Accessibility links

ევროსაბჭოს მეთვალყურეები რუსეთს შეუსრულებელ ვალდებულებებს შეახსენებენ


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ანდრეას გროსი და გეორგი ფრუნდა 16 ივლისს მოსკოვში ხვდებიან რუსეთის იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლებს. განხილვის თემაა რუსეთის მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. საუბარი შეეხება დოკუმენტს, რომელსაც საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიაზე წარადგენენ სტრასბურგში. ვიზიტის წინ რუსეთის საკითხზე თანამომხსენებელმა ანდრეას გროსმა ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.

შვეიცარიელი პარლამენტარი ანდრეას გროსი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ ინიციატივით მიიღო სახელმწიფო სათათბირომ პუტინის ახალი ვადით გაპრეზიდენტების პირველ კვირებში, ყველაფერზე აწესებს შეზღუდვებს - დაწყებული ინტერნეტით სარგებლობითა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით დამთავრებული.

ეს არის კანონი, რომელიც ხელისუფლებას მისი კრიტიკოსების დასჯისაკენ აქეზებს და არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას სჭირდება კრიტიკა თვალსაწიერის გასაფართოებლად ...

ანდრეას გროსმა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელია, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ცილისწამების შესახებ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება აუცილებლად აისახება საპარლამენტო ასამბლეის ოქტომბრის სესიის კომუნიკეში, როგორც ნაბიჯი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და რომლითაც ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ უძლურებას აჩვენებს:

„ეს არის კანონი, რომელიც ხელისუფლებას მისი კრიტიკოსების დასჯისაკენ აქეზებს და არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველას სჭირდება კრიტიკა თვალსაწიერის გასაფართოებლად. და რაც უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობთ, კრიტიკაც უფრო მეტად გჭირდებათ. ეს არის სწორედ ის საკითხი, რომლის განხილვასაც ვაპირებ ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, რათა გავიგო სინამდვილეში, თუ რატომ აჩვენებენ ისინი ასეთ უძლურებას. რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ ძლიერია და მათ არ უნდა ეშინოდეთ.“

ანდრეას გროსი და მისი კოლეგა გეორგი ფრუნდა 16 ივლისს მოსკოვში რუსეთის იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს რუსეთის მიერ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე. საუბარი შეეხება 80 გვერდიან დოკუმენტს, რომელსაც საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიაზე წარადგენენ სტრასბურგში. რუსეთს, რომელიც 1996 წლიდან არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ვალდებულება აქვს ნაკისრი, რომ შეუერთდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და პატივი სცეს სხვა დემოკრატიულ პრინციპებს.

გროსი, რომელიც ადრე ჩეჩნეთის საკითხზე იყო თანამომხსენებელი, აცხადებს, რომ რუსეთი პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ შორდება დემოკრატიას. აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინმა უარი განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

რუსეთში ყოფნის დროს გროსი აპირებს რუს დეპუტატებს დაუსვას შეკითხვები ცოტა ხნის წინ რუსეთის სათათბიროს მიერ მიღებული სადავო კანონების შესახებ. საუბარია მიტინგში მონაწილეობის გამო დაჯარიმებაზე, ზოგიერთი არაკომერციული ორგანიზაციებისათვის „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მინიჭებასა და სხვ. ანდრეას გროსის თქმით, ეს არის ძალიან მკაცრი შესწორება იმათ მიმართ, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს და რომლებსაც, ევროპარლამენტარის თქმით, „მხარდაჭერა და შთაგონება“ სჭირდებათ და არა კუთხეში მიმწყვდევა და რეპრესირება.
XS
SM
MD
LG