Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფა დისკვალიფიკაციით ემუქრება რუსეთსა და ინგლისს


ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირი - უეფა - საფრანგეთში მიმდინარე კონტინენტის ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაციით დაემუქრა რუსეთსა და ინგლისს, თუ ამ ქვეყნების ფეხბურთის ქომაგების მხრიდან ტურნირის მსვლელობისას ძალადობრივი ქცევა განმეორდა.

უეფას წარმომადგენლის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ გახსნილია დისციპლინარული საქმის წარმოება ქალაქ მარსელში ინგლისელ და რუს გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

11 ივნისს, მარსელის „სტად ველოდრომზე“, ინგლისისა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი დასრულდა ფრედ - 1:1. რუსი ფანები ინგლისელებს სტადიონზევე დაუპირისპირდნენ, გაარღვიეს რა უსაფრთხოების ბარიერები, რომლებიც ერთმანეთისგან ჰყოფდა ორი გუნდის ქომაგებს.

უეფას დისციპლინარული კომიტეტი რუსეთის საქმეს სამშაბათს, 14 ივნისს განიხილავს. მეორე დღეს, 15 ივნისს, რუსეთის ნაკრებს მორიგი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი სლოვაკეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. რაც შეეხება კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარეს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას, მის წინააღმდეგ საქმე არ აღუძრავთ, რადგან არეულობის მოთავეებად რუსი ქომაგები მიიჩნევიან.

რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო
რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო

რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო გაგებით მოეკიდა უეფას გადაწყვეტილებას რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის შესახებ. მინისტრმა დაგმო რუსი ქომაგების ქცევა, თუმცა მატჩის ორგანიზატორებიც გააკრიტიკა იმისთვის, რომ მათ ვერ შეძლეს დაპირისპირებული ბანაკების ქომაგმა დაშორიშორება.

რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ წუხილი გამოთქვა არეულობის გამო და მოუწოდა ქომაგებს, „პატივი სცენ მეტოქესა და მის გულშემატკივრებს.“

სპორტული ღონისძიებების ბრიტანელი მენეჯერი და ფეხბურთის გულშემატკივარი ნედ ოზკასიმი ჰყვება,როგორ ცდილობდნენ ის და მისი თანამემამულეები მოწინააღმდეგე გუნდის ქომაგთა შეტევის მოგერიებას:

"დიდი პანიკა იყო - ხალხი გაქცევასა და მოედნიდან გასვლას ცდილობდა. კედელზე ძვრებოდნენ და გვირაბში გარბოდნენ, რომელსაც მოედნიდან გაყავდი. ყველა ხედავდა, რა საფრთხეც ელოდათ".

ნედ ოზკასიმი ამბობს, რომ სტადიონზე ქაოსი სუფევდა. სამართალდამცველები კარგა ხნის დაგვიანებით მივიდნენ მათ დასახმარებლად და იმ რუსი ფანების შესაჩერებლად, რომლებიც ინგლისელი ქომაგების სექციისკენ მიიწევდნენ.

ევროპის ფეხბურთის მესვეურთა თქმით, მეტოქე გუნდების ქომაგთა დაშორიშორება მნიშვნელოვანი საკითხია და მომავალში მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს საფრანგეთის სტადიონებზე უსაფრთხოების სამსახურების მუშაკთა განლაგებას.

ოფიციალური პირების ცნობით, მარსელთან პოლიცია ამოწმებს რუსეთის საფეხბურთო ნაკრების 30-მდე მხარდამჭერის პასპორტებს, რათა დაადგინოს, არსებობს თუ არა ძალადობრივ ქმედებებში მათი მონაწილეობის საფრთხე. ამავე წყაროს ცნობით, უკვე გადაწყდა რუსი გულშემატკივრების ნაწილის გაგზავნა საზღვართან მდებარე დასაკავებელ ცენტრებში. რუსეთის საფეხბურთო ნაკრები შემდეგ მატჩს 15 ივნისს ქალაქ ლილში გამართავს - შეხვდება სლოვაკეთის გუნდს.

უეფამ რუსეთისა და ინგლისის ფედერაციები გააფრთხილა, რომ მათ გუნდებს ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნის, თუ გაგრძელდება გულშემატკივრების ძალადობა.

მასალა მოამზადა თეონა გოდერძიშვილმა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG