Accessibility links

logo-print

რუსეთი ისევ ადანაშაულებს საქართველოს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთი კვლავ ადანაშაულებს საქართველოს სამხედრო რევანშისტულ განწყობაში, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ამიერკავკასიის მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ შეფასებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს გამოეხმაურა 1 ივლისს, კადეტთა კორპუსში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის თქმით, მასმედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება ძლერი არმია, რომელიც აქტიური ომის გარეშე ვერ შეიქმნება და სწორედ ამიტომ ავღანეთში ბრძოლით ქართველი ჯარისკაცები საქართველოს არმიას აძლიერებენ. ”აღმოჩნდა, რომ ავღანეთში საქართველოს ყოფნა და კონტიგენტის გაზრდა არ უკავშირდება ტერორიზმთან ბრძოლას, რასაც საერთაშორისო კოალიციის მანდატი ითვალისწინებს”, - განაცხადა ლუკაშევიჩმა. მისივე შეფასებით, სააკაშვილის სიტყვებიდან გამომდინარე, ავღანეთში ომის გახანგრძლივება სასიკეთო იქნება საქართველოს არმიის საბრძოლო მომზადებისთვის. ”ამ თემის მორალურ ასპექტს გვერდით გადავდებთ და აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ მსგავსი გამონათქვამები ადასტურებს თბილისის სამხედრო რევანშისტულ განწყობას და შემთხვევითი არ არის, რომ ქართული მხარე ჯიუტად ამბობს უარს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებების ხელმოწერაზე”, - განაცხადა ლუკაშევიჩმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ცინიკურ აღიარებას ყურადღება უნდა მიაქციონ მათ, ვინც ასე აქებს ავღანეთის მისიაში თბილისის წვლილს და საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაზრდას ეხმარება.
XS
SM
MD
LG