Accessibility links

„წარმოიდგინეთ სამყარო ცოდნის თავისუფლების გარეშე“- შავ არშიაში ჩასმული ასეთი სათაური აქვს რუსულ ვებსაიტ „ვიკიპედიას“, რომელმაც დროებით შეწყვიტა მუშაობა. აღნიშნული ვებსაიტის მფლობელები და სხვა ბლოგერები მიიჩნევენ, რომ „ინფორმაციის თავისუფლების“ კანონში შესატან საკანონმდებლო ცვლილების პროექტს შესაძლოა სასამართლოს გარე ცენზურა და რუსულენოვანი "ვიკიპედიის" დახურვა მოჰყვეს.

„ინფორმაციის თავისუფლების“ შესახებ რუსეთის მოქმედ კანონში საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი ქვეყნის მმართველი პარტიაა. „ედინაია როსიას“ ძალისხმევით, კანონპროექტი პირველი მოსმენით 6 ივლისს უკვე განიხილა სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატამ. კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი ფედერალური სარეგისტრაციო ორგანოს შექმნას, ორგანოსი, რომელიც კანონის მოთხოვნათა დამრღვევი ვებსაიტების მიმართ განახორციელებს დამსჯელ ღონისძიებას, მათი დახურვის ჩათვლით. აკრძალვების ნუსხაში კი შედის ბავშვთა პორნოგრაფიის პოპულარიზება, ნარკოტიკების მოხმარების რეკლამირება და თვითმკვლელობისაკენ წაქეზება. ვინაიდან ასეთი ქმედება კანონით ისედაც ისჯება, რუსული ვებსაიტების ზოგიერთი მფლობელი და ონლაინ-აქტივისტი შიშობს, რომ ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება მათთვის არასასურველი საიტების დახურვას შეეცდება.

„იმისათვის, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის გამავრცელებელი ინტერნეტრესურსები დაიბლოკოს, არავითარი დამატებითი კანონი საჭირო არ არის. ასეთი რესურსების დაბლოკვის შესახებ დადგენილება კავშირგაბმულობის სამინისტროს დღესაც შეუძლია გაუგზავნოს კავშირგაბმულობის ოპერატორებს. ასე რომ, ისინი ტყუიან“, განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ცნობილმა ონლაინ-აქტივისტმა და ბლოგერმა ანტონ ნოსიკმა.

ახლა, დეკემბრის, მარტისა და მაისის მოვლენების შემდეგ, როდესაც მოქალაქეთა აქტიურობამ იმატა, ამ ფობიებმა და შიშებმა კვლავ იჩინეს თავი ხელისუფლებაში ...

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სადავოდ ქცეული კანონპროექტის მეორე მოსმენა 10 ივლისს იგეგმება. მანამდე კი, მმართველი „ედინაია როსიას“ ინიციატივით, რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მიიღო არასამთავრობო კომერციული ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს „უცხოეთის აგენტის“ სახელწოდების ტარებას ავალდებულებს. ყოფილი დისიდენტი და სოროსის აღმასრულებელი ფონდის დირექტორი ვიაჩესლავ ბახმინი ასეთ სადავო საკანონმდებლო ცვლილებებს მმართველი პარტიის -„ედინაია როსიას“ - შიშებს უკავშირებს:

„ახლა, დეკემბრის, მარტისა და მაისის მოვლენების შემდეგ, როდესაც მოქალაქეთა აქტიურობამ იმატა, ამ ფობიებმა და შიშებმა კვლავ იჩინეს თავი ხელისუფლებაში, „ედინაია როსიას“ შიგნით. აქედან მოდის უკვე მეორე კანონი, რომელსაც სიჩქარეში ღებულობენ. პირველი იყო მიტინგებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონპროექტი, რომლითაც მიტინგების ჩატარების წესების დარღვევის გამო პასუხისმგებლობა გამკაცრდა. ის მეორე და მესამე მოსმენით ელვის სისწრაფით მიიღეს. აქაც მსგავსი ვითარებაა.“

რუსეთში ინტერნეტს მნიშვნელოვანი როლი აკისრია რუსეთის ოპოზიციის იდეების სოციალური ქსლის - ფეისბუკის, ტვიტერისა და ლაივ ჯოურნალის საშუალებით გასავრცელებლად. ინტერნეტით ხდებოდა ასევე რუსეთის პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკური მოკავშირეების საწინააღმდეგო ქუჩის აქციებისა და დემონსტრაციების კოორდინაცია. რუსეთის მმართველი „ედინაია როსიას“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამკაცრებს კონტროლს არასამთავრობო კომერციული ორგანიზაციისა და ინტერნეტის საქმიანობაზე, დაემთხვა კრემლში ვლადიმირ პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადით დაბრუნებას, რასაც რუსეთში საპროტესტო მოძრაობის გააქტიურება მოჰყვა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG