატარდა გუბერნატორის არჩევნები. ეს მოხდა პირველად მას შემდეგ, რაც გუბერნატორის პირდაპირი არჩევნები 2004 წელს გააუქმა მაშინდელმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, პუტინმა, მისივე განმარტებით, სეპარატიზმისაგან და დანაშაულისაგან რუსეთის დასაცავად.

პირდაპირი არჩევნების აღდგენას ოპოზიციის აქტივისტები მოითხოვდნენ შარშანდელი დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებზე, რუსეთში საარჩევნო სისტემის კრიტიკისას. თუმცა კრიტიკა ისმის გუბერნატორის არჩევნების აღდგენის შემდეგაც: ოპოზიცია ირწმუნება, რომ ხელისუფლება დაბრკოლებებს უქმნის მისთვის არასასურველ კანდიდატებს.

როგორც ჩანს, ეს ეხება არა მარტო გუბერნატორობის კანდიდატებს. გარემოს დამცველი აქტივისტი, ოპოზიციის წარმომადგენელი, ევგენია ჩირიკოვა, რომელიც კენჭს იყრიდა მოსკოვის ოლქის ქალაქ ხიმკის მერის პოსტზე, დარღვევის სერიოზულ შემთხვევაზე საუბრობს: „ხიმკის მცხოვრებლებმა ჩვენ, შტაბში მოგვმართეს და შეგვატყობინეს, რომ წუხელ მუშობა გრძელდებოდა პასპორტის სარეგისტრაციო მაგიდებთან და, უცებ, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ირკვევა, რომ დამატებით 200 მოქალაქეა ჩაწერილი ხიმკიში! წუხელ, უცებ - მარტო ერთ უბანში! ახლა ჩვენ დავაზუსტებთ ამ ინფორმაციას: როგორ მოხდა, რომ პასპორტის სარეგისტრაციო მაგიდებთან ღამითაც მუშაობდნენ არჩევნების წინ. ეს არჩევნები არც სამართლიანია და არც სუფთა.“

ოპოზიციონერი აქტივისტის, ევგენია ჩირიკოვას ამ შეფასებას უარყოფს მისი კონკურენტი ხიმკის მერის პოსტისთვის ბრძოლაში, ოლეგ შახოვი, რომელიც მმართველი პარტიის კანდიდატია. „უბნებში, სადაც მე ვიყავი, მიმაჩნია, რომ ყველაფერი მიდის ძალიან მშვიდად და არა მარტო მშვიდად - კანონის შესაბამისად. მე ვესაუბრე უბნებში ყველა კანდიდატის სხვადასხვა დამკვირვებელს - იქ არანაირი დარღვევა არ გამოუვლენიათ“, ამბობს შახოვი. ოფიციალური მონაცემებით, მას ერგო ხმების 47,5%, რაც ნიშნავს, რომ დამარცხდა ჩირიკოვა, რომელსაც ხიმკის მერის არჩევნებში მიემხრო ამომრჩევლების სულ 20%-მდე.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეფასებით, ადგილობრივი არჩევნების შედეგები ადასტურებს ამომრჩევლების მხარდაჭერას „ხელისუფლების ამჟამინდელი სტრუქტურებისა და რუსეთის სახელმწიფოებრიობის განვითარების“ მიმართ.

რუსეთის ადგილობრივ მმართველობაში აქამდეც "ერთიანი რუსეთი" დომინირებდა.
XS
SM
MD
LG