Accessibility links

logo-print

მოსკოვს სურს ნატომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სატელიტი ქვეყნები დატოვოს. ამ ნაბიჯის გადადგმას კი ალიანსი არასოდეს დათანხმდება

უსაფრთხოების საკითხების ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია ახალ ანგარიშში რუსეთს „ომის ზღვარზე თამაშში“ ადანაშაულებს. მოსკოვის მიერ დასავლეთ ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცის სერიულ დარღვევებს ის „ძალზე შემაშფოთებელ“ ნაბიჯად აფასებს. რამდენად სახიფათოა რუსეთის აგრესია?

ბრიტანული ორგანიზაცია European Leadership Network უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. მათ მიერ გამოცემული უახლესი ანგარიშის მიხედვით, რუსეთი დასავლეთ ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცეს სისტემატურად არღვევს. ეს კი ორგანიზაციის აზრით, ძალზე შემაშფოთებელ და სახიფათო, „ომის ზღვარზე თამაშს“ წარმოადგენს. რუსული სამხედრო თვითმფრინავები ბოლო 8 თვის მანძილზე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ კონტროლირებულ საჰაერო სივრცეს თითქმის 40-ჯერ უახლოვდებოდნენ ან არღვევდნენ მას. ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი რეისი დანიის თავზე სამგზავრო თვითმფრინავს სულ ოდნავ ასცდა.

ამას ემატება შემთხვევა, როცა ინფორმაცია რუსული წყალქვეშა გემის შვედეთის წყლებში გამოჩენის შესახებ გავრცელდა, რასაც ინტენსიური სამძებრო ოპერაციების ჩატარება მოჰყვა. ასევე იყო ესტონეთის დაზვერვის ოფიცრის გატაცების ფაქტი, თუ შეერთებულ შტატებზე განხორციელებული სიმულაციური სარაკეტო იერიში.

„სასწორზე უკიდურესად სერიოზული საკითხია“ - აცხადებს ჯონათან აილი, საერთაშორისო განყოფილების დირექტორი ორგანიაზაციაში Royal United Services Institute. „საქმე გვაქვს უსაფრთხოების გარანტიების დაზიანების მცდელობასთან და გარანტიების სანდოობის გამოცდასთან, რითაც დასავლეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს უზრუნველყოფს“ - აღნიშნავს ის.

ერთ-ერთი ამ ტიპის ხელშეკრულების შედეგად, რომელიც უსაფრთხოების გარანტიების განმტკიცების მიზნით პოლონეთთან დაიდო, რუსეთის მახლობლად, პოლონეთის ტერიტორიაზე მცირე ზომის სამხედრო ბაზა გაიხსნა. ამგვარი ბაზები აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე დღეს ფართოვდება და ნატოს წევრი ქვეყნები იქ მეტ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მონაწილეობით ტრეინინგები რუსეთის მოსაზღვრე უკრაინაშიც გაიმართა.

„მოსკოვს შემდეგი გზავნილი უნდა გავუგზავნოთ: ჩვენ ომი არ გვინდა და დაძაბულობის ზრდის სურვილი არ გვაქვს, მაგრამ არც ამგვარი ქმედების გვეშინია“ - ამბობს ჯონათან აილი. მასთან ერთად ექსპერტების დიდი ნაწილი თვლის, რომ მოსკოვის მხრიდან აგრესიული სამხედრო პოზირების ინტენსიური ხასიათი ნაწილობრივ ქვეყნის შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი.

ეს ფაქტი დუგლას ბარის თქმით სერიოზულ სამხედრო საფრთხეზე არ მიუთითებს. ის სტრატეგიულ სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარია. „ნატოს საქმე ზომით საბჭოთა კავშირის ეპოქის დროინდელ შეიარაღებულ ძალებთან არ აქვს. რუსული ავიაცია ბევრად პატარა და გაცილებით ნაკლები შესაძლებლობების მქონეა, ვიდრე 1980 წელს“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ინვესტირების ახალმა ტალღამ რუსების მსგავსი გაფრენები შესაძლებელი გახადა. მომავალ წლებში კი კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი მოდერნიზაცია იგეგმება. „ვფიქრობ, ეს რუსული ელიტის ამბიციურობის დონეზე მიუთითებს“ - ამბობს სტრატეგიულ სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარი.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ამბიცია ამჟამად ძირითადად რუსეთის საზღვრებზე ნატოს ექსპანსიის შეჩერებაში მდგომარეობს. მეტიც, მათ სურთ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ყოფილი საბჭოთა კავშირის სატელიტი ქვეყნები დატოვოს. საუბარია კომუნისტური ბლოკის ყოფილ სახელმწიფოებზე, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს. ამ ნაბიჯის გადადგმას კი ნატო არასოდეს დათანხმდება.

XS
SM
MD
LG